ეკატერინე ციმაკურიძე - თუ ვინ იქნება ახალ რეალობაში ოპოზიციის ლიდერი და ოპოზიციის მამოძრავებელი ძალა, პარლამენტში შეთანხმების შესრულებისთვის მუშაობის პროცესში გამოჩნდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ეკატერინე, 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შექმნილ რეალობაზე სასაუბროდ შეგეხმიანეთ, მაგრამ რადაგან პარლამენტის თავმჯდომარეობიდან არჩილ თალაკვაძე გადადგა, იგი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ „ქართული ოცნება“ კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს, ამ თემას გვერდს ვერ აუვლით,

ინფორმირებული წყაროების მტკიცებით, სულ ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებაზე ხელისუფლებისათვის მიუღებელ პუნქტებზე ხელმოწერა თალაკვაძეს დაბრალდა.

როგორ შეაფასებდით მომხდარს და სავარაუდოდ, როგორ აისახება მმართველ გუნდში მომხდარი ცვლილებები სახელისუფლებო გუნდზე?

- ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გადადგომის მიზეზად დაასახელა, ადვილი მისახვედრია, რომ არ არის მისი გადადგომის რეალური მიზეზი. ერთი რამ კი ფაქტია, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა არ უკავშირდება პარლამენტში მისი, როგორც თავმჯდომარის როლის შესრულებაში არსებულ ხარვეზებს.

არადა, პარლამენტის მუშაობის ადმინისტრირების მხრივ არაერთი პრობლემა და გამოწვევა არსებობს. მხოლოდ პარლამენტის შენობაში, კომიტეტების სხდომებზე დაინტერესებული პირების დაშვების სისტემის არარსებობა ან კანონპროექტების დაგვიანებით გამოქვეყნების პრაქტიკაც საკმარისი მაგალითებია, რაც პარლამენტის მუშაობის ღიაობას და საზოგადოების ჩართულობას ხელს უშლის.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა ჩვენთვის უცნობი შიდა პარტიული მიზეზებით არის გამოწვეული, რაზეც მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ. სწორი და დემოკრატიული მიდგომა კი იქნებოდა მმართველი გუნდი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო საზოგადოებასთან კომუნიკაციისას

აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ცვლილებით პარლამენტის მუშაობის ადმინისტრირებაში სავარაუდოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა ჩვენთვის უცნობი შიდა პარტიული მიზეზებით არის გამოწვეული, რაზეც მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ. სწორი და დემოკრატიული მიდგომა კი იქნებოდა მმართველი გუნდი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო საზოგადოებასთან კომუნიკაციისას.

- გასულ კვირას ევროკავშირისა და ამერიკის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილ შეთანხმების მნიშვნელობაზე საქართველოსთვის ბევრი ითქვა არა მარტო თბილისში, არამედ ბრიუსელსა და ვაშინგტონში.

მაგრამ, მას შემდეგ, რაც ამავე შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე ქართულ პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა არა მარტო ნარჩუნდება, არამედ ჯერაც არ ჩანს იგი შესრულდება თუ არა, თემა კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება.

რადგან ასეა, ჩვენი საუბარი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უნდა ვიმსჯელოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური სტაბილურობისკენ და ის ახალი ტიპის კრიზისის საფუძველი არ უნდა გახდეს. ეს არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას. ცხადია, ასეთი ტიპის პოლიტიკურ დოკუმენტში ყველა დეტალი ვერ იქნებოდა გაწერილი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური სტაბილურობისკენ და ის ახალი ტიპის კრიზისის საფუძველი არ უნდა გახდეს. ეს არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას

სწორედ ამისთვის უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში, რომ ყველა მსჯელობა პარლამენტის ღია ტრიბუნებთან, საზოგადოების ჩართულობით და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე განიმარტოს და შესრულდეს. შეთანხმების შესრულება მხოლოდ გამჭვირვალე და ჩართულობითი პროცესით იქნება შესაძლებელი.

- ფაქტია, რომ შეთანხმებით არც ერთი მხარე არა კმაყოფილი. ხელისუფლება იმიტომ რომ მას სულაც არ უნდოდა შეთანხმების პუნქტებში ყოფილიყო პოლიტიკური მოტივებით დაკავებულთა გათავისუფლება და რამე ფორმით ვადამდელი არჩევნების თემის გააქტიურება.

ფაქტია, რომ შეთანხმებაზე ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების ხელმოწერების გაჩენას ოპოზიციაში დიდი გარჩევები მოჰყვა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ფაქტია ისიც, რომ მომხდარმა ოპოზიციის ერთიანობაში სერიოზული კორექტივები შეიტანა.

ოპოზიციური სპექტრის ძირითადი აქტორები ოპოზიციის მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკაში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობენ, მაგრამ მომხდარმა ისიც გვანახა, რომ სააკაშვილი მთელ ოპოზიციურ სპექტრს ვერ აკონტროლებს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციაში ახლა ბრძოლა იმაზე უფროა, ოპოზიციური ფლანგის ლიდერობას შეინარჩუნებს თუ არა „ნაცმოძრაობა“- სააკაშვილი - მელია? და ვისი დღის წესრიგით იმოქმედებს ოპოზიცია მომავალში, პარლამენტში, ან თუნდაც ადგილობრივ არჩევნებზე?

- შეთანხმებაზე ხელის მოწერა, იმ ოპოზიციური პარტიების შემთხვევაში მაინც, რომლებმაც უკვე მოაწერეს მას ხელი, ნიშნავს იმას, რომ მათ იკისრეს ვალდებულება პარლამენტში გადაინაცვლონ და იქიდან დაიწყონ აქტიური მოქმედებები შეთანხმების შესასრულებლად. ცალკე შეფასების საგანია შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე უარი და ამას არ შევეხები.

ამდენად, ამიერიდან საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ახალ რეალობაში ოპოზიციის ლიდერი და ოპოზიციის მამოძრავებელი ძალა, პარლამენტში შეთანხმების შესრულებისთვის მუშაობის პროცესში გამოჩნდება.

მთავარია პარლამენტში გაჩნდეს თუნდაც არც ისე დიდი, მაგრამ რეალური ოპოზიცია

ამისათვის, როგორც საპარლამენტო ტრიბუნა, ისე შეთანხმების ის პუნქტები, რომლებიც საპარლამენტო ოპოზიციისათვის დამატებითი ინსტრუმენტების მინიჭებას ითვალისწინებს, დიდ ბერკეტებს აძლევს ოპოზიციას. მთავარია პარლამენტში გაჩნდეს თუნდაც არც ისე დიდი, მაგრამ რეალური ოპოზიცია.

- შეთანხმებით პოლიტიკური მოტივით „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების ორი შესაძლო ვარიანტის თემაზე ოპოზიციურ სპექტრში დაწყებული დისკუსია ჯერ არ დასრულებულა და ძნელი სათქმელია საერთოდ როგორ დასრულდება.

ოპოზიციის მხრიდან ვინც შეთანხმებას უკვე მოაწერეს ხელი, ამნისტიის პროექტის ვარიანტი კი შეიმუშავეს, მაგრამ არც ის უნდა იყოს რთული სავარაუდო, რომ მმართველი გუნდი მათ ვარიანტს მხარს არ დაუჭერს და აქაც მხარეებს კომპრომისული ვარიანტის მოძებნა დასჭირდებათ.

იმის ფონზე რაც ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ხდება, თქვენ გაქვთ იმის განცდა, რომ მხარეები ამნისტიის კომპრომისულ ვარიანტზე შეჯერებას შეძლებენ?

-ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევისთვის აუცილებელია კანონპროექტის განხილვა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით მოხდეს.

ჩვენი საპარლამენტო მონიტორინგი აჩვენებს, რომ ხშირად მმართველი გუნდი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რაც როგორც საზოგადობასთან, ისე ოპოზიციასთან შეთანხმებული მოქმედების საშუალებას სპობს.

ვფიქრობ ეს ის შემთხვევაა, როცა შეთანხმების მიღწევა დამოკიდებულია მმართველ ხელისუფლებაზე და იმაზე თუ როგორ წარმართავენ ისინი კანონპროექტის განხილვის პროცედურებს პარლამენტში.

სწორედ განხილვები ამნისტიის პროექტზე გამოაჩენს შეძლებს თუ არა ხელისუფლება გაითვალისწინოს ყველა დაინტერესებული სუბიექტის აზრი, თუ ის ამ განხილვებშიც წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიციით შევა.

განხილვები ამნისტიის პროექტზე გამოაჩენს შეძლებს თუ არა ხელისუფლება გაითვალისწინოს ყველა დაინტერესებული სუბიექტის აზრი, თუ ის ამ განხილვებშიც წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიციით შევა

- მმართველი გუნდი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მელია ციხიდან გირაოს გადახდით გამოვა, „ქართული ოცნება“ მაინც მიიღებს ამნისტიას 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. რას შეიძლება ნიშნავდეს ამნისტიასთან დაკავშირებით ხელისუფლების ეს პოზიცია?

- ქვეყანაში სადაც სისტემური დანაშაულების დაუსჯელობა სერიოზული პრობლემაა, სამართალდამცავების პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საკითხის ასეთი დაჟინებით დაყენება მიანიშნებს, რომ 20-21 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენება არ ყოფილა ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი ინდივიდუალური სამართალდარღვევები, არამედ საქმე გვაქვს სწორედ სისტემურ დანაშაულებთან, რაც სავარაუდოდ ზემდგომი მაღალჩინოსნების მითითებით ხდებოდა.

სხვა მიზეზებთან ერთად, რაც მრავლად დასახელდა ამ დღეებში, სამართალდამცავთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება დაუშვებელია იმის გამოც, რომ გამოძიების სრულყოფილად ჩატარების შემთხვევაში შესაძლოა აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალის გადამეტების ნაწილში სხვა პირთა, მათ შორის მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. თუ ეს ასეა, სავარაუდოა, რომ სწორედ ამის თავიდან აცილებას ცდილობს მმართველი ხელისუფლება.

გამოძიების სრულყოფილად ჩატარების შემთხვევაში შესაძლოა აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალის გადამეტების ნაწილში სხვა პირთა, მათ შორის მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. თუ ეს ასეა, სავარაუდოა, რომ სწორედ ამის თავიდან აცილებას ცდილობს მმართველი ხელისუფლება

- მელიას გათავისუფლების თემაზე „ლელოს“ ინიციატივა უკვე ვიცით. ვგულისხმობ ევროპარლამენტარების თავდებით მელიას გათავისუფლებას. იურისტების განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ჩვენს გენპროკურატურას მოუწევს მელიას საქმეზე კორექტივების შეტანა.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ პროკურატურა ამ საქმეზე კორექტივებს მხოლოდ ხელისუფლებასთან შეთანხმებით თუ მიიღებს.

მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ხელისუფლება რომელ გზას აირჩევს - ამნისტიით მელიას გათავისუფლებას, თუ ევროპარლამენტარების თავდებით მელიას გათავისუფლებას?

- სამართალდამცავთა ამნისტირების დაჟინებული სურვილი მაფიქრებინებს, რომ მმართველი ხელისუფლება სწორედ ამნისტიის გზით ეცდება ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის დასრულებას. თუმცა, არც მეორე გზის გამოყენება წარმოადგენს მმართველი გუნდისთვის სირთულეს.

სამართალდამცავთა ამნისტირების დაჟინებული სურვილი მაფიქრებინებს, რომ მმართველი ხელისუფლება სწორედ ამნისტიის გზით ეცდება ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის დასრულებას

ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ არც სასამართლო და მით უფრო, არც პროკურატურა არ არის სრულად დისტანცირებული პარტიული პოლიტიკისგან და ქართული მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკური ხელისუფლების დავალებების შემსრულებელია ნებისმიერ იმ საქმეზე, რომელზეც არსებობს ხელისუფლების დაინტერესება.

- გასაგებია, რომ შეთანხმებაზე ხელმომწერი ორივე მხარე ახლა იმაზე უფრო ამჯობინებენ საუბარს, რაც მათ მიაჩნიათ აქტუალური, მათთვის პრინციპული და პოლიტიკურად მომგებიანი.

არადა, 5 პუნქტიან შეთანხმებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებია -მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების გატარება, ახალი საარჩევნო კანონისა და კოდექსის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე პროკურატურის დამოუკიდებლობისაკენ გადასადგმელი ნაბიჯები.

ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენატრები არ ტოვებს იმის განცდას, რომ ხელისფლება ამ საკითხებში აპირებს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას.

თუ მომავალი არჩევნები ისევ ჟვანიას ადმინისტრაციამ ჩაატარა, თუ გენპროკურატურა და სასამართლო ისევ ისე იქნა დამოკიდებული ხელისუფლებაზე, როგორც ახლაა, გაუგებარია, რა აზრი ჰქონდა ამ თემებზე თითქმის 5 თვიან დავას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ თემებზე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები რაზე შეიძლება მიანიშნებდნენ?

- რეფორმები, რაც სჭირდება სასამართლო სისტემას, პროკურატურას, საარჩევნო სისტემასა და ადმინისტრაციას, გულისხმობს ძირეული და არსებითი ცვლილებების გატარებას. ფაქტია, ხელისუფლება ცდილობს თავისებურად განმარტოს დასახული რეფორმების შინაარსი და გამოაცალოს მას ის მასშტაბურობა, რაც შეთანხმების ტექსტში იგულისხმება.

რეფორმები, რაც სჭირდება სასამართლო სისტემას, პროკურატურას, საარჩევნო სისტემასა და ადმინისტრაციას, გულისხმობს ძირეული და არსებითი ცვლილებების გატარებას. ფაქტია, ხელისუფლება ცდილობს თავისებურად განმარტოს დასახული რეფორმების შინაარსი და გამოაცალოს მას ის მასშტაბურობა, რაც შეთანხმების ტექსტში იგულისხმება

ეს ნიშნავს და ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია დაინახა, რომ ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ნება არ ყოფილა დიდი რეფორმების გატარება, მით უფრო, როცა საქმე ეხება რეფორმებს მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემაში.

სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განამტკიცა კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში, ირაკლი შოთაძე დააბრუნა პროკურატურაში და სხვა ისეთი ცვლილებები განახორციელა, რაც მას შეუნარჩუნებდა გავლენებს დამოუკიდებელ ორგანოებზე.

რეალურად, თუ კარგად დავაკვირდებით, შეთანხმების ტექსტში მაგალითად, სასამართლო რეფორმის კუთხით გათვალისწინებული დებულებები სწორედ კლანური მმართველობის, კლანის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების დანაწილებისკენაა მიმართული.

ის ფაქტიც, რომ მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა ხელისუფლებისთვის არის ხანგრძლივი და დაძაბული პოლიტიკური შეთანხმების პროცესში მისაღწევი კომპრომისი და არა აუცილებელი დემოკრატიული მოცემულობა, მიუთითებს ნების არარსებობაზე.

სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არის მიზანშეწონილობის საკითხი, ის არის დემოკრატიის აუცილებელი ქვაკუთხედი. ამიტომ, ასეთი საკითხები არ უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლების ნებაზე, არ უნდა იყოს კომპრომისის საგანი. შესაბამისად, შეთანხმების შესრულების ბედი დიდწილად სწორედ ოპოზიციის აქტიურობაზეა დამოკიდებული, რამდენად პრინციპული და სწორი იქნება მათი ნაბიჯები საპარლამენტო ფორმატში.

სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არის მიზანშეწონილობის საკითხი, ის არის დემოკრატიის აუცილებელი ქვაკუთხედი. ამიტომ, ასეთი საკითხები არ უნდა იყოს კომპრომისის საგანი. შეთანხმების შესრულების ბედი დიდწილად სწორედ ოპოზიციის აქტიურობაზეა დამოკიდებული, რამდენად პრინციპული და სწორი იქნება მათი ნაბიჯები საპარლამენტო ფორმატში

- შეთანხემაზე ხელმოწერისას ბევრი ითქვა იმაზე, რომ ამ შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველოს პოლიტიკური სპექტრის საკმაოდ დიდმა ნაწილმა გამოიჩინა პასუხიმგებლობა და ქვეყნის ევროპულ და ატლანტიკურ არჩევანს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.

ახლა ბრიუსელსა და ვაშინგტონში ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩვენს შიდა პოლიტიკაში, თუნდაც იმავე შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.

რადგან ახლა შეთანხმების შესრულება-არშესულება ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს ამ შეთანხმების შეუსრულებლობამ ბრიუსელსა და თბილისს, ვაშინგტონსა და თბილისს შორის დამოკიდებულებაში?

- აქ პერსპექტივა უფრო ცხადია. შეთანხმების არა მხოლოდ შესრულება, არამედ ისიც, თუ რამდენად დემოკრატიულ რეჟიმში მოხდება მისი შესრულება, რა წინარე პოლიტიკური პროცესების მომსწრე გავხდებით ჩვენც და დასავლეთიც შეთანხმების შესრულებამდე, განაპირობებს იმას, წავალთ თუ არა და რამდენად სწრაფად წავალთ ასოცირების შეთანხმებაზე წინ და ევროკავშირთან დაახლოებისკენ.

თუ შეთანხმების შესრულება ეჭვქვეშ დადგა ან თუ მისი შესრულება არ მოხდა დემოკრატიული პროცედურით, ეს გააჭიანურებს და გაართულებს პროგრესს, უკეთეს შემთხვევაში, დავრჩებით იქ სადაც ვართ. ეს კი ქართულ საზოგადოებას არ სურს.

თუ შეთანხმების შესრულება ეჭვქვეშ დადგა ან თუ მისი შესრულება არ მოხდა დემოკრატიული პროცედურით, ეს გააჭიანურებს და გაართულებს პროგრესს, უკეთეს შემთხვევაში, დავრჩებით იქ სადაც ვართ. ეს კი ქართულ საზოგადოებას არ სურს

- ვინც ევროკავშირისა და აშშ-ს სტრუქტურების მუშაობაში ჩახედულია, მათი მტკიცებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმ ტიპის შეთანხმებებს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით და აშშ-ს მონაწილეობით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იქნა მიღებული, არ ივიწყებენ.

მეტიც, კონტროლზე აჰყავთ და ბოლომდე მიადევნებენ თვალს მის შერულებას. ბრიუსელიც და ვაშინგტონიც მოუწოდებს ორივე მხარეს 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით ხელმოწერლი შეთანხმების შეუსრულებლობა ქვეყანას კიდევ უფრო ღმა კრიზისში შეიყვანს.

მეორე ნაწილი კი შენიშნავს - შიდაპოლიტიკური შუღლი, საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწევა, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულობა სულ უფრო გვამსგავსებს აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს.

ამ თემების ირგვლივ პროცესები სწრაფად კი ვითარდება, მაგრამ მაინც ასე დავსვამდი კითხვას - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ვგულისხმობ ყველას, აქვს იმის რესურსი და პოლიტიკური ნება, რომ ქართული ტიტანიკი აისბერგს არ დაეჯახოს?

-ევროკავშირის სხვა, ახლა უკვე წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ისტორია მოწმობს, რომ ევროკავშირს შეუძლია ინტენსიურ მონიტორინგზე აიყვანოს მასთან დაახლოების მსურველ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, საამისოდ სრულიად ახალი ინსტრუმენტების გამოყენებითაც.

ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამონახოს რესურსი შეთანხმების შესასრულებლად. შეთანხმების შესრულების ერთადერთი დემოკრატიული გზა არის მის შესრულებაზე მუშაობა სათანადო საზოგადოებრივი ჩართულობით, ღიად და გამჭვირვალედ

აქ იმას ვგულისხმობ, რომ ევროკავშირს მონიტორინგის პროცესში რაიმე ორგანიზაციულ-სამართლებრივი სირთულეები არ ექნება. მიუხედავად ამისა, ყველა პირობა და ნაკისრი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების და მისი პოლიტიკური სპექტრის შესასრულებელია.

ამიტომ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამონახოს რესურსი შეთანხმების შესასრულებლად. შეთანხმების შესრულების ერთადერთი დემოკრატიული გზა არის მის შესრულებაზე მუშაობა სათანადო საზოგადოებრივი ჩართულობით, ღიად და გამჭვირვალედ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა