2015 წლის 31 ივლისის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 128-ე გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 24-ე ზამთრის ოლიმპიადა და პარაოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს პეკინსა და ჭანგძიაქოუში ჩატარდება. მას შემდეგ, პეკინში ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისათვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. პეკინი იქნება ისტორიაში პირველი ქალაქი, რომელიც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.
„სიტყვა უნდა შესრულდეს და ქმედებას შედეგი უნდა მოჰყვეს“. კოვიდ 19-ის ეპიდემიითა და გლობალური ეკონომიკის შემცირებით გამოწვეული დიდძალი სირთულეების მიუხედავად, ჩინეთი, როგორც პასუხისმგებლიანი დიდი სახელმწიფო, ოლიმპიური განაცხადის შესაბამისად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ჩინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეპიდემიის კონტროლს მიაღწია და ეკონომიკა აღადგინა, რამაც ხელსაყრელი პირობები შექმნა პეკინის ზამთრის ოლიმპიადის და პარაოლიმპიადის წარმატებით მასპინძლობისთვის. უამრავი სირთულის მიუხედავად, შეჯიბრებისთვის განკუთვნილი 12 სპორტული დარბაზი და სტადიონი ზამთრის ოლიმპიადის მოთხოვნების შესაბამისად, 2020 წლის ბოლოს, ყველა დროულად ჩაბარდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა: „ეპიდემიით გამოწვეული სიძნელეების მიუხედავად, პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის მზადება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს თითქმის სასწაულია. ...ჩინეთმა კოვიდ 19-ის ეპიდემიის მართვას ბრწყინვალედ გაართვა თავი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ღრმა რწმენით, ჩინეთი მზადაა პეკინის ზამთრის ოლიმპიადის წარმატებით ჩასატარებლად და მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების ამ ისტორიულ სპორტულ ღონისძიებაზე მისაღებად“.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადის და პარაოლიმპიადისთვის მზადების დაწყებისთანავე, ჩინეთმა მსოფლიოს საზეიმოდ აღუთქვა, რომ „მწვანე, თანასარგებლიანი, ღია და პატიოსანი“ კონცეფციის მიხედვით ჩაატარებს ოლიმპიადას. განვითარების ეს ახალი კონცეფცია პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამზადისის მთელ პროცესში დაინერგა. „მწვანე“ ოლიმპიადის ჩასატარებლად აუცილებელია ეკოლოგიის პრიორიტეტად ქცევა, რესურსების დაზოგვა, გარემოს დაცვა, ზამთრის ოლიმპიადისთვის ლამაზი ჩინური ფონის შექმნა. ეროვნული წყლის სპორტის ცენტრმა, რომელიც „წყლის კუბის“ სახელითაც არის ცნობილი, საცურაო აუზი კერლინგის მოედნად - „ყინულის კუბად“ გარდაქმნა, რაც პირველი ამგვარი შემოქმედებითი მიღწევაა მსოფლიოში. „თანასარგებლიანი“ ოლიმპიადის ჩასატარებლად აუცილებელია თანამონაწილეობა, ერთობლივი ძალისხმევა, სარგებლის ერთმანეთისთვის გაზიარება, რათა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დადებითი სოციალური ეფექტი ჰქონდეს. „ღია“ ოლიმპიადის ჩასატარებლად აუცილებელია მსოფლიოზე, მომავალზე და თანამედროვეობაზე ორიენტირება, რათა ზამთრის ოლიმპიადამ სტიმული მისცეს გახსნილობას. „პატიოსანი“ ოლიმპიადის ჩასატარებლად აუცილებელია შრომისმოყვარეობა და მომჭირნეობა, კორუფციის აღმოფხვრა, პროდუქტიულობის გაუმჯობესება, დოპინგის მოხმარების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა, რათა ზამთრის ოლიმპიადა თოვლის ფიფქივით სპეტაკი იყოს. თამაშების მომზადების პროცესში გასათვალისწინებელია შეჯიბრის საჭიროებები და შემდგომი უტილიზაცია, ამიტომ არ არის აუცილებელი ზედმეტი ექსტრავაგანტულობა და თავიდან აშენება. ჩინეთმა გადაწყვიტა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამზადისი ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად გამოიყენოს, რეგიონული და ურბანული განვითარების ახალი მოდელი შექმნას, ადამიანისა და სოციალური პროგრესისათვის ახალი გარემო შექმნას, ოლიმპიური თამაშების ინოვაციისათვის ჩინური ხედვა წარმოაჩინოს, როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ მოწონებით აღნიშნა, ჩინეთმა „ოლიმპიადის ახალი მოდელი“ შექმნა.
ჩინეთი ოლიმპიადას „მარტივი, უსაფრთხო და შესანიშნავი“ პრინციპით ამზადებს, ყველა ღონეს ხმარობს მოსამზადებელი სამუშაოს შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სხვა ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთი მოსამზადებელი სამუშაოების დროულად დასრულებას და ზამთრის ოლიმპიადის სრული წარმატებით ჩატარებას შეძლებს, საერთაშორისო ოლიმპიურ თამაშებში საკუთარ წვლილს შეიტანს და მსოფლიოს ბრწყინვალე, არაჩვეულებრივ, გამორჩეულ და გრანდიოზულ ღონისძიებას აჩუქებს.
საქართველო ზამთრის სპორტის სახეობებში ძლიერია. არაერთმა ქართველმა სპორტსმენმა შესანიშნავ შედეგებს მიაღწია ფართომასშტაბიან საერთაშორისო ზამთრის სპორტულ ღონისძიებებში. საქართველოში არის მსოფლიოში ცნობილი სათხილამურო კურორტები - ბაკურიანი და გუდაური. ზამთრის სპორტის სახეობები - თხილამურებით სრიალი და ციგურაობა, ქართველ ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ დროისთვის ორმა ქართველმა მოციგურავემ პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობის კვალიფიკაცია უკვე მოიპოვა. იმედია, მეტი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, საკუთარ ნიჭს სრულად წარმოაჩენს და შესანიშნავ შედეგებს მიაღწევს. 2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლებს. ჩინეთი მზად არის სპორტის სფეროში, განსაკუთრებით კი ზამთრის სპორტის სახეობებში ითანამშრომლოს საქართველოსთან და გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რათა ერთად გავაუმჯობესოთ შეჯიბრისა და სპორტსმენთა მომზადების დონე და ოლიმპიური თამაშების ისტორიას ახალი თავი ერთად შევმატოთ.