აფგან მუხთარლი - ფარმან ჯეირანლი პოლიტიკური ტყვეა, ის დააკავეს აზერბაიჯანული მხარის დაკვეთით და არ უნდა იმყოფებოდეს ციხეში

ფარმან ჯეირანლი პოლიტიკური ტყვეა, ის დააკავეს აზერბაიჯანული მხარის დაკვეთით და არ უნდა იმყოფებოდეს ციხეში. სამწუხაროდ, ის არავინ აღიარა როგორც პოლიტიკური პატიმარი და მისი საქმით არავინ დაინტერესებულა, - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ გლდანის ციხეში მყოფი კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის, პროფესორ ფარმან ჯეირანლის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფარმან ჯეირანლის დაკავება პოლიტიკურ რეპრესიას უკავშირდება, ვინაიდან აზერბაიჯანული მხარე თვლიდა, რომ ჯეირანლი საქართველოში აზერბაიჯანულ ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებდა. აფგან მუხთარლი უფლებადამცველებთან ერთად ფარმან ჯეირანლის ვადამდელ გათავისუფლებას მოითხოვს.

„ფარმან ჯეირანს დიდი ხანია ვიცნობ, ის მუშაობდა აზერბაიჯანში და ჰქონდა კლინიკა „ლანცეტი“, რომელიც იყო იმ პერიოდში ერთ-ერთი პირველი კერძო კლინიკა აზერბაიჯანში. ამ პერიოდში აზერბაიჯანის ხელისუფლება სთხოვდა მას თანხას, თუმცა ფარმან ჯეირანს 5-6 წლის განმავლობაში ეს თანხა არ გადაუხადა, რის გამოც დიდი პრობლემები ჰქონდა აზერბაიჯანის მხარესთან. საბოლოოდ, მან მიატოვა საკუთარი საქმიანობა აზერბაიჯანში და თბილისში ჩამოვიდა. ფარმანი საქართველოს მოქალაქეა, ის საქართველოში დაიბადა და აქაც ძალიან კარგი კლინიკა აქვს, თუმცა მას დარჩა ურთიერთობა აზერბაიჯანულ ოპოზიციასთან. როდესაც ჩვენ საქართველოში ვცხოვრობდით, აქ იყო 100-მდე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, პარტიული აქტივისტი და ჟურნალისტი და ფარმანს ყოველთვის ვუკავშირდებოდით, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება თვლიდა, რომ ფარმანი ოპოზიციის დამფინანსებელია და აზერბაიჯანში რევოლუციას აფინანსებდა. ამიტომ, აზერბაიჯანული უწყებები ჩვენით დაინტერესდნენ, ფარმან ჯეირანზე წერდნენ, რომ თბილისის ჯგუფს აფინანსებდა და თითქოს აქ არის ანტი-ალიევური ჯგუფი, რომლის თავკაციც ვარ მე. ფარმანს არ აქვს ასეთი ფინანსები, რომ აზერბაიჯანში რევოლუცია მოახდინოს, ალიევი ყველაზე მდიდარი ადამიანია სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის მსოფლიოშიც.

2017 წელს გვყავდა მეგობარი მეჰმან კალანდარლი, რომელსაც მოუწია აზერბაიჯანში დაბრუნება, ის დააკავეს და აზერბაიჯანის ციხეში მოკლეს. მისგან ითხოვდნენ, რომ მოეწერა ხელი დოკუმენტებზე ჩემს და ფარმანის წინააღმდეგ, რაზეც მან უარი უთხრა და 2017 წლის აპრილში მოკლეს. ამის შემდეგ დააკავეს გიურზატ ბაირამლი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, შემდეგ ფარმან ჯეირანლი და ბოლოს მე მომიტაცეს. ეს ყველაფერი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემი გათავისუფლების შემდეგ, გავიგე, რომ ფარმანი იმყოფება საპყრობილეში, რაც არაკანონიერია და უნდა იჯდეს ციხეში. ჩვენ ვთვლით, რომ ფარმან ჯეირანლი პოლიტიკური ტყვეა, ის დააკავეს აზერბაიჯანული მხარის დაკვეთით და არ უნდა იმყოფებოდეს ციხეში. სამწუხაროდ, ის არავინ აღიარა როგორც პოლიტიკური პატიმარი და მისი საქმით არავინ დაინტერესებულა, თუმცა მას შემდეგ, რაც მე გავთავისუფლდი, ახლა მე მის ადვოკატებთან ერთად დავიცავ მის ინტერესებს, მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, მე და ფარმანი წლების განმავლობაში ვმეგობრობდით და მაქვს უფლება მისი ნახის ციხეში“, - აღნიშნა აფგან მუხთარლიმ.

ჟურნალისტის შეფასებით, ყველას შესახებ ვინც 2017 წელს მათი გარემოცვიდან დააკავეს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც იცოდა და ამის განხორციელებაზე თანხმობა მან გასცა. მუხთარლის განცხადებით, ოთხ უწყებას პრემიერ-მინისტრის განკარგულების გარეშე ასეთი დანაშაულის ჩადენა არ შეეძლო.

„ჩემს საქმეში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასაზღვრო სამსახური და ლაგოდეხი-აზერბაიჯანის გამშვები პუნქტის უფროსი. აზერბაიჯანის მხარეს მონაწილე ადამიანებზე და უწყებებზე ჩვენება საქართველოს პროკურატურაში მივეცი, ეს გახლდათ ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სასაზღვრო სამსახური. აზერბაიჯანის მხარეს კონკრეტული ადამიანების სახელებიც ვიცი, სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანაშემწე, ეს გახლდათ ვიცე-პოლკოვნიკი აზარ შირინოვი. ჩემს წინააღმდეგ იყო ბრალდება კონტრაბანდაზე, საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე და ერთ-ერთი სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის თავდასხმაზე, რაც არ გამიკეთებია, ეს ყველამ იცის და ფარსია. ფარმან ჯეირანსაც ასეთ რამეს აბრალებენ. ის ადამიანი ფარმანის დაკავებამდე 2 წლის წინ დაიღუპა, პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. მას ოპერაციასთან კავშირი არ ჰქონია. თუ დანაშაული იყო ჩადენილი, რას აკეთებდა პროკურატურა ამ ხნის განმავლობაში? ყველა, ვინც აქ დაგვაკავეს, მათ შორის ფარმანიც, ამის შესახებ იცოდა გიორგი კვირიკაშვილმაც, მან მისცა თანხმობა. მისი თანხმობის გარეშე, ეს არ შეიძლება მომხდარიყო. ოთხ უწყებას პრემიერ-მინისტრის განკარგულების გარეშე ასეთი დანაშაულის ჩადენა არ შეეძლოთ“, - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

შეგახსენებთ, 2018 წლის 8 თებერვალს კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი ფარმან ჯეირანლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ფარმან ჯეირანლი წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში გაამტყუნა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას, ამ ეპიზოდში ჯეირანლი გამართლდა.

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის პროკურატურა პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებოდა. საქმე 2016 წელს კლინიკაში ჩატარებულ ღვიძლის ტრანპლანტაციის ორ ოპერაციას ეხება, რომლის შედეგადაც ორივე პაციენტი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა