საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობის შესახებ პირველი კვლევა გამოქვეყნდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კვლევის „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“ - პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით ჩატარდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, IDFI-ისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთობლივი კვლევა პირველი დოკუმენტია, რომელიც საქართველოში არსებულ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს ყოველმხრივ აფასებს და არსებულ გამოწვევებს აანალიზებს.

„კვლევის ავტორების განცხადებით, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტება და ამ შემთხვევების გამოუძიებლობა წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის ფაქტს და აღნიშნავენ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა, კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ მხოლოდ ინსტიტუტის შექმნა საკმარისი არ არის, თუკი ის, დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, არ აღიჭურვება ყველა საჭირო სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმებით“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, კვლევის პრეზენტაციამდე, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, ეს კვლევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

,,მიხარია, რომ კვლევის მიგნებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი 2020 წლის საქმიანობის ანგარიშთან, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. ვეთანხმები კვლევის შედეგებს და ვთვლი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძლიერ, ქმედით და დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმად ჩამოსაყალიბებლად, საჭიროა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა”, - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.

პრეზენტაციის ფარგლებში, კვლევის ავტორებმა ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.

„კვლევის ფარგლებში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში კადრების შერჩევა ხორციელდება კომპლექსური კონკურსის საფუძველზე. ამასთან, დადებითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ იურიდიული განათლება სამსახურის გამომძიებლების აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნაა, რაც პირდაპირ აისახება მათი პროფესიული საქმიანობის ხარისხზე. კვლევის ფარგლებში, ასევე დადებითად არის შეფასებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამჭვირვალობა და გამოქვეყნებული ანგარიშები, საგამოძიებო და ოპერატიული. საქმიანობის გამიჯვნა და დისციპლინური საკითხების გადაწყვეტის პროცესში კოლეგიური ორგანოს ჩართულობა.

ძირითად გამოწვევებად კი დასახელებულია ის ფაქტორები, რომ გამომძიებელი შეზღუდულია, დამოუკიდებლად წარმართოს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და მიიღოს გადაწყვეტილებები საქმეზე არსებითად მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე. საგამოძიებო სამსახურს, მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად, არ შეუძლია პროკურატურის გარეშე, მათ შორის, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხის არსებობის დროსაც, დამოუკიდებლად და დაუყოვნებლივ მოიპოვოს კომპიუტერულ სისტემაში შენახული ინფორმაცია (ვიდეოჩანაწერები), რაც სამართალდამცავი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის გამოძიების მთავარი მტკიცებულებაა.

ამასთან, კვლევაში ყურადღება მახვილდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატისა და ქვემდებარე დანაშაულების გაფართოების მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად აფერხებს არასაკმარისი ადამიანური, ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა