ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება - საუბარია იმაზე, რომ მოიძებნოს ტერიტორია, სადაც კარვის განთავსება მოხდება

მედიაციის შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება. ყველა მიმართულებით გვაქვს გარკვეული პროგრესი. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა, როგორც ჩანს, არის საკმაოდ პროდუქტიული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი ხელშესახები შედეგები გვექნება", - ასე შეაფასა „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ მიმდინარე მედიაციის პროცესის მეორე შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და ონლაინ ფორმატში ჩატარდა. მისი მსვლელობისას ის საკითხები განიხილეს, რომელთა მოგვარებაზეც მხარეები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით ერთი კვირის წინ, მედიაციის პირველ შეკრებაზე შეთანხმდნენ.

„ეს იყო, ძირითადად, ტექნიკური სახის შეხვედრა. საუბარი წარიმართა იმ შეთანხმების შესრულებასა და მის სტატუსზე, რომელიც გასულ შაბათს მედიაციის შეხვედრის ფარგლებში იყო მიღწეული და შეთანხმებული," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილმა ჩამოთვალა სამი ძირითადი მიმართულება, რომლის შესახებ შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება.

„პირველი იყო დეესკალაციის თემა, რომელიც ყველაზე მწვავეა. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მოხდა რკინის კედლის დემონტაჟი. გაიხსნა გზა, თუმცა იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეძლონ ხეობაში შესვლა, გვჭირდება კიდევ დამატებითი სამუშაოები. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ მოიძებნოს ტერიტორია, სადაც მოხდება კარვის განთავსება. საუბარია პროტესტის ადგილმდებარეობაზე. შევთანხმდით, რომ ხვალისთვის მივაწვდით მეორე მხარეს რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციას. ითქვა ისიც, რომ ის ადგილი, სადაც ისინი ადრე იყვნენ დაბანაკებული, კერძო ტერიტორიაა და პროტესტი იქ ვერ გაგრძელდება," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საუბარია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მეორე მხარისთვის.

„ჩვენ ეს ვალდებულება მიმდინარე კვირის ორშაბათს ოფიციალური წერილის გაგზავნით შევასრულეთ. სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მოგვაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხზე. თუ არსებობს რამე კითხვები, შევთანხმდით, რომ ამ კითხვებს მივიღებთ წერილობითი ფორმით და შემდეგ გაეცემა პასუხები," - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ მესამე საკითხი დაკავებულ აქტივისტებს შეეხებოდა. დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ განცხადება უკვე გააკეთა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მედიაციის შეხვედრისას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის საკითხი დაისვა.

„ჩვენ შევისწავლით, რა სახის დამატებითი ინფორმაციაა საჭირო და ამასაც მომავალ კვირაში მივაწვდით მეორე მხარეს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ ვიდეო:დავით თვალაბეიშვილი - რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!