სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში ოფისი გახსნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გვარაკიძეც ესწრებოდა.

“აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დამატებითი ოფისის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე დროულ რეაგირებას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ ჩატარებას და თანამშრომელთა რესურსის უფრო ეფექტიანად გადანაწილებას. ამასთან, აღნიშნული ოფისი ადგილობრივ მოსახლეობას გაუმარტივებს სამსახურთან კომუნიკაციას და პროცესის მონაწილეებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად აღარ მოუწევთ სხვა რეგიონში ტრანსპორტირება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ოფისში, რომელიც ბათუმში, გიორგი მაზნიაშვილის ქ. №54-ში იფუნქციონირებს, გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში მონაწილე მოწმე და მსხვერპლი ბავშვების უფლებებისა და ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად, მოწყობილია ბავშვზე მორგებული გარემო. ოფისის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. ცალკე სივრცეებია გამოყოფილი მოწმეთა გამოკითხვისა და პირის ამოცნობის ჩასატარებლად”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ირაკლი კბილაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან გამომძიებლის, ხოლო შემდგომ საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა. სამმართველოში ოთხი გამომძიებლის შტატია გათვალისწინებული.

“დღემდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, მხოლოდ ორი ქალაქიდან - თბილისიდან და ქუთაისიდან - აწარმოებდა გამოძიებას ქვეყნის მასშტაბით. საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველო 5 გამომძიებლის რესურსით 8 რეგიონს ფარავდა. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეთა თითქმის ნახევარი სწორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტებს ეხებოდა, დასავლეთის სამმართველოს გამომძიებლებს მუდმივად უწევდათ აღნიშნულ რეგიონში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით ტრანსპორტირება. ცხადია ამ გამოწვევამ, დღის წესრიგში დამატებითი ოფისის საჭიროება დააყენა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, როგორც ახლად ამოქმედებული ინსტიტუტისთვის, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების სიმწირე კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას რეგიონული დაფარვის გაფართოებისა და უწყების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი