სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელ შენობაზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება შეისწავლა. შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე განხორციელდა.

„შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკურ პირს მისი საცხოვრებელი შენობის გარე ფასადზე, საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დამონტაჟებული ჰქონდა ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომელთა ხედვის არეალში სხვა მესაკუთრეთა საცხოვრებელი სახლების შესასვლელები და საერთო სარგებლობის შიდა ეზოც ექცეოდა. საყურადღებოა, რომ ფიზიკური პირი ვიდეოთვალთვალს სხვა მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე ახორციელებდა.

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საცხოვრებელი შენობის ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას, როცა კამერ(ებ)ის ხედვის არეალი სხვა პირთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების სივრცესაც ფარავს, საჭიროა მათი (მესაკუთრეთა) წერილობითი თანხმობის მოპოვება.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ფიზიკური პირი სხვა პირთა საცხოვრებელი სახლების შესასვლელებისა და საერთო სარგებლობის შიდა ეზოს ვიდეომონიტორინგს მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობების გარეშე ახორციელებდა, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით დადგენილი წესით დაეკისრა. ამავდროულად, მას დაევალა ზემოაღნიშნული სივრცეების ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა ან ვიდეოთვალთვალის განსახორციელებლად სხვა მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობის მოპოვება”, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება განმარტავს, რომ პირის უფლება, გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი სივრცით ისე, რომ არ მოხდეს საკუთარ საცხოვრებელ შენობაში ან/და ეზოში მისი გადაადგილების/ქცევის მონიტორინგი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ფიზიკურმა პირმა მისი საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვა უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ სხვა საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებმა შეძლონ საკუთარი საცხოვრებელი სივრცით თავისუფლად სარგებლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა