პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მის პოზიციას ბევრი თანაგუნდელი იზიარებს

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ხვალ პოლიტსაბჭოზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა პარტიის პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის საკითხი იქნება. მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოზე გაჟღერდება ის პოზიციები, რაც ამომრჩევლებსა და აქტივისტებთან შეხვედრების შემდეგ მოისმინეს, რასაც მსჯელობა და კენჭისყრის პროცესი მოჰყვება.

როგორც პეტრე ცისკარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა იყოს არასაპარლამენტო პარტია და მან საკანონმდებლო ორგანოში მუშაობით აქტიურად უნდა გააჟღეროს საკუთარი ამომრჩევლების ინტერესები.

„პოლიტსაბჭოზე მიმდინარე სამუშაო საკითხები იქნება, მაგრამ ძირითადი საკითხი არის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამაზე იქნება კენჭისყრები. ასევე, იქნება განხილული აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის საკითხი. რეგიონებში ვიყავით, მე პირადად კახეთში ვიყავი და თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, მოიარა საქართველო ბოლო 10 დღის განმავლობაში. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა ჩვენს აქტივისტსა და მხარდამჭერთან გვქონოდა კომუნიკაცია, მოგვესმინა მათი აზრი და სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად ვიმსჯელებთ უკვე პოლიტსაბჭოზე. ის ინფორმაცია, რაც მივიღეთ ჩვენს მხარდამჭერებთან შეხვედრების შედეგად, აუცილებლად იქნება გაჟღერებული პოლიტსაბჭოზე, შეჯამებაც იქნება ერთგვარი და აქედან გამომდინარე შემდეგ გაიმართება მსჯელობა და კენჭისყრები.

ჩემი პოზიცია თავიდანვე მკაფიოდ გამოვხატე, რომ მხარს ვუჭერ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იყოს წარმოდგენილი და ჩვენ არ დავრჩეთ არასაპარლამენტო ოპოზიციად. მე არ ვარ თვითონ სიაში, მაგრამ მინდა, რომ ის პარტია, რომელსაც მხარს ვუჭერ, რომლისთვისაც ვმუშაობ ამდენი წელია, იყოს პარლამენტში და ახმოვანებდეს ამომრჩევლის პოზიციას, აჩვენებდეს ალტერნატიულ ხედვებს, წარმოადგენდეს არგუმენტებს ხელისუფლების საპირისპიროდ, მთლიანობაში პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყოს. ვთვლი, რომ ეს კარგია ქვეყნისთვისაც და თვითონ პარტიის სამომავლო განვითარებისთვისაც“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მის პოზიციას ბევრი თანაგუნდელი იზიარებს.

„საპირისპირო აზრები გვქონდა, ვკამათობდით, თუმცა მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, შევძელი და ჩვენს მხარეს გადმოვიყვანეთ ჩვენი თანაგუნდელების ნაწილი მაინც და დანარჩენი გამოჩნდება კენჭისყრებზე,“- განაცხადა ცისკარიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს