ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს

კიევში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ხელმძღვანელობით აშშ-ს სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი" უკრაინელ პოლიტოლოგს, კიევო-მოგილიოვის აკადემიის პროფესორს, ალექსეი გარანს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, კიევში ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შედეგებზე ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები კეთდება, ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება. თქვენ როგორ შეაფასებდით გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და მისი თანხმლები პირების ვიზიტს კიევში?

- უდავოა, რომ კიევში აშშ-ს უმაღლესი დონის წარმომადგენლების ვიზიტი წარმატებული იყო. მოკლედ ასე შეიძლება ითქვას, - აშშ-ს დელეგაციის ვიზიტი კიევში გახლდათ სერიოზული გზავნილი რუსეთისთვის. ჩვენც და რუსეთიც დარწმუნდა იმაში, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში აშშ მხარს უკრაინას უჭერს. ეს მნიშვნელოვანია ახლა, როცა, რუსეთი 2014 წლიდან უკრაინასთან ამწვავებდა და სულ ახლახან ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებით იმუქრებოდა.

აშშ- დელეგაციის ვიზიტი კიევში გახლდათ სერიოზული გზავნილი რუსეთისთვის. ჩვენც და რუსეთიც დარწმუნდა იმაში, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში აშშ მხარს უკრაინას უჭერს

ვიზიტმა აჩვენა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღმავდება. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო მდივანმა კიევში ყოფნისასაც დაადასტურა, რომ აშშ წინააღმდეგია „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობის. ეს ემთხვევა უკრაინის პოზიციას.

ამის აღნიშვნა ახლა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ პუტინმა უკრაინის საზღვრებიდან და არა დონბასიდან რუსული ჯარების გაყვანა სწორედ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობაზე სანქციების მოხსნას დაუკავშირა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ საკითხში ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია არ შეცვლილა.

გარდა ამისა, ითქვა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინაში რეფორმების გატარების მხარდაჭერას - კორუფციასთან და კანონის უზენაესობისათვის ბრძოლას. მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ ენტონი ბლინკენი კიევში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ამ პროცესებში არიან ჩართულნი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გვირგვინებით შეამკო იმ მეომრების საპატივცემულოდ აგებული კედელი, რომლებიც უკრაინა-რუსეთის ომში დაიღუპნენ. იგი ასევე შეხვდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობას. პირდაპირ გეტყვით - უკრაინა ელოდება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისაგან უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რომელმაც მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიისაგან ტომოსი მიიღო.

- დარჩა შთაბეჭდილება, რომ იმ ვითარებაშიც კი, რა ვითარებაშიცაა ახლა უკრაინა, მხედველობაში მაქვს რუსეთთან პრაქტიკულად ომის მდგომარეობა, ვაშინგტონი კიევისაგან სამხედრო დახმარების მიღებისთვის რეფორმების გატარებას მოითხოვს. რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება შორიდან, თუნდაც თბილისიდან სურათის ამგვარი დანახვა?

- უკრაინამ აშშ-საგან სამხედრო დახმარების მიღება ტრამპის მმართველობამდე დაიწყო. ტრამპის დროსაც ჩვენ საკმაო დიდი ოდენობით ლეტალური იარაღი მივიღეთ. არ ვფიქრობ, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების სანაცვლო რეფორმების გატარებას მოითხოვს.

ვაშინგტონის მიერ ჩვენთვის სამხედრო იარაღის მოწოდების საკითხი ეჭვის ქვეშ არ დგას. საქმე ისაა, რომ ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავება, ამ მიმართულებით მოძრაობა, მაპ-ის მიღება, რისი მიღებაც საქართველოს უნდა, ჩვენთან რეფორმების გატარებას უკავშირდება, მაგრამ ეს ხომ ჩვენსავე ინტერესებშია, ამიტომ ამაში საგანგაშო არაფერია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, უკრაინაში კორუფციასთან საკმაოდ ფართომასშტაბიანი ბრძოლა მიმდინარეობს. ჩემი აზრით, აშშ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდებას რეფორმების გატარებას არ უკავშირებს. ვიმეორებ, აშშ გვეუბნება იმას, რაშიც ჩვენ თავად ვართ დაინტერესებული.

აშშ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდებას რეფორმების გატარებას არ უკავშირებს. ვიმეორებ, აშშ გვეუბნება იმას, რაშიც ჩვენ თავად ვართ დაინტერესებული

- ბლინკენის ვიზიტის ფონზე გააქტიურდა საუბრები უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით...

- უკრაინის ნატოში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს. თუ 2014 წლამდე უკრაინის ნატოში გაწევრიანებას უკრაინაში მხარს ქვეყნის მოსახლეობის უმცირესობა უჭერდა მხარს, მას შემდეგ რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა აგრესია განახორციელა და აგრესიას აგრძელებს, ახლა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

ის, რომ ამის შესახებ სულ უფრო ხშირად და აქტიურად საუბრობს პრეზიდენტი ზელენსკი, სწორედ იმას უკავშირდება, რაც ახლა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე და დონბასში ხდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-უკრაინის ურთიერთობები გაღმავდება, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ნატოში გაწევრიანება გრძელი პროცესია. ჩვენ კი გვინდა რაც შეიძლება მალე მივიღოთ მაპ-ი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ნატოს მორიგ სამიტზე უკრაინამ მაპ-ი მიიღოს. მაგრამ, ჩვენ გვაქვს მიზანი და გვესმის, რომ ეს უკრაინის ნატოში გაწევრიანება პროცესია და ჩვენ ამ მიზნის განსახორციელებლად აქტიურად უნდა ვიმოძრაოთ.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პერსპექტივამ საკმაოდ შეაშინა ამერიკა და ევროპა. მათი აზრით, ომის დაწყების შემთხვევაში ვაშინგტონმა და ბრიუსელმა არ იცოდნენ როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდათ.

მეტიც, ბაიდენის ინიციატივით პუტინთან სატელეფონო საუბარი სხვა არაფერი იყო, თუ არა პუტინისათვის საჯაროდ მიყენებულ შეურაცყოფაზე ირიბად ბოდიშის მოხდა. თქვენც ასე ფიქრობთ?

- არა, პუტინმა გაიგო, რომ უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში, ანაც უკრაინულ ქალაქებსა და პორტებზე ზუსტი დარტყმების განხორციელების შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო გამკაცრებულ ეკონომიკურ სანქციებს და სფიფტის საბანკო სისტემიდან რუსეთის გათიშვა მოჰყვებოდა. გარდა ამისა, მოსკოვში იციან, რომ არსებობს უკრაინული არმია, რომელიც კარგა ხანია ისეთი აღარაა, როგორ 2014 წელს იყო.

ჩვენ კი გვინდა რაც შეიძლება მალე მივიღოთ მაპ-, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ნატოს მორიგ სამიტზე უკრაინამ მაპ- მიიღოს. მაგრამ, ჩვენ გვაქვს მიზანი და გვესმის, რომ ეს უკრაინის ნატოში გაწევრიანება პროცესია და ჩვენ ამ მიზნის განსახორციელებლად აქტიურად უნდა ვიმოძრაოთ

ის, რომ ბაიდენი პუტინთან შეხვედრას აპირებს, ამაში სახიფათო არაფერია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვაშინგტონმა მოსკოვთან უნდა ითანამშრომლოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუნდაც ბირთვული იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხები. სხვათა შორის, აშშ-სა და რუსეთს შორის ამ თემაზე ხელმოწერილ შეთანხმებებს კარგა ხანია ვადა გაუვიდა.

უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ბაიდენის პუტინთან კონტაქტების დროს არ მოხდეს უკრაინის ინტერესების დათმობა რუსეთის სასარგებლოდ. ჩვენ ამას თვალს მივადევნებთ.

ბლინკენის ვიზიტმა კიევში დაადასტურა, რომ აშშ კრემლთან დიალოგში არ აპირებს უკრაინის ინტერესების დათმობას და კიევის ინტერესების გაუთვალისწინებლად მოქმედებას.

პუტინმა გაიგო, რომ უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში, ანაც უკრაინულ ქალაქებსა და პორტებზე ზუსტი დარტყმების განხორციელების შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო გამკაცრებულ ეკონომიკურ სანქციებს და სფიფტის საბანკო სისტემიდან რუსეთის გათიშვა მოჰყვებოდა

ბლინკენის ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ეს ესმის. ტრამპის ადმინისტრაციას ეს ყოველთვის არ ესმოდა. თუმცა, სწორედ ტრამპის დროს მიიღო უკრაინამ აშშ-საგან ლეტალური იარაღი.

- შეიძლება ასე ითქვას - იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, ვაშინგტონს ექნება კრემლისთვის პასუხი?

- ჩემი დაკვირვებით, თუ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი ისევ დაიწყო, ვაშინგტონს ექნება მოსკოვისთვის პასუხი.

- როგორ შეაფასებდით დღეისათვის დონბასში არსებულ ვითარებას?

- რუსი სამხედროები დროგამოშვებით ისვრიან. მათ პრაქტიკულად ცეცხლი არც არასოდეს შეუწყვეტიათ. ისინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მაშინაც არღვევდნენ, როდესაც გასული წლის ზაფხულში ამ შეთანხმებას მოეწერა ხელი. აღდგომის დღეებშიც არ შეუწყვეტიათ მათ სროლები. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი მეზობელი რუსეთი.

ბლინკენის ვიზიტმა კიევში დაადასტურა, რომ აშშ კრემლთან დიალოგში არ აპირებს უკრაინის ინტერესების დათმობას და კიევის ინტერესების გაუთვალისწინებლად მოქმედებას

- მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვრებიდან კრემლმა თავისი ძალები გაიყვანა, სამხედრო დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები ზამთრის დადგომამდე, შესაძლოა აგვისტოში დაიწყოს.

თქვენც თვლით, რომ არაა გამორიცხული პროცესი ასეთი სცენარით განვითარდეს?

- რუსეთისაგან გამორიცხული არაფერია. სამწუხაროდ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომლის ნდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მათ თავისი ჯარების მხოლოდ ნაწილი გაიყვანეს უკრაინის საზღვრებიდან, ნაწილი ისევ დგას.

ვერავინ წარმოიდგენდა რომ რუსეთი უკრაინას თავს 2014 წელს დაესხმებოდა. ვიმეორებ, ჩვენ ვიცით, რომ კრემლის ნდობა არ შეიძლება.

- თუ ივნისის შუა რიცხვებისთვის ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შედეგი პუტინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამის შემდეგ სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- თუ პუტინი რაციონალურად იმსჯელებს, კრემლი უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომზე არ უნდა წავიდეს. არ გამოვრიცხავ მათი მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წერტილოვანი სპეცოპერაციების განხორციელებას.

მაგრამ, როცა საქმე რუსეთს ეხება, არავინ არ შეიძლება იყოს დარწმუნებული იმაში, რომ კრემლი რაციონალურად იმოქმედებს.

როცა საქმე რუსეთს ეხება, არავინ არ შეიძლება იყოს დარწმუნებული იმაში, რომ კრემლი რაციონალურად იმოქმედებს

სულ ცოტა ხნის წინ იმის წარმოდგენაც კი წარმოუდგენელი იყო, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებისაკენ რეგულარულ ჯარებს დაძრავდა.

- ტომოსთან დაკავშირებით ქართულ მოლოდინებზე საუბრობდით...

- ტომოსის მიღება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მე-17 საუკუნეში უკრაინის ეკლესიას თავისი უფლებები წაართვეს. უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია აღუდგა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა არა მარტო მართლმადიდებლობის მსოფლიო პატრიარქმა. მის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კიდევ სამმა ეკლესიამ - ელადის ბერძნულმა ეკლესიამ, კვიპროსის ეკლესიამ და ალექსანდრიის ეკლესიამ. ოთხმა უძველესმა საპატრიარქომ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

ჩვენ ველოდებით აღიარებას რუმინეთის, ბულგარეთის და ქართული ეკლესიებისაგან. ვიცით, რომ სერბეთის ეკლესია ჩვენს ავტოკეფალიას იმის გამო არ აღიარებს, რომ ისინი ძალიან არიან დამოკიდებული მოსკოვის საპატრიარქოზე.

გასაგებია, რომ სირიის ანიტიოქიის საპატრიარქო, რომელიც ასადსა და პუტინზეა დამოკიდებული, არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს საქართველოს საპატრიარქო. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს ეკლესიას აფხაზეთის ეკლესიაზე ეკლესიურ იურისდიქციათან დაკავშირებით თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ქართველებს უნდა ესმოდეთ უკრაინის და უკრაინელების. ჩვენთვის საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით