ლაშა ხუციშვილმა აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, როგორც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) მაღალი დონის შეხვედრაში, თემაზე: “რეგიონული თანამშრომლობის აღდგენა ციფრული ტრანსფორმაციის გზით“.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა თუ როგორ შეუძლია CAREC-ს უფრო ეფექტურად შეუწყოს ხელი კერძო-საჯარო დიალოგს ამ მიმართულებით.

როგორც მან აღნიშნა, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის განვითარება ციფრული ინტეგრაციის შესაძლებლობებს ქმნის. ამ პროცესს კი შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში.

“ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაცია, სატრანსპორტო დერეფნებისა და ლოგისტიკური სისტემების სინქრონიზაცია, მონაცემებისა და დოკუმენტაციის ელექტრონული გზით გაცვლა - ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ „ციფრული ინტეგრაციის გზით“ შეიძლება. პანდემიის შემდგომ პერიოდში, CAREC-ის წევრმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა ამ მიმართულებით, თუმცა მხოლოდ მთავრობების მხრიდან ძალისხმევა არ არის საკმარისი, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიალოგს კერძო სექტორთან. ყველას გვესმის, რომ ინტეგრაციის პროცესის საბოლოო ბენეფიციარი სწორედ კერძო სექტორი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბიზნესი განვიხილოთ როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი წარმმართველი ძალა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა და ლოგისტიკური დერეფნის ფორმირება, აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზნებია.

“ამ მიმართულებით, მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშნელოვანი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს აზიის განვითარების ბანკი. ესაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთიანი საბაჟო - გამშვები პუნქტის ინოვაციური იდეა. ეს არის პროექტი, რომელიც ქმნის არა მხოლოდ მყარ ინფრასტრუქტურას. პროექტი შეიმუშავებს ციფრულ პლატფორმას, რომელიც დაკავშირებული იქნება ორივე ქვეყნის ინფორმაციულ სისტემებთან. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას და შესაძლოა, გახდეს კარგი მოდელი CAREC- ის დერეფნისთვის“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის სტანდარტების ჰარმონიზაციის ციფრულმა გადაწყვეტამ, მონაცემთა გაცვლის კოორდინირებულმა სისტემამ, შესაძლოა, გაზარდოს აღნიშნული დერეფნის პოტენციალი.

„გარდა ამისა, ქვეყნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ რეფორმებს, რომლებიც მიმართული იქნება სხვადასხვა სექტორის დერეგულაციისკენ და კერძო სექტორის როლის გაძლიერებისკენ. ამ კუთხით, თითქმის ყველა ქვეყანაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი. განსაკუთრებით, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების პროცესში. აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობას. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან წვლილს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მაღალი დონის შეხვედრაში, მონაწილეობა მიიღეს ADB-ის გენერალურმა დირექტორმა, CAREC-ის წევრი ქვეყნების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა. ფორუმის მოდერატორი იყო ჟურნალ „ეკონომისტის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ტომ სტენეჯი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა