გორის საკრებულოს წევრი, მამუკა ფანიაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება

გორის საკრებულოს წევრი მამუკა ფანიაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ საკრებულოს წევრი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფანიაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას სჭირდება ახალი დღის წესრიგი, რომელიც მიმართული იქნება არა საზოგადოების გახლეჩვასა და რადიკალიზმზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე ყოველდღიურ ფიქრსა და მოქმედებებზე.

„2016 წლიდან ვარ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ასევე ვარ გორის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს არჩეული წევრი და ქართული ოცნების ქვოტით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

2016 წელს, როდესაც გადავწყვიტე აქტიურად ჩავრთულიყავი პოლიტიკურ პროცესებში თავისი ფასეულობებით, ლიდერებით და მსოფლმხედველობით "ქართული ოცნება" იყო ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო ქვეყანა სწორი გზით წაეყვანა და ეზრუნა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე. სწორედ ამიტომ გავწევრიანდი ამ პარტიაში და აქტიურად ვიყავი ჩართულ პარტიული საქმიანობის ყველა მიმართულებით, აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული დღემდე ჩატარებულ, ყველა არჩევნების საშტაბო მუშაობაშიც ხელმძღვანელ პოზიციებზე.

შესაბამისად სრულად მაქვს გაზიარებული და ვიღებ პასუხიმსგებლობას ყველა წარმატებასა და წარუმატებლობაზე, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ჩემი წევრობის პერიოდს უკავშირდება.

სამწუხაროდ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ: დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიცური პარტიების თუ ორგანიზაციების შემოთავაზებული დღის წესრიგის სრულად გაზიარებამ ხელუსუფლების და მმართველი პარტიის მიერ, მათი დღის წესრიგით ნაკარნახევმა ყოველდღიურმა მოქმედებებმა, ძალიან დააზიანა ქვეყნის საგარეო იმიჯი და ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისა, "ქართული ოცნების" ყოველდღიური საზრუნავი გახდა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება!

მოკლედ რომ ვთქვათ, ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე და ეს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის!

ქვეყანას სჭირდება ახალი დღის წესრიგი, რომელიც მიმართული იქნება არა საზოგადოების გახლეჩვასა და რადიკალიზმზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე ყოველდღიურ ფიქრსა და მოქმედებებზე!

მივიღე გადაწყვეტილება, დღეიდან დავტოვო „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური ბრძოლა გავაგრძელო ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად!

ვერთიანდებით საქართველოსთვის!“, - წერს მამუკა ფანიაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა