ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021

სად არის ვაქცინა?

“ჩემი მინისტრობისას 15-20 კაცი ისე გამოვიყვანეთ აფხაზეთიდან, კაციშვილს არ გაუგია“, - ზაქარეიშვილი

***

სად არის ვაქცინა?

“სად არის ვაქცინა და ვინ არის პასუხისმგებელი კლინიკებში დაბარებულ და უკან გაბრუნებულ მოქალაქეებზე? რას ეყრდნობა ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისას, როდესაც ქვეყანაში ვაქცინის სიმწირეა. დღეს საქართველოს მოსახლეობის 5%-იც კი არ არის აცრილი, მაშინ როცა ეროვნული გეგმის მიხედვით წლის ბოლოს მოსახლეობის 60%-ი აცრილი უნდა იყოს. დღეში 19 ათასამდე ადამიანი უნდა იცრებოდეს, როდესაც მხოლოდ 500-მდე მოქალაქეს ცრიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სად არის ვაქცინა? / სად გაქრა "ასტრაზენეკას“ 5 000-მდე დოზა და ვის უნდა დაეკისროს პასუხი ამ ჩავარდნაზე

“ასტრაზენეკას“ შეფერხებით მიწოდების გამო, თქვენი ჯავშანი გაუქმებულია“, - ამ შინაარსის მესიჯი ასობით მოქალაქემ მიიღო, ვინც ამ ვაქცინის მეორე დოზით უახლოეს დღეებში უნდა აცრილიყო. როდის შეივსება მარაგი და რა გახდა შეფერხების მიზეზი? ხელისუფლება გვპირდება, რომ 1-ლი ივლისიდან, მოხსნილი რეგულაციების ფონზე, 1 მილიონამდე ვაქცინას ელის. თუმცა ჩნდება კითხვა - თუკი 40 ათასი ვაქცინის გაკონტროლება და სწორად განაწილება ვერ მოახერხეს, როგორ უნდა უზრუნველყონ 1 მილიონი ვაქცინის ოპტიმალურად გადანაწილება და შენახვა? ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ისედაც არსებული ანტივაქსერული განწყობების ფონზე, "ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ჩავარდნას შესაძლოა განსაკუთრებით მძიმე შედეგები ჰქონდეს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე? ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა დაწყებულია და რეაგირება აუცილებლად იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრომ დაიწყო „ასტრაზენეკას“ განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა. როგორც მინისტრის მოადგილემ სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე დაფიქსირდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს. გაბუნიას თქმით, ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება, რადგან დაუშვებელია ვაქცინაციის ისეთი მასშტაბების პირობებში, როგორიც ეს ივლისის თვიდან ქვეყანაში იქნება, მსგავსი სახის ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნას. “ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა, რომ გამოიკვეთოს, რა ეტაპზე გვქონდა შეცდომა თუ ხარვეზი, რადგან დაუშვებელია ისეთი მასშტაბური ვაქცინაციის პირობებში, რომელსაც ჩვენ ივლისიდან დავიწყებთ, როდესაც ვაქცინების ასეთი დიდი რაოდენობა ქვეყანაში შემოვა და მას შესაბამისი ადმინისტრირება სჭირდება, მსგავსი ლოჯისტიკური შეცდომები რომ კიდევ განმეორდეს. „ამდენად, ამ საკითხს სამინისტრო ძალიან სერიოზულად შეისწავლის და შესაფერისი რეაგირებაც ექნება ადმინისტრაციულ დონეზე. პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე აღმოცენდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს ხარვეზი. შემდეგ რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ”, - განაგრძობს გამოცემა.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კი ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილი უხერხულობისთვის მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა. “ხაზს ვუსვამ - ვინც ჩაწერილია და მეორე აცრას 10-დან 12 კვირის ფარგლებში ელოდებოდნენ, დაჯავშნილი ჰქონდათ ადგილი, ყველა აიცრება. „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 1 600 დოზა გვაქვს ჩვენს ქსელში. ხოლო ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი ვაქცინაციიდან ოთხიდან ათ კვირამდე შუალედში, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას. ბოდიშს ვუხდით კიდევ ერთხელ. მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ იმ ფონზე, რაც ახლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში ხდება, ვიღაცამ ამხელა ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მისი აზრით, პრემიერმა როგორც ამირან გამყრელიძეს, ასევე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სასტიკი საყვედური უნდა გამოუცხადოს და ვიღაცის პასუხისმგებლობის სკითხი უნდა დააყენოს. “რაში გამოიხატება ამათი პასუხისმგებლობა, რომ იძახიან ჩვენს თავზე ვიღებთ, დავაშავეთო? პრემიას არ აიღებენ, თანამდებობას ტოვებენ, თუ რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრებათ? რომ თქვი და არ გააკეთე, ამით შენც უნდა დაზარალდე და საზოგადოებამ დაინახოს რა პასუხისმგებლობას იღებ. პრემიებსაც აიღებენ და ისევ ამ მავნებლობას გააგრძელებენ. 40 000 ვაქცინა ვერ მართეს, რა მილიონ ვაქცინაზეა საუბარი. “ხალხი მიიყვანეს და 500 ვაქცინა ვერ დაახვედრეს. საავადმყოფოები რა შუაში არიან. ვაქცინა არ მიაწოდეს და მათ რა ქნან? ჯანდაცვის სამინისტრო და მისი შვილობილი ორგანიზაციები არიან პასუხისმგებლები. იმის ორგანიზებაც ვერ გააკეთეს, რომ რაიონებიდან მაინც წამოეღოთ, ღამე შეეგროვებინათ და დილით ხალხისთვის დაეხვედრებინათ. “ეს არის ყველას ბრალი - გამყრელიძისაც და ტიკარაძისიც. პრემიერმა ახლა ორივე უნდა დაიბაროს, სასტიკი საყვედური გამოუცახდოს და ერთ-ერთის პაუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. თუმცა, ამის თავი რომ არ აქვს, კარგად ვხედავთ“, - ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“ საუბრისას. მისივე თქმით, ამ ჩავარდნილი ვაქცინაციის ფონზე ანტივაქსერული განწყობები კიდევ უფრო გაიზრდება. ქვეყანაში ძლივს მივაღწიეთ იმას, რომ მოსახლეობის ნაწილს მაინც აცრის სურვილი ჰქონოდა და ახლა ესეც დავუკარგეთ. სურგულაძე ამბობს, რომ ახლა მილიონი ვაქცინა ჩამოდის და მისი მართვა როგორ უნდა შეძლონ, ესეც ლოჯისტიკურად გამართული არ აქვთ. “უკვე ე.წ. მობილური ბრიგადები თავისი მაცივრული დანადგარებით გამზადებული უნდა იყოს. როგორ გააკეთებენ ამას, როცა 40 000 ვაქცინას ვერ მოუარეს?! ეს პირველი შემთხვევა არ არის, 3 კვირის წინ რუსთავშიც იგივე შემთხვევა მოხდა. თბილისიდან, გარდაბნიდან ჩასულ ხალხს უთხრეს - ვაქცინა არ გვაქვს, რადგან არავის მოუწოდებიაო. მაშინ ხომ მაინც აეროპორტში დასაწყობებული ელაგათ და სულ 5 წუთი უნდიდა, რომ რუსთავამდე მიეტანათ. “სხვა ევროპულ ქვეყნებში ასეთი შეზღვუდები რომ მოხსნეს, მოსახლეობის 10% უკვე აცრილი იყო. ჩვენთან კიდევ რას ვხედავთ - 40 000 ვაქცინას ვერ მოუარეს. მონღოლეთში მოსახლეობის 48%-ი აცრეს. წარმოგიდგენიათ, ზუსტად მოსახლეობით იგივე რაოდენობის ქვეყანაა. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ასე ჩაკეტილები რატომღა ვიყავით მაშინ, რას გვერჩოდნენ, თუ მაინც არ ვიცრებოდით“,-ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

"კლინიკური განვითარების მენეჯერი და ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე „რეზონანსის“ კითხვაზე, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი ჩავარდნილ ვაქცინაციის პროცესზე, გვპასუხობს, რომ როდესაც პანდემიის მართვა დაიწყო არავის არასდროს უთქვამს ამ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი პირი ვინ არის. დღემდე არ ვიცით ვინ იყო პასუხისმგებელი სამკურნალო პროტოკოლებზე, ვაქცინის შემოტანაზე და მის განაწილებაზე. “ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობა. ვითომ ყველაა პასუხისმგებელი, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, არავინ პასუხისმგებელი არ არის. ამ ვაქცინაციის განაწილების საკითხზეც ასეა. არავინ ამბობს რეალურად ვინ უნდა აგოს პასუხი. ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ვაქცინის შემოტანაზე, დისტრიბუციაზე, დასაწყობებასა და განაწილებაზე პასუხს აგებს. “ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მოსახლეობის მხრიდან ისედაც მთავრობის მიმართ ძალიან დიდი უნდობლობა იყო, რაც ამ ჩავარდნილმა ვაქცინაციის პროცესმა კიდევ უფრო გაართულა. ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ანტივაქსერია, ახალ კი სოციალურ ქსელებში წავიკითხე, რომ ის ვაქცინები, რაც მეორე დოზად უნდა გაეკეთებინათ, უბრალოდ გაყიდეს. ეს ეჭვი ხელისუფლებამ როგორ უნდა გააქარწყლოს, წარმოდგენა არ მაქვს. როდესაც ნდობა დაკარგულია და ამ ნდობის აღდგენის მაგივრად პირიქთ, საქმეს უფრო აფუჭებ, რა მასობრივ ვაქცინაციაზე ვსაუბრობთ? “კაცისშვილმა არ იცის ვინაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. მე, მაგალითად, დღემდე ვერ გავიგე ვინ ხელმძრვანელობს კონკრეტულად ვაქცინაციის პროცესს“,-ამბობს კავკასიძე „რეზონანსთან“. მისივე თქმით, შარშან ივლისში გვითხრეს, რომ საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია დაიწყებოდა. იმის შემდეგ კი ყველას, ვისაც არ ეზარებოდა, რაღაცა დაპირებებს იძლეოდა. ამიტომ კავკასიძეს მიაჩნია, რომ ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესი მოსახლეობის უნდობლობას კიდევ უფრო გაზრდის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ჯანდაცვის დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ თუ ეროვნულ გეგმას გავყვებით, წლის ბოლოს 60% მოსახლეობის ზრდასული ასაკის უკვე აცრილი უნდა იყოს და გამოდის, რომ დღეში 19 000 ადამიანს უნდა ვცრიდეთ. არადა დღეში სულ 500 დოზა ვაქცინა კეთდება, ხოლო ამ 60%-ზე სწორება სრულიად არარეალურია. “ვაქცინაციის ტემპებით დღეს ჩვენზე წინაა შრი-ლანკა, ბანგლადეში და ზიმბაბვე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე გაცილებით ჩამორჩენილები არიან. ახლა ჩვენთან ვნახოთ, როგორი შეუსაბამო სიტუაცია გვაქვს. ერთის მხრივ ქვეყანა იხსნება, რაც აბსოლუტურად კარგია. თუმცა ამ გახსნის ფონზე ვაქცინა არ გვაქვს, რაც კატასტროფაა. რეალურად ქვეყანაში აცრილი 5%-იც არ არის“, - ამბობს კავკასიძე „რეზონანსთან“ საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩემი მინისტრობისას 15-20 კაცი ისე გამოვიყვანეთ აფხაზეთიდან, კაციშვილს არ გაუგია“, - ზაქარეიშვილი

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქის დაკავების შემთხვევაში ხელისუფლება პირველ რიგში უნდა ეცადოს, რომ საქმე ე.წ. სასამართლომდე არ მიიყვანოს და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მოახერხოს მისი გათავისუფლება; ან დე ფაქტო სასამართლოსათვის კვალიფიციური ადვოკატი დაიქირაოს, მიაღწიოს მინიმალურ სასჯელს და შემდეგ ამავე ადვოკატის დახმარებით მიაღწიოს ვადამდე გათავისუფლებას. ამის შესახებ "რეზონანსს“ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა, რომელმაც მისი მინისტრობისას მომხდარი მსგავსი შემთხვევები გაიხსენა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ჩემი მინისტრობისას 15-20 კაცი ისე გამოვიყვანეთ აფხაზეთიდან, კაციშვილს არ გაუგია“, - ზაქარეიშვილი

"ამ კონტექსტში მან ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეზეც ისაუბრა. ზაქარეიშვილის თქმით, კვალიფიციური ადვოკატის აყვანის შემთხვევაში, დე ფაქტო სასამართლო მას არა 12 წელსა და 6 თვეს, არამედ 3-4 წელს მიუსჯიდა. „გაფრინდაშვილის დაკავების და ტატუნაშვილის მკვლელობის დროსაც ვამბობდი, რომ ოჯახს უნდა მისცემოდა საშუალება რუსეთიდან ვინმე გამოცდილი ადვოკატი აეყვანათ. რა თქმა უნდა, ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ ეს ჩვენს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა. „არის ხალხი, ვინც ამაზე მუშაობენ. მართალია, ძვირადღირებულია მათი მომსახურება, მაგრამ გამოცდილები არიან და ძალიან კარგად მუშაობენ. მთელი ჩემი ცხოვრება ამ ადამიანებთან კონტაქტი მაქვს. 4 წელი მინისტრი ისე ვიყავი, კაციშვილს არ გაუგია რამდენი ადამიანი გავათავისუფლე და როგორ. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხიც კი იყო ჩართული. ისინი მთხოვდნენ დავხმარებოდი და მე ვაფრთხილებდი, რომ თუკი არ იხმაურებდნენ, დავეხმარებოდი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სოჭის ოლიმპიადის დროს აფხაზეთში სამუშაოდ გადასულ ქართველებს რომ აკავებდნენ, ისე ჩუმად ვაშვებინებდი, რომ ვერავინ იგებდა. 15-20 კაცი ისე გამოვიყვანეთ, კაციშვილს არ გაუგია. როცა არაფერს აკეთებ, ხმაური და აჟიოტაჟი სიტუაციას კიდევ უფო ამწვავებს. ორი მომენტია - ან საქმე სასამართლომდე არ უნდა მიიყვანო და გათავისუფლება მაშინვე შეძლო, ხოლო სასამართლომდე საქმე თუ მივა, ადვოკატი უნდა აიყვანო, განაჩენს დაელოდო და უკვე ადგილობრივად მან უნდა იმუშაოს. მერე შეწყალება ან უდო უნდა შეეხოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა