6 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს

6 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს ასევე არასრულწლოვნის ძმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მამინაცვლის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განუცხადა, დღეს სოციალურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბავშვების 6 თვის ვადით მშობლებისგან განცალკევების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ადვოკატის განმარტებით, 20 ივნისს, ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძების შეფარდების სხდომა გაიმართება. სხდომაზე დაცვის მხარე, აპირებს ბრალდებული ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობის დაყენებას.

„საქმეზე არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს. თქვენ იცით, რომ ორივე დაკავებულს წარდგენილი აქვთ ბრალი წამების მუხლით და ეს ფაქტი არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებებითა და მოწმეების ჩვენებებით, თუნდაც ბავშვის ჩვენებით. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და მისი დაკავებიდან გათავისუფლებას მოვითხოვთ,“- განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, რომ დედას და მამინაცვალს, რომლებიც 6 წლის ბავშვს სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ და რამდენიმე დღე საკვებს არ აძლევდნენ, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

დააკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი