9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები პრეზიდენტს მიმართავენ, 9 აპრილის გმირებს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭოს

9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია პრეზიდენტს მიმართავს, 9 აპრილის გმირებს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭოს.

როგორც ხათუნა ხოფერიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი ინიციატივით ისინი პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ და ხელმოწერების შეგროვებაც დაწყებულია.

„ვთხოვთ სრულიად საქართველოს, დავდგეთ ჩვენი ღირებულებების, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერის ღირსების სადარაჯოზე. პირველი ნაბიჯი სახელმწიფოს, ხალხის მხრიდან ჩვენი ეროვნული გმირების აღიარება და ამის დადასტურება იქნება ეროვნული გმირის ორდენით“,-განაცხადა ხოფერიამ.

„საქართველოს პრეზიდენტს!ქალბატონო სალომე, მოგმართავთ წინადადებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ ქართველს გაახარებს და თქვენც და ჩვენც მოგვცემს საშუალებას მადლიერების გამოხატვის! ისტორიული სამართლიანობის აღდგენის!

საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლითაც ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებით პირს ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება. ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების უფლება აქვს პრეზიდენტს საკუთარი გადაწყვეტილებით.

დიახ, თქვენ გაქვთ ექსკლუზიური უფლება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, რადგან 9 აპრილის გმირებს, დღესაც მოიხსენიებს ხალხი, როგორც ეროვნულ გმირებს!

1. ირაკლი ბათიაშვილი - ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი - ერთადერთი, ვინც რუსების მიერ სასიკვდილოდ გამეტებულთაგან ცოცხალი გადარჩა.

2. აზა ადამია, 22 წლის;

3. თამარ ჭოველიძე, 16 წლის;

4. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის;

5. ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის;

6. ნატო გიორგაძე, 23 წლის;

7. თამუნა დოლიძე, 28 წლის;

8. თინა ენუქიძე, 70 წლის;

9. ნინო თოიძე, 22 წლის;

10. ზაირა კიკვიძე, 61 წლის;

11. მანანა ლოლაძე, 34 წლის;

12. თამარ მამულაშვილი, 50 წლის;

13. ვენერა მეტრეველი, 45 წლის;

14. მამუკა ნოზაძე, 21 წლის;

15. ნანა სამარგულიანი, 41 წლის;

16. შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;

17. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;

18. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;

19. ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;

20. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის;

21. მანანა მელქაძე, 26 წლის;

22. გია ქარსელაძე, 25 წლის

ქალბატონო სალომე, თქვენ მოგიწიათ ძალიან მძიმე ტვირთის აღება საკუთარ თავზე, როდესაც შეწყალებით გამოგაშვებინეს და პოლიტპატიმრებად შერაცხეს ქვეყნისა და ხალხის, კანონისა და სამართლის წინაშე დამნაშავე პირები! მე გთავაზობთ, მიიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ეროვნულ მოძრაობას, ქართულ ტრადიციებს, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს და უტეხ ქართულ სულს! დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ეს საქართველოს!“-აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გავრცელებულ წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა