ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი -  ყველაზე პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში  როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით - ასევე, პრობლემური იყო გადასწორებული და გადაკეთებული ოქმები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დროს, საარჩევნო უბნებთან მობილიზებულები იყვნენ უცხო ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულები საარჩევნო პროცესთან და აღიქმებოდნენ, როგორც „ზეწოლის ფაქტორი“. ამის შესახებ მან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ასევე პრობლემურად მივიჩნიეთ წინა არჩევნების დროს ის, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ უცხო ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულები საარჩევნო პროცესთან, მანამდე, წინა არჩევნების პერიოდში იყო კოორდინატორების მობილიზება, თუმცა, ამ არჩევნებზე სხვა ტიპის ადამიანების მობილიზებაც იყო, რაც პრობლემურია და ზეწოლის ფაქტორს ქმნის. ეს აღიქმება ზეწოლის ფაქტორად, როდესაც უბანზე მიდიან, სადაც თავისუფალი გარემო უნდა იყოს“, - აღნიშნა დოლიძემ.

როგორც დოლიძე დასძენს, ისინი განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევდნენ დათვლის და შედეგების შეჯამების დროს გამოვლენილ ხარვეზებსაც.

„როგორც აღნიშნეთ, ყველაზე პრობლემური იყო დისბალანსები შემაჯამებელ ოქმებში, როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაკლებობა არანაკლები პრობლემაა. ასევე, შემაჯამებელი ოქმების შესწორებები, რომელიც არამხოლოდ უბნებზე ხორციელდებოდა, ასევე საოლქო საარჩენო კომისიებში და საკმარისად არ იყო დასაბუთებული, მხოლოდ ახსნა-განმარტებებს ეფუძნებოდა. ასევე პრობლემური იყო გადასწორებული და გადაკეთებული ოქმები, რომელიც ჩაითვალა როგორც ჩვეულებრივ შემაჯამებელ ოქმებად“,- აღნიშნავს დოლიძე.

როგორც დოლიძე აცხადებს, მათ მიერ გამოვლენილი პრობლემების შესახებ ცესკო-ს მიმართეს, თუმცა, მისი თქმით, „პრობლემა იყო ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ფორმალური მიზეზით უარი ეთქვათ განხილვაზე, ვიდრე იქ არსებული პრობლემები განეხილათ“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი