ალეკო ელისაშვილი ამნისტიაზე - დიდ განსხვავებას ოპოზიციის და „ქართული ოცნების" ვერსიებს შორის ვერ ვხედავ - ვერ მივხვდი, რაზე კამათობდნენ

დიდ განსხვავებას ოპოზიციის და „ქართული ოცნების" ვერსიებს შორის ვერ ვხედავ - ვერ მივხვდი, რაზე კამათობდნენ, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან ამნისტიის შესახებ ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, „მოქალაქეებმა" ორივე პროექტს დაუჭირონ მხარი, შესაძლოა, არც ერთს არ დაუჭირონ.

„ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, დიდ განსხვავებას იმაში, რასაც ოპოზიცია ამბობდა და იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, ვერ ვხედავ. მთავარი პრინციპები ჩემთვის რაც არის, არის ის, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ის არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ხალხს ასახიჩრებდნენ, ეს ორი პრინციპი გათვალისწინებულია, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, დანარჩენი, უბრალოდ ვერ მივხვდი, რაზე კამათობდნენ,"- განაცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ამნისტიის პროექტში დაზარალებულის თანხმობის პრინციპის ჩადებას, რასაც ოპოზიცია ემხრობა, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არ არის აუცილებელი.

„არა, არ ვუჭერთ, არ არის ეს აუცილებელი, მთავარია, რომ მაკო გომური ვინც დაასახიჩრა, ამნისტირებული არ იქნება, დანარჩენი ადამიანები, ვინც მძიმე დაზიანებებს აყენებდნენ დემონსტრანტებს, ამნისტირებულნი არ იქნებიან. მანდ არგუმენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო, რომ ნიკა მელიასაც მაშინ პოლიციელმა უნდა უთხრას, რომ არ აქვს პრეტენზია და რაღაც აბსურდის თეატრს ემსგავსება. არ ვიცით, რომელ კანონპროექტს დავუჭერთ მხარს, შეიძლება ორივეს, შეიძლება არც ერთს“, - აცხადებს ელისაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ „ქართული ოცნების" პროექტით, იკეტება შესაძლებლობა, რომ თუკი მომავალში გამოვლინდება მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაული, ეს იქნას გამოძიებული და დამნაშავე პირები დაისაჯონ, ელისაშვილი აცხადებს, რომ მომხდარიდან სამი წელი გავიდა და მისთვის გაუგებარია, რა გამოვლინდება მომავალში.

„ვერ მივხვდი მაგას, გულდასმით ვუსმენდი. ცოტა აბსურდულად ჟღერს, სამი წელი გავიდა და მომავალში რა გამოვლინდება, ეგ ვერ გავიგე ზუსტად, ზუსტად ჰიპოთეტურ რაღაცებს ვერ გავყევით. ამიტომ შეიძლება ორივეს დავუჭიროთ მხარი, შეიძლება არც ერთს, რადგან დიდ განსხვავებას ამ ორ პროექტს შორის ვერ ვხედავთ,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა