ანა დოლიძე - მე არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შევარჩევთ კანდიდატს, რომელიც სამართლიანად ჩაატარებს არჩევნებს

ცვლილებები თავიდან ბოლომდე ვერ აღმოფხვრის „კლანს“, ეს არ არის რევოლუციური ცვლილებები, მაგრამ ნამდვილად არის ტაქტიკური ცვლილებები, რომელიც შეძლებს, რომ შეზღუდოს „კლანის“ ძალაუფლება იუსტიციის საბჭოში, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ სასამართლო სისტემის გამოწვევებზე და რეფორმის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში სასწრაფოდ უნდა გატარდეს რეფორმა, რომელიც კლანის ძალას შეკვეცავს.

„ჩვენს წინაშეა გარდამტეხი მომენტი, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები იმისთვის, რომ დანიშნოს იუსტიციის საბჭოს წევრები. დღეს წარმოდგენილი წინადადებები კოალიციის მხრიდან იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, თუ ისინი იქნება გათვალისწინებული და გათვალისწინებული იქნება ერთადერთ შემთხვევაში - თუ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან დაინახავს, რომ მათი პოზიცია არის ურყევი იმასთან დაკავშირებით, რომ სასწრაფოდ უნდა გატარდეს რეფორმა, რომელიც შეკვეცავს „კლანის“ ძალას. ეს ცვლილებები თავიდან ბოლომდე ვერ აღმოფხვრის „კლანს“, ეს არ არის რევოლუციური ცვლილებები, მაგრამ ნამდვილად არის ტაქტიკური ცვლილებები, რომელიც შეძლებს, რომ შეზღუდოს „კლანის“ ძალაუფლება იუსტიციის საბჭოში. ეს ცვლილებები გავა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ კარგად დაინახავს, რომ ცვლილებების უკან დგას ჩვენი მთავარი პარტნიორი და აქ დემოკრატიის მთავარი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატებია“, - განაცხადა დოლიძემ.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესს და აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს რესურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინოს პიროვნება, რომელიც არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ შევარჩევთ კანდიდატურას, რომელიც ობიექტურად და სამართლიანად ჩაატარებს არჩევნებს. ჩვენ შეიძლება თამარ ჟვანია შევცვალოთ ვიღაცით, რომლის სახელი და გვარიც არის ნაკლებად ოდიოზური, მაგრამ ვერ ვხედავ რესურს, რომ „ქართული ოცნება“ მზად იყოს დანიშნოს ან წარადგინოს ისეთი პიროვნება, რომელიც არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს. ეს მარტო იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია, მოსახლეობა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთი და იგივე მხარეს დადგებიან“, - განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა