პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას კენჭს დღეს უყრიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრები ისე დასრულდა, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივისთვის კენჭი არ უყრიათ.

საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა 11 ივნისისთვის გადაიდო. მიზეზი პლენარული სხდომის წამყვანს, პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას არ განუმარტავს.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მხრიდან დაისვა წინადადება კანონის ამოქმედების ვადის 2024 წლისათვის დაწევის შესახებ.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს. ამ მიმართულებით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში, "საარჩევნო კოდექსში" და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

საკანონმდებლო პაკეტი “ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.

პირველი მოსმენით განხილვის დროს კანონპროექტი დაკორექტირდა და მასში გარკვეული ცვლილებები აისახა. პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის შემდეგი ფორმით არის წარდგენილი: - პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

ამასთან, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა