განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით, ხელოვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მედიის მკვლევარ ანა ბაქანიძესთან ერთად „მზიურის“ პარკში ხელოვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით - “თბილისი - სიყვარულით სავსე ქალაქი და ისტორიული სინამდვილე“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, თბილისი სიყვარულით სავსე ქალაქია და ეს მხოლოდ დედაქალაქის თანამედროვე სლოგანი კი არა, ისტორიული სინამდვილეცაა.

„თბილისის სხვადასხვა უბანში არსებობს გამორჩეული ადგილები, რომლებიც ლამაზ სასიყვარულო ამბებს ინახავენ. ცნობილი ადამიანების არაერთი საინტერესო ისტორია არქივში, მოსახლეობის მეხსიერებასა და პრესაშია დაცული.

ერთი შეხედვით ცნობილ ხელოვანთა სასიყვარულო მიმოწერები, დღეს უკვე ერის ისტორიული მეხსიერება და მუზეუმში დაცული უნიკალური მასალაა, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის უცნობია.

რამდენადაც 15 აპრილი ხელოვნებისა და კულტურის მსოფლიო დღეა და ის UNESCO-ს ეგიდითა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივით 1998 წლიდან აღინიშნება, ჩვენი მიზანი იყო ამ დღის აღნიშვნას შევერთებოდით და საზოგადოებისთვის ეს უნიკალური მასალები ხელმისაწვდომი გაგვეხადა“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოში აღნიშნავენ, რომ ღონისძიება მიზნად თბილისის მუზეუმებსა და არქივში დაცული იმ საინტერესო მასალების წარმოდგენას ისახავდა, რომლებიც ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სასიყვარულო ამბებისა და მიმოწერის ისტორიას მოიცავს. წარმოდგენილ მასალებს შორის იყო გალაკტიონისა და ოლღა ოკუჯავას, ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის სასიყვარულო წერილები.

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებმა და სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა საარქივო მასალები მხატვრული კითხვით გააცოცხლეს. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა „ერისიონი“.

დასასრულს, მონაწილეებმა მზიურის პარკში სიმბოლურად ბროწეულის ხეები დარგეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა