გივი მიქანაძე - თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს ამნისტიის მიღების შემდეგ მოაწერს, ეს იქნება არასრულფასოვანი შეერთება

„ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია, ისინი გახდნენ საკუთარი განცხადებების მძევლები, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ “ამნისტიის შესახებ“ კანონს მიიღებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს, დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს.

როგორც მიქანაძე აცხადებს, თუკი პარტია დოკუმენტს ხელს ამნისტიის მიღების შემდეგ მოაწერს, ეს იქნება არასრულფასოვანი შეერთება.

„ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ისინი არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ფაქტობრივად, საკუთარი განცხადებების მძევალი გახდნენ. რაც კი განაცხადეს და რისი პირობაც დადეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, საწინააღმდეგოს გაკეთება მოუწიათ. ახლა, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმოწერა, ისინი ცდილობენ რაღაცნაირად დაიძვრინონ თავი. თუკი ისინი ხელს მოაწერენ ამნისტიის მიღების შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტს, ეს იქნება არასრულფასოვანი შემოერთება ამ დოკუმენტთან და ჩემთვის ეს იქნება მიუღებელი. ვერ ჩავთვლი, რომ ისინი შეუერთდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს. მე დათქმებს ვაკეთებ ამ პუნქტზე და იმ პუნქტზე, ეს სწორი არ არის - თუ პასუხისმგებლობას იღებ, მთლიანად უნდა აიღო, თუ პასუხისმგებლობას იღებ დასავლურ ღირებულებებზე, უპირობოდ უნდა დაეთანხმო დოკუმენტს ისე, როგორც მმართველმა გუნდმა გააკეთა და ამით შესაძლებლობა მისცა მცირე ზომის პარტიებს იმ მძევლური სიტუაციიდან გათავისუფლებულიყვნენ, რასაც "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" უქმნიდა მათ და არ აძლევდა საშუალებას, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში. გვერდს უვლის "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტის დათქმებს და ამით კიდევ ერთხელ ატყუებს საზოგადოებას. თუ პასუხისმგებლობას იღებენ, უნდა აიღონ მთლიან დოკუმენტზე. ჯერ კიდევ დრო არის, ხელი მოაწერონ და შემოუერთდნენ იმ კანონის მიღებას, რომელიც ახლა იხილება ამნისტიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ში ვიზიტად მყოფმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, რომ დიდია ინტერესი 19 აპრილის შეთანხმების მიმართ, რადგან რეფორმების დღის წესრიგი ამან უნდა განაპირობოს. მისივე თქმით, "მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება“ “ამნისტიის შესახებ“ ამ მავნებლურ კანონს მიიღებს, რასაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებიც არ უჭერენ მხარს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს, დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს". როგორც ბოკუჩავა ამბობს, “ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტის დანარჩენ ვალდებულებებს აბსოლუტურად იზიარებს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა