საბა ბუაძე - 20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა იქნება ერთგვარი ტესტი, დაუჭერს თუ არა მხარს გიორგი გახარიას გუნდი, მოვა თუ არა გახარია კომისიაზე

20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა ერთგვარი ტესტი იქნება, მაგალითად, დაუჭერს თუ არა მხარს მის შექმნას გახარიას გუნდი, მოვა თუ არა გიორგი გახარია ამ კომისიაზე, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრმა საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც „ლელოს“ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც 2019 წლის ივნისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.

როგორც ბუაძე განმარტავს, 20 ივნისის საქმეზე კომისიის შექმნას დამატებით პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

„ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ზეპარტიული მნიშვნელობის საკითხებია, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. მნიშვნელოვანია, ვინ დაუჭერს მხარს პარლამენტში ამ კომისიის შექმნას. ეს ერთგვარი ტესტი იქნება. მაგალითად, დაუჭერს თუ არა მხარს, ამ კომისიის შექმნას გახარიას გუნდი, მოვა თუ არა გიორგი გახარია ამ კომისიაზე და გასცემს თუ არა სრულად პასუხებს.

ვფიქრობ, კომისიას შეუძლია არამხოლოდ სამართლებრივ ნაწილში გასცეს პასუხები კითხვებს, არამედ 20 ივნისის პოლიტიკური შეფასება მოახდინოს. ჩვენ გეგმაში გვქონდა კომისიის შექმნა, ახლა მას დამატებითი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს ბუაძე.

საბა ბუაძემ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეთანხმების დოკუმენტზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების დარღვევის „დიდი გამოცდილება აქვს“, რის გამოც აქტიური მეთვალყურეობა სჭირდება, რომ ოპოზიციასთან დადებული შეთანხმება შეასრულოს.

„ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ საფრთხეები იქნებოდა. „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს შეთანხმების დარღვევის და არ შესრულების. იგივე 8 მარტის შეთანხმება, რომელიც არ შეასრულა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ხელისუფლებას ძალიან აქტიური მეთვალყურეობა სჭირდება ამ პროცესში. ამიტომ მოვახერხეთ და „ლელოს“ ბრიუსელში ვიზიტისას ევროპელ მეგობრებთან შევთანხმდით, რომ ევროპარლამენტარებისგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფი გაუწევდა მეთვალყურეობას ამ შეთანხმების შესრულებას. ჯგუფს ჯერ არ დაუწყია მუშაობა, ხელშესახები წინსვლა გვჭირდება, რომ ჩაერთონ ჩვენი ევროპელი მეგობრები. იქამდე აუცილებელია, ყველა საპარლამენტო ჯგუფი ჩაერთოს ამ პროცესში, ყველა პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ზეწოლით მოვახერხოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც მოცემულია. პროცესი რთულად მიდის, ხელისუფლება ეცდება გადაუხვიოს ამ შეთანხმებას პირველივე შესაძლებლობაზე“, - აცხადებს ბუაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი