მეუფე შიო - ზოგიერთი თავს ქრისტიანადაც მიიჩნევს და ეკლესიის წევრადაც, მაგრამ ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს

ზოგიერთი თავს ქრისტიანადაც მიიჩნევს და ეკლესიის წევრადაც, მაგრამ ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო აღნიშნავს, იესო ქრისტემ, დიდებული ამაღლებული სწავლება მოგცა კაცობრიობას.

„დღეს კიდევ ერთხელ ჩვენს ცხოვრებაში ვდგავართ უფალ იესო ქრისტეს ცხოველსმყოფელი საფლავის წინაშე და ვფიქრობთ მისი ვნებების, მისი ჯვარცმის, მისი ბრწყინვალე აღდგომის საიდუმლოების შესახებ, თუ რაოდენ მიუწვდომელია ის ადამიანის გონებისთვის; მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ ბევრი მოგვეცა იმისთვის, რომ ჩავწვდეთ და შევიმეცნოთ ეს საიდუმლოება.

უფალმა იესო ქრისტემ, როგორც ღმერთკაცმა, მოგვცა ჩვენ დიდებული და ამაღლებული სწავლება, მაგრამ ის არ მოსულა მარტო იმისთვის, რომ სწავლება დაეტოვებინა ჩვენთვის. თუმცა ეს სწავლებაც, რა თქმა უნდა, ღვთაებრივია; ჩვენ ვხედავთ, რომ შეუძლებელია, ეს სწავლება ადამიანის მიერ ყოფილიყო მოფიქრებული და მოაზრებული, მაგრამ, სწავლებასთან ერთად, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიტოვა ძალა და მადლი, რომ ეს სწავლება აღვასრულოთ, რომ დავთრგუნოთ ბოროტება ჩვენს სულში, რომ დავამარცხოთ სიკვდილი და, რაც მთავარია, გავხდეთ თანაზიარნი და მონაწილენი ღვთაებრივი ცხოვრებისა, თანაზიარნი ღმერთისა, როგორც ამ მიწიერ ცხოვრებაში, ასევე მარადისობაში.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძალა და მადლი დატოვა უფალმა იესო ქრისტემ, მაინც, როგორც დღეს წავიკითხეთ პავლე მოციქულის ეპისტოლეში, „სიტყვა იგი ჯვარისა ჰურიათათვის არის საცდური, წარმართთათვის – სისულელე, ხოლო წარწყმენდილთათვის – სოცოფე, მაგრამ ჩვენთვის, ცხოვრებულთათვის, ძალა ღმრთისა არს“ (შდ. 1 კორ. 1, 23). ასე ამბობს პავლე მოციქული, რომ ძალა ღვთისა არს და წყარო ცხოვრებისა, წყარო სიცოცხლისა, წყარო ჭეშმარიტებისა.

აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს ჩვენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არიან ბევრნი ჩვენ შორის, ვინც ეწაფება ამ წყაროს და სარგებლობს მისით, რათა სათანადოდ იცხოვროს; მათ შორის ზოგიერთი თავს ქრისტიანად და ეკლესიის წევრადაც მიიჩნევს, მაგრამ ვერ ცხოვრობენ, არ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს, ამ ძალასა და მადლს. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ როგორც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბზობის დღესასწაულზე გვიქადაგა, არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ვერ განსწმენდს ღმერთის სიყვარული და კაცთმოყვარება, ვერ განსწმენდს უფლის ცხოველსმყოფელი სისხლი, ყოველი წვეთი ამ სისხლისა არის მაცხოვნებელი და განმწმენდელი, თუკი ჩვენ მოვინანიებთ და მოვისურვებთ ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას.

ღმერთმა მოგვცეს ასეთი სინანული, ამ განწყობით ვიდგეთ დღეს უფლის საფლავის წინაშე.

სულ საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე, ვეცადოთ, ვიპოვოთ ჩვენი თავი დღეს ამ საათების განმავლობაში იმისთვის, რომ როდესაც ლოდი გადაგორდება და მთელ სამყაროს ეხარება ქრისტს ბრწყინვალე აღდგომა, ჩვენც გავხდეთ თანაზიარნი იმ ძალისა და მადლისა, რომელიც მოიტანა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამ და რომელზეც არის დაფუძნებული ჩვენი ყველაზე ნათელი იმედი და სასოება, როგორც მოგახსენეთ, როგორც ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, ასევე მარადისობაში, ამინ”, - განაცხადა მეუფე შიომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა