მარიამ ქვრივიშვილი - მოხარული ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება

საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულება - აბუ - დაბი ემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi , 1-ლი ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), კვირაში 3 სიხშირით პირდაპირ რეისებს აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბი მიმართულებით შეასრულებს.

მათივე ცნობით, Air Arabia Abu Dhabi ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წელს დაიწყო.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

„მოხარულები ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება. მათ შორის, 1-ლი ივლისიდან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტრანსპორტის, ტურიზმის და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას. რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი შეძლებს მოგზაურობას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოში ავიაციის სექტორის აღდგენის კუთხით მიმდინარეობს.

„ კოვიდ-19 ფაქტორით გლობალურად ძალიან დაზარალდა ავიაციის სფერო, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რაც დღეს ჩვენს გუნდს აქვს ახალი ავიაკომპანიების მოზიდვისა და პირდაპირი რეისების მატების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმართ დაინტერესება მაღალია. Air Arabia Abu Dhabi რიგით მეექვსე ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც წლევანდელი ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან იწყებს საქართველოში ოპერირებას. ავიარეისების განხორციელება უკვე დაიწყეს ყაზახურმა და უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა FlyArystan-მა და Bees Airline-მა, 4 ივლისიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი Eurowings-ი დაიწყებს დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას, ხოლო ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ჩარტერული რეისების შესრულებას გეგმავს. აღნიშნულის პარალელურად, ჩვენ უკიდურესი სიფრთხილით ვეკიდებით საზღვრების გახსნით გამოწვეულ ვიზიტორების გაზრდილ დინამიკას, შესაბამისად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის წარმატებით გაგრძელება და ჯანდაცვის პროტოკოლების ზედმიწევნით დაცვა საქართველოში ეპიდვითარების სტაბილურობის და ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა