გია ნოდია - არჩევნებამდე 3 თვით ადრე არც მმართველი გუნდი და არც ძირითადი პოლიტიკური ძალები კარგად არ გამოიყურებიან

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა.

- ბატონო გია, ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან ქალბატონი ჟვანიას გადადგომაზე ბევრი კომენტარი კი გაკეთდა, მაგრამ ახლა ყველაზე აქტუალურია თუ ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ - თუ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ, უმრავლესობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. მეტიც, გაირკვა, რომ უმრავლესობას შეეძლება დროებით, 6 თვით აირჩიოს ცესკო-ს შემდეგი თავმჯდომარე.

არადა, მას შემდეგ, რაც ჟვანია გადადგა, თითქოს იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეეცდებოდნენ ამ პოსტზე „დიმიტრი გელოვანის“ ერთობლივად მოძიებას.

თქვენ როგორ შეაფასებდით ჟვანიას გადადგომის შემდეგ ცესკო-ს მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით წარმოქმნილ რეალობას?

- როგორც ჩანს, ხელისუფლება მანევრირებს და ჟვანიას გადადგომა ამგვარი მანევრირების შედეგი იყო. ძნელი დასაჯერებელია, რომ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ქალბატონ ჟვანიას გადაწყვეტილება იყო, რადგან, სულ რამდენიმე დღის წინ ის ამბობდა, რომ არ აპირებდა გადადგომას.

ჟვანიას გადადგომამ თუ რამ დაგვანახა, გახლავთ ის, რომ როგორც ჩანს, მმართველ გუნდს ცესკო-ს მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები ჟვანიას გადადგომამდე ჰქონდა.

ჟვანიას გადადგომამ თუ რამ დაგვანახა, გახლავთ ის, რომ როგორც ჩანს, მმართველ გუნდს ცესკო-ს მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები ჟვანიას გადადგომამდე ჰქონდა

როგორც ჩანს, ცესკო-ს ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით მმართველ გუნდს რაღაც უკვე მოფიქრებული აქვს და იგი მაქსიმალურად შეეცდება ამ თანამდებობაზე მისთვის მისაღები კანდიდატურა დაინიშნოს.

- ამ თემაზე გაკეთებულ უამრავ კომენტარებს შორის ერთი საკმაოდ საინტერესოდაც კი გამოიყურება.

ჟვანიას გადადგომით ივანიშვილი იმედოვნებს რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხელისუფლების მიმართ მეტად ლოიალურები იქნებიან. ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებული პროცესის ამგვარად წარმოდგენა რამდენად მართებული შეიძლება იყოს?

- შესაძლოა, ვინმე ასე ანგარიშობდეს. რაკი სასამართლოს საკითხში ხელისუფლება პრაქტიკულად არ ასრულებს 19 აპრილის შეთანხმებას, სიტყვა პაუზის სემანტიკაზე დაობს, - პაუზა არ ნიშნავს შეჩერებას და რაღაც ასეთი, შესაძლოა მართლაც გადაწყვიტეს ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხში რაღაც ჟესტის გაკეთება.

არ გამოვრიცხავ, რომ მმართველ გუნდს ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით ამგვარი გათვლაც ჰქონოდა.

- საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მიღებულია. როგორ შეაფასებდით საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს?

- შესაძლოა, საარჩევნო კანონმდებლობაში ცალკეული ცვლილებებში პოზიტიური იყოს. მე არა ვარ იურისტი და საარჩევნო კანონმდებლობასა და ტექნოლოგიებში ჩახედული, მაგრამ, მაინც ვვარაუდობ, რომ საარჩევნო კანონში მიღებული ცვლილებების მიუხედავად ხელისუფლებას საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების ბერკეტები რჩება.

- საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებას ხმა „ნაციონალებსა“ და „ ლელოს“ არ მიუცია. მათ ასე გააპროტესტეს პარლამენტში შეუსვლელობის გამო „ლეიბორისტებისა“ და „პატრიოტთა ალიანსისათვის“ დაფინანსების შეწყვეტა. მომხდარს ბევრი პოლიტიკური პარტიების დევნად აფასებს.

თქვენი აზრითაც ასეა?

- ხელისუფლება ცდილობს ხისტი პოლიტიკის გატარებას. არა მარტო უნდათ, ახდენენ კიდეც თავისი სიხისტის დემონსტრირებას.

- უკვე ვიცით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის შეთანხმება მიღწეულია. ცვლილებები გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 2%-იანი ბარიერია. 2%-იანი ბარიერისთვის იბრძოდა „გირჩი“, მოქალაქეები“ და „რესპუბლიკური პარტია,“. „ნაციონალები“ კოალიციური მმართველობის პერსპექტივებზე კი საუბრობდნენ, მაგრამ 2%-იანი ბარიერით აღფრთოვანებულებს არ გავდნენ.

ახლა როცა ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ნაციონალების“ გარეშეც შეიძლება მოხერხდეს, თქვენი აზრით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ თუ არა „ნაცმოძრაობა“?

- ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ არ უნდა დაუჭირონ „ნაციონალებმა“ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ არ უნდა დაუჭირონ „ნაციონალებმა“ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს

პოლიტიკაში ყველაფერი ხდება. მაგრამ, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არ არსებობს კონკრეტული არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

- „ოცნებამ“ ამნისტიის კანონის მიღება გადადო. თქვენი აზრით, რატომ?

- შესაძლოა ამის მიზეზი იყოს ის, რომ ამნისტიის კანონის მიუღებლობა ოპოზიციას დააბრალონ. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ამნისტიის კანონს კრიტიკა არ დაკლებია იმ ნაწილში, რომელიც პოლიციელებს და 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილებების მიმღებებს ეხება.

რადგან ახლა მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტული ექსპრემიერ გახარიასთან ბრძოლაა, არაა გამორიცხული ხელისუფლებას ჩაეთვალა, რომ 20 ივნისის თემის გამოყენება გახარიას წინააღმდეგ შეიძლება.

რადგან ახლა მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტული ექსპრემიერ გახარიასთან ბრძოლაა, არაა გამორიცხული ხელისუფლებას ჩაეთვალა, რომ 20 ივნისის თემის გამოყენება გახარიას წინააღმდეგ შეიძლება

ამის საფუძველს იძლევა ის, თუ როგორ აკრიტიკებს ახლა მმართველი გუნდი გახარიას მოქმედებას 20 ივნისის ღამეს.

- მოსამართლეებთან დაკავშირებული თემა ახლა ერთერთი ყველაზე განხილვადი გახლავთ. თემის აქტუალურობის მიზეზი თავად მოსამართლეთა კორპუსი აღმოჩნდა, რომლებმაც ძალა არ დაიშურეს ემტკიცებინათ რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი არიან პოლიტიკური გავლენებისგან, ხოლო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს უსაყვედურეს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა.

თქვენ როგორ აღიქვით ერთი მხრივ მოსამართლეთა ქმედებები, მეორე მხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები, რომ პარლამენტი მოსამართლეთა შერჩევის პროცესს არ შეაჩერებს?

- გარდა იმისა, რომ მოსამართლეების საკითხში ხელისუფლების დამოკიდებულება არღვევს თუ 19 აპრილის შეთანხმების ტექსტს არა, მის სულისკვეთებას, სულ უფრო ცხადად ჩანს, რომ ამ საკითხში ხელისუფლება სიჯიუტეს ავლენს.

ადრე ვთქვი და გავიმეორებ - 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდა, მაგრამ ახლა იგივე მოსამართლეების საკითხში სიჯიუტით იგი ცდილობს თავის ამომრჩეველში რეპუტაციული დანაკარგების აღდგენას.

19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდა, მაგრამ ახლა იგივე მოსამართლეების საკითხში სიჯიუტით იგი ცდილობს თავის ამომრჩეველში რეპუტაციული დანაკარგების აღდგენას

დასავლეთის მხრიდან აშკარად არის მინიშნება, რომ მოსამართლეების საკითხში ხელისუფლების ქცევა არ არის სწორი, მაგრამ მმართველი გუნდი ამ რჩევებსაც არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება თავად მოსამართლეებს, როგორც ჩანს, დასავლეთის კრიტიკაზე მოსამართლეების ხელისუფლების მხრიდან მიღებული აქვთ მხარდაჭერა. პოპულარული მოტივიც მოძებნილია - რატომ ერევით ჩვენს საშინაო საქმეებში?

- აშშ-ს ელჩის განცხადებები ამ თემაზე საკმაოდ კრიტიკული იყო და ასეთივედ რჩება. სავარუდოდ, რით შეიძლება დასრულდეს მოსამართლეების შერჩევასთან დაწყებული პროცესი?

- დიახ, აშშ-ს ელჩის განცხადებები საკმაოდ მკვეთრი იყო. მიჭირს თქმა, სავარაუდოდ, ყველაფერი რით დასრულდება, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ თემაზე რაც ხდება, მაინდამაინც სასიკეთო პირი არ უჩანს.

- მესამე პრეზიდენტი არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ სიურპრიზებს გვპირდება და აცხადებს, რომ ჩამოვა. დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში „ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფების „ოცნებასთან“ ფლირტი დასრულდება“.

მეორე ნაწილის მტკიცებით კი, თუ სააკაშვილი არჩევნებამდე ჩამოვიდა, ამის ისევ „ოცნება“ იხეირებსო. ახლა, როცა არჩევნებამდე 3 თვის ადრე ელექტორატის განწყობებთან დაკავშირებით ბევრი რამ გაურკვეველია, თქვენი აზრით არჩევნებამდე სააკაშვილის ჩამოსვლა ვისთვის უფრო მომგებიანი იქნება - „ოცნებისთვის,“ მხოლოდ „ნაციონალებისთვის“ თუ მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის?

- ჩემი აზრით, არჩევნებამდე სააკაშვილის ჩამოსვლას აზრი ექნება და გამართლებული იქნება თუ ოპოზიციური განწყობების მკაფიო გაძლიერების ტენდენტია სახეზე იქნა.

სხვა შემთხვევაში, თუკი ოპოზიციური განწყობები მკაფიო არ იქნა, სააკაშვილის არჩევნებამდე ჩამოსვლა სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთი გამწვავება ოპოზიციის ინტერესებში შედიოდეს.

თუკი ოპოზიციური განწყობები მკაფიო არ იქნა, სააკაშვილის არჩევნებამდე ჩამოსვლა სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთი გამწვავება ოპოზიციის ინტერესებში შედიოდეს

- არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი. როგორ შეფასებდით 3 თვით ადრე საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას? მხედველობაში მაქვს პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წინაშე არსებული გამოწვევები...

- არჩევნებამდე 3 თვით ადრე არც მმართველი გუნდი და არც ძირითადი პოლიტიკური ძალები კარგად არ გამოიყურებიან. როგორც კვლევები აჩვენებს ხელისუფლების რეიტინგი და მხარდაჭერა კლებულობს, ხალხის უკმაყოფილება მატულობს, რაც ხელისუფლებისთვის კარგი არ არის. მმართველ ძალას ეტყობა გარკვეული შეშფოთება გახარიას ფაქტორის გამოჩენის გამო.

მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ოპოზიციაც საკმაოდ პასიურია. მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დაიშალნენ, დაიბნენ და არ იციან რა გააკეთონ. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში კი მონაწილეობენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ მოახლოებული არჩევნებისთვის თავისი ამომრჩევლისთვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული გზავნილი არ აქვთ. ამ მიმართულებით აქტივობა არ ეტყობათ.

3 თვე საკმაოდ ცოტა დროა. ვხედავთ, რომ ოპოზიციის აქტივობა არ ჩანს და ფაქტია, რომ ოპოზიციამაც უნდა გაიღვიძოს.

მმართველ ძალას ეტყობა გარკვეული შეშფოთება გახარიას ფაქტორის გამოჩენის გამო... ვხედავთ, რომ ოპოზიციის აქტივობა არ ჩანს და ფაქტია, რომ ოპოზიციამაც უნდა გაიღვიძოს

- გახარიას თემაზე ოდნავ ვისაუბრეთ, მაგრამ მე კითხვას ასე დავსვამდი - გახარია პოლიტიკაში დაბრუნებამ რა დაგვანახა?

- გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებამ პირველ რიგში დაგვანახა, რომ „ქართულ ოცნებაში“ სტრუქტურული სისუსტე არსებობს. ეს ადრეც ჩანდა, მაგრამ მიუხედავად ხელისუფლებისა და ივანიშვილის რესურსებისა, ხელისუფლებას უჭირს თავისი გუნდის მართვა და ერთიანობის შენარჩუნება. საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დატოვა მმართველი გუნდი წინა პარლამენტში.

ახლა ვნახეთ რომ სახელისუფლებო გუნდი პარლამენტში კიდევ შეთხელდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ გახარია ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო დანაკარგია.

მეორე მხრივ, ამან გარკვეულად გაუსვა ხაზი ოპოზიციის სისუსტესაც იმ თვალსაზრისით რომ ელექტორალურად გახარია არ არის ისეთი ძლიერი, როგორც „ნაცმოძრაობა“, მაგრამ გახარია გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ოპოზიციის სასარგებლოდ გადაჰხაროს არჩევნების შედეგი.

ახლა გახარია უფრო მეტ ყურადღებას იწვევს მედიაში, ვიდრე ოპოზიცია. ამ ვითარებამ წინა პლანზე დააყენა გახარია, რაც არც მთლიანად ოპოზიციისთვის და არც არც „ნაციონალებისთვის“ მომგებიანი არ არის.

ახლა გახარია უფრო მეტ ყურადღებას იწვევს მედიაში, ვიდრე ოპოზიცია. ამ ვითარებამ წინა პლანზე დააყენა გახარია, რაც არც მთლიანად ოპოზიციისთვის და არც არც „ნაციონალებისთვის“ მომგებიანი არ არის

- ახლა როცა უკვე ცნობილია რომ მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე იქნება, აქტუალური თემაა თუ ვის დაუპირისპირებს კალაძეს ოპოზიცია.

ფაქტია, რომ შემოდგომაზე ჩასატარებელი არჩევნებში თბილისში ხელისუფლების დამარცხება უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ნაციონალების“ ნაწილს მიაჩნია, რომ თბილისის მერობის კანდიდატი „ნაციონალების“ თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა იყოს. მეორე ნაწილი თვლის, რომ მელია მოახლოებულ არჩევნებზე მთელი ოპოზიციის ლიდერობა უნდა იტვირთოს.

ოპოზიციის ლიდერები თვლიან, რომ ბევრ მათგანს ეყოლება თბილისის მერობის თავისი კანდიდატი. თქვენი დაკვირვებით საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხზე „ნაციონალები?

- ვვარაუდობ, რომ ამ თემაზე ოპოზიციაში მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიცია შეძლებს ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას.

ცალსახაა, რომ კალაძე თბილისის მერობის ძლიერი კანდიდატია და ოპოზიციისთვის კონკრეტულად მისი დამარცხება არ იქნება ადვილი. ოპოზიციისთვის არ იქნება მოგებიანი ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ამ არჩევნებზე თბილისის მერის არჩევნებია გადამწყვეტი.

ცალსახაა, რომ კალაძე თბილისის მერობის ძლიერი კანდიდატია... ამიტომ ოპოზიციისთვის არ იქნება მოგებიანი ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ამ არჩევნებზე თბილისის მერის არჩევნებია გადამწყვეტი

ოპოზიციამ უნდა შექმნას განწყობა, რომ თბილისის მერის არჩევნები კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია, რომ ოქტომბრის არჩევნები პრაქტიკულად რეფერენდუმია და ოპოზიციისთვის მთავარია მმართველმა გუნდმა ვერ მიიღოს ამომრჩეველთა ხმების 43%, რაც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა