სახელმწიფო ინსტიტუტებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საჯარო კონსულტაციების სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

ევროკავშირის პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა ვირტუალური კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა მმართველობის სხვადასხვა დონეზე სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მრავალმხრივი დიალოგის ხელშეწყობას ქვეყანაში საჯარო კონსულტაციების არსებული სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს - მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროების, პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ევროკავშირის დელეგაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულმა 40-მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ.

კონფერენციის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა, ასევე პროექტის ხელმძღვანელმა ისაუბრეს საჯარო მმართველობის რეფორმისთვის საჯარო კონსულტაციების ჩარჩოს მნიშვნელობაზე. პროექტის ექსპერტმა 2021 წლის იანვარში შემუშავებული ანალიტიკური ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს. კონფერენცია ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრთან არსებული გამოწვევებისა და ამ გამოწვევების ეფექტური გადაწყვეტის შესახებ დისკუსიით დასრულდა.

„ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, ჩართულობისა და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით, ქვეყანამ სავალდებულო გახადა საჯარო კონსულტაციების გამართვა იმ პოლიტიკის დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც მტკიცდება მთავრობის მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი მონაწილეობითი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის ჩამოყალიბების გრძელვადიან პროცესში“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბობღიაშვილმა.

„საქართველოში პრაქტიკამ აჩვენა, რომ კანონში გაწერილი საჯარო კონსულტაციების მექანიზმების უმრავლესობა მოუქნელია და ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მაღალ ხარისხს. მონაწილეობისა და კონსულტაციების ინოვაციურმა ელექტრონულმა მექანიზმებმა კი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობით დაინერგა, მეტად უზრუნველყო საზოგადოების მონაწილეობა. აუცილებელია საჯარო კონსულტაციების მსგავსი ინოვაციური მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია და ეფექტურად დანერგვა მმართველობის ყველა დონეზე“ - აღნიშნა „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ წარმომადგენელმა ოთარ რევიშვილმა.

კონფერენცია სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის საჯარო მმართველობის რეფორმის გარშემო მრავალმხრივი დიალოგის გაგრძელებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო კონსულტაციების სტანდარტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა