ანა ნაცვლიშვილი - ნათელია ხელისუფლების პოლიტიკა, საზოგადოებაში დათესოს გათიშულობა და შუღლი - პროცესები გაგრძელებაა სცენარის, რომელიც არ ვფიქრობ, რომ თბილისშია დაწერილი

სამწუხაროდ, ნათელია ხელისუფლების პოლიტიკა, რომ საზოგადოებაში დათესოს გათიშულობა და შუღლი - ამის გამოხატულება იყო ეს ორი დღეც , - ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც “პრაიდთან” დაკავშირებით თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული მოვლენები ფრაგმენტულად არ უნდა განიხილებოდეს და ეს პროცესები არის “გაგრძელება იმ სცენარისა, რომელიც თბილისში არ იწერება”.

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ უნდა დავუშვათ შეცდომა, რომ მოვლენები, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვითარდებოდა რუსთაველის გამზირზე, შევაფასოთ როგორც ფრაგმენტული, ცალკე აღებული მოვლენა. სამწუხაროდ, ნათელია ხელისუფლების პოლიტიკა, რომ საზოგადოებაში დათესოს გათიშულობა და შუღლი. ამას “ქართული ოცნება” აკეთებს წლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდებით. ამის გამოხატულება იყო ეს ორი დღეც. ეს დიდი სურათის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანი, როგორც ამას პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილების მიმღები ნაწილის მოქმედებები, განცხადებები და პოლიტიკა აჩვენებს, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაა. ეს არის ყველაზე უფრო საგანგაშო. საბაბს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რა ჩანს. ხელის გულზე ჩანს, რომ “ოცნების” მცდელობაა იქითკენ, რომ საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდეს.

მთავარი, რაც იკვეთება მიმდინარე პროცესებში ისაა, რომ ეს პროცესები არის გაგრძელება იმ სცენარისა, რომელიც არ ვფიქრობ, რომ თბილისშია დაწერილი, ესაა საზოგადოებაში შუღლის გაღვივების პროცესი და ყველა, ვინც ამას ხელს უწყობს, ნებსით თუ უნებლიედ, შეიძლება ამ სცენარის თანამონაწილე გახდეს. მე მომისმენია განცხადებები, სამწუხაროდ, სასულიერო პირთა მხრიდანაც, რომელიც არ ემსახურება საზოგადოების შერიგებას. მეორე მხრივ, გუშინ აქციაზეც იდგა რამდენიმე სასულიერო პირი, რომელიც ღიად აფიქსირებდა მოწოდებებს - არა ძალადობას. თვითონ ეკლესიის შიგნითაც, ნათლად ჩანს, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა. სცენარი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო გადაიყვანოს ევროპული კურსიდან და დააბრუნოს რუსეთში, დაწერილია რუსეთში. ვინც მის აღსრულებაში მონაწილეობს, ნებსით თუ უნებლიედ, ეს სერიოზული პრობლემაა”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს