უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს მოვუწოდებთ, ხმამაღლა გამოხატონ უკრაინისადმი მხარდაჭერა არა მარტო უკრაინასთან, არამედ, რუსეთთან კომუნიკაციაში

ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს მოვუწოდებთ, ხმამაღლა გამოხატონ უკრაინისადმი მხარდაჭერა არა მარტო უკრაინასთან, არამედ, რუსეთთან კომუნიკაციაში, , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინას არასდროს უფიქრია და არ სურს არანაირი ომი ან ესკალაცია, თუმცა უკრაინა არანაირ სცენარს არ გამორიცხავს, რადგან რუსული სამხედრო მობილიზება იმაზე მასიურია, ვიდრე 2014 წელს.

„ჩვენ რუსეთი-უკრაინის 7-წლიანი კონფლიქტის გადაჭრისთვის დიპლომატიური და პოლიტიკური გზების ძიების ერთგულები ვართ. ჩვენ, უკრაინამ, ვისწავლეთ ერთი რამ პუტინის ქმედებებზე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 2014 წელს შეიჭრა და არალეგალურად მოახდინა უკრაინული ყირიმის და ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაცია. ეს გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის ლიდერებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თითქოს ირაციონალურ გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობთ. 2014 წლამდე ვერავინ ივარაუდებდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელიც ეცდებოდა, მეზობელი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ანექსირება მოეხდინა, მაგრამ მან ეს გააკეთა. რუსული სამხედრო მობილიზება ამჟამად იმაზე მასიურია, ვიდრე ეს 2014 წელს იყო, რაც ნიშნავს, რომ არანაირი სცენარი არ უნდა გამოვრიცხოთ. არ ვიცით, გადაწყვეტს თუ არა მოსკოვი, დაიწყოს უკრაინის მიმართ აგრესიის ახალი ეტაპი, მაგრამ ცხადია, ისინი მომზადებულები იქნებიან, რომ რამდენიმე კვირაში ასე მოიქცნენ. მინდა, ძალიან ნათლად განვაცხადო, რომ არ ვცდილობთ, ვთქვათ, თითქოს ვიცით თარიღი და დრო, როდის გადმოკვეთს რუსეთი ფრონტის ხაზს ან გამოიწვევს ესკალაციის მომდევნო ეტაპს, მაგრამ ნათლად ვხედავთ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ, სამხედრო მზადებას და ახლა პუტინის დემოტივირება, რომ აგრესიული ნაბიჯები არ გადადგას, უკრაინისა და ყველა დანარჩენის ხელშია, ვინც საერთაშორისო სამართლის მიმართ პატივისცემასა და სუვერენულობას მხარს უჭერს ევროპაში“, - აღნიშნა კულებამ.

მანვე უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებს სთხოვა, ქვეყნისადმი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატონ, განსაკუთრებით, თავად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში.

„რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინასა და მსოფლიოს, ყველაზე უარესი სცენარის პრევენცია მოახდინოს. არსებობს 3 მთავარი ნაბიჯი, რის გაკეთებასაც უკრაინა საკუთარ პარტნიორებს სთხოვს, რომ რუსეთისთვის დაძაბულობის ესკალაცია გადააფიქრებინონ. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, ხმამაღლა გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, არა მხოლოდ უკრაინასთან კომუნიკაციაში, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათ პირდაპირ, ორმხრივ კომუნიკაციაში რუსეთთან. მოსკოვმა ყველა მხრიდან უნდა გაიგოს, რომ უკრაინა მარტო არ იდგება, მოსკოვმა ყველა მხრიდან უნდა გაიგოს, რომ აქ ორ მხარეზე - უკრაინასა და რუსეთზე კი არაა საუბარი, ვინც პასუხისმგებელია ესკალაციაზე, არამედ, მხოლოდ მოსკოვია, რომელიც დიდ სამხედრო მობილიზებას ახდენს, ეს მხოლოდ მოსკოვია, რომელიც სიტუაციის ესკალაციას ახორციელებს - ეს ძალიან ნათელი უნდა იყოს მათთვის. მეორე, ესკალაციისგან რუსეთის შეჩერების საფასური უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე მისი გაჩერების და შედეგების შემსუბუქების ფასი და იმედი მაქვს, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ეს ესმით. ბევრად ეფექტურია, მოსკოვმა გაიგოს, რომ აგრესიის ახალ ტალღას რუსეთისთვის ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. ისტორია ამტკიცებს, რომ მხოლოდ მტკივნეულ ეკონომიკურ სანქციებს შეუძლია, რამე შეცვალოს. არსებითი მნიშვნელობისაა ამ ყველაფრის მინიშნება ახლა, რომ მოსკოვის კალკულაციებზე მოხდეს გავლენა, სანამ ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ - უკეთესია ამის წინასწარ გაკეთება, ვიდრე ძალიან ცოტას გაკეთება მეტისმეტად გვიან. მესამე ნაბიჯი ისაა, რომ ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ, შიგნით განიხილონ, როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას, დაიცვას თავი ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში - ეს მოიცავს უსაფრთხოების გაღრმავებასა და თავდაცვაში კოოპერაციას უკრაინასთან. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა თავდაცვისთვის მზად იქნება, თუ რუსეთი ესკალაციის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა კულებამ ჟურნალისტებთან გამართულ ონლაინ-შეხვედრაზე.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს