გიორგი ვაშაძე - უამრავი გაჭირვებული ადამიანი გვიყურებს და მათ მინდა ვუთხრა - დღეიდან ჩვენ შევძლებთ ოპონენტებს პასუხი მოვთხოვოთ, რატომ არის ასეთი  გაჭირვება ქვეყანაში და ვაიძულებთ, გემსახუროთ თქვენ

საკმაოდ რთული დღეა დღეს იმიტომ, რომ 6-თვიანი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გადავდგით ნაბიჯი ამ კრიზისის მოგვარებისკენ, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის, დღეს უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი პირველი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას ზოგიერთი საკუთარ მარცხად აღიქვამს, მაგრამ, მისი შეფასებით, ეს ის მომენტი და შემთხვევაა, როცა შეთანხმება ქართველი ხალხის გამარჯვებაა.

„ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელიც არის დასათაურებული ასე - „საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს განვითარების გზა“ და ეს შეთანხმება არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმება. შარლ მიშელის შეთანხმებაში აღიარებულია, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები და შევთანხმდით თუ როგორ უნდა გავათავისუფლოთ ორი პოლიტიკური პატიმარი პასუხისმგებლობისგან. შეთანხმებაში აღიარებულია, რომ საქართველოში არის ძალიან ცუდი საარჩევნო სისტემა, რომელიც არ უზრუნველყოფს სანდო არჩევნების ჩატარებას და ჩვენ შევთანხმდით, როგორ უნდა გავასწოროთ კონკრეტულად ეს საარჩევნო სისტემა. შარლ მიშელის დოკუმენტით აღიარებულია, რომ საქართველოში არის მიკერძოებული მართლმსაჯულების სისტემა და არის კონკრეტული მექანიზმები, რაზეც შევთანხმდით, როგორ უნდა გავასწოროთ ეს მართლმსაჯულების სისტემა. შარლ მიშელის დოკუმენტით ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდით, რომ ამიერიდან საქართველოში იქნება მხოლოდ პროპორციული არჩევნები, რაც 20 ივნისის პროტესტის საბოლოო იმპლემენტაციაა ამ პარლამენტის მიერ. შარლ მიშელის დოკუმენტით აღიარებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქვს ლეგიტიმაციის დიდი პრობლემა და 2021 წელს რეფერენდუმის გზით ფაქტობრივად, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გაიმართება, ქართველი ხალხი გადაწყვეტს რამდენად ენდობა იმ შედეგებს, რაც 2020 წელს არის. ამ შეთანხმებას ზოგიერთი საკუთარ მარცხად აღიქვამს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ის მომენტი და შემთხვევაა, როცა ეს შეთანხმება ქართველი ხალხის გამარჯვებაა. ეს შეთანხმება უნდა იყოს ახალი ფურცელი როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე საქართველოს განვითარებაში, როდესაც საქართველოს თითოეულ პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის უნდა მოუსმინოს სხვას, შეთანახმების გზით უნდა ვიაროთ“, - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ შეთანხმება არ არის ცუდი, შეთანხმება ეს არის ევროპული კულტურა, დასავლური კულტურა, ეს არის ის მისწრაფება, საითაც ჩვენ ყველანი მივდივართ, ეს არის ევროკავშირი, ნატო, დასავლეთის ცივილიზაციის სრულუფლებიანი წევრობა.

„რაც ყველაზე მეტად მახარებს, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ შეთანხმების შესრულებაზეა დამოკიდებული დაჩქარდება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და გაღმავდება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ არ გავაჭიანუროთ პროცესი და ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ დიდი კულტურა.

და ბოლოს, დღეს ჩვენ უამრავი გაჭირვებული ადამიანი გვიყურებს და მათ მინდა ვუთხრა, რომ დღეიდან ჩვენ შევძლებთ ჩვენს ოპონენტებს პასუხი მოვთხოვოთ რატომ არის ასეთი გაჭირვება ქვეყანაში და ვაიძულებთ, გემსახუროთ თქვენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო:გიორგი ვაშაძე - უამრავი გაჭირვებული ადამიანი გვიყურებს და მათ მინდა ვუთხრა - დღეიდან ჩვენ შევძლებთ ოპონენტებს პასუხი მოვთხოვოთ, რატომ არის ასეთი გაჭირვება ქვეყანაში და ვაიძულებთ, გემსახუროთ თქვენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა