კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

კულტურის კომიტეტში საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა კოლექტიური მიმართვის თაობაზე იმსჯელეს. პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედმა სამასამდე ავტორმა და შემსრულებლმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მომართეს.

წერილში ნათქვამია, რომ მათთვის გაუგებარი და მიუღებელია რა პრინციპით ხდება შეგროვებული ჰონორარის ცალკეულ ავტორებზე განაწილება. ეს პროცესი აზარალებს ავტორებს და შემსრულებლებს, ლახავს მათთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს და უარყოფითად აისახება მათ შემოსავალზე.

სხდომაზე მოუსმინეს საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს. არსებული გამოწვევის შესახებ ისაუბრეს მუსიკოსებმა, ასევე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ და საქართველოს საავტორო უფლების მფლობელთა ასოციაციის (GERA) წარმომადგენელმა ლაშა მდივანმა.

საჯარო მსჯელობის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კულტურის კომიტეტთან შეიქმნება საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები და ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები.

„საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგან კონკრეტული ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას და ღირსებას ეხება, ადამიანებს, რომლებიც ქმნიან მუსიკას და ემსახურებიან კულტურას და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, უმოკლეს ვადაში ეს სფერო იქნება ყველა მიმართულებით დარეგულირებული და დამკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები", - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს