ზვიად კირტავა - ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, რომ წილი ვყაროთ - ვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას, თუ გვიწევს ისევ იმ წრეზე - თავიდან შეზღუდვებზე დაბრუნება

ქვეყანაში არსებულ ეპიდომიოლოგიურ ვითარებაზე, გაუარესებული სტატისტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და გზებზე “ინტერპრესნიუსი“, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორს, ზვიად კირტავას ესაუბრა.

- ბატონო ზვიად, სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოება სიხარულით კი შეხვდა პანდემიის გამო შეზღუდვების შემსუბუქებას, მაგრამ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში მძიმდება. ინფიცირებულთა რიცხვი პრაქტიკულად ყოველ დღე მატულობს და სახიფათო მასშტაბებს იძენს.

როგორ შეაფასებდით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და რამდენად შეესაბამება შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას?

- ხანგრძლივი შეზღუდვების ზაფხულის დასაწყისში მოხსნამ საზოგადოების დიდი ნაწილი მართლაც გაახარა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ურთიერთობა და მოგზაურობა ძალიან მოენატრათ და, ასევე, საკმაოდ პოზიტიურად აისახა ბიზნეს აქტივობებსა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც.

ქვეყანაში იმატა სავალუტო შემოსავლებმა და გამყარდა ლარის კურსი. გაჩნდა ტურიზმის და სარესტორნო ბიზნესის გამოცოცხლების პირობები. მაგრამ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რამდენიმე კვირაში ამან თანდათან გააუარესა ეპიდემიოლოგიური მონაცემები.

სამწუხარო რეალობაა, რომ პანდემიის დროს რაც შველის საზოგადოებრივ ჯანდაცვას - ეპიდემიოლოგიური კონტროლი, კარანტინი, და მობილობის შეზღუდვები, ის აფერხებს ეკონომიკას, და - პირიქით. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ითვლება როგორც უბრალო ეთიკურ, ასევე ეკონომიკური კუთხითაც - სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანად.

იმისათვის, რომ პანდემიასთან საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ, აუცილებელია მასობრივი ვაქცინაცია და პოპულაციური იმუნიტეტის ისე მიღწევა, რომ შეზღუდვების საბოლოოდ მოხსნა გამართლებული იყოს.

იმისათვის, რომ პანდემიასთან საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ, აუცილებელია მასობრივი ვაქცინაცია და პოპულაციური იმუნიტეტის ისე მიღწევა, რომ შეზღუდვების საბოლოოდ მოხსნა გამართლებული იყოს

მსოფლიოს 200 ქვეყანა ან უკვე ახორციელებს მასობრიც ვაქცინაციას, ან მიისწრაფვის ამისკენ. სხვანაირად, ნებისმიერი შემსუბუქება შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს და ამ რეალობას ვაწყდებით დღეს. მით უფრო, რომ ამას გვაიძულებს „დელტა“ შტამის პოტენციური გავრცელება.

არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უწევთ უკვე ახალ ტალღასთან გამკლავებაზე ფიქრი და ტაქტიკური უკანდახევა, სტრატეგიულ გამარჯვებამდე. ამ პანდემიური „სტეპის“ თაობაზე (ორი ნაბიჯი წინ, შეჩერება და აუცილებლობის შემთხვევაში - უკანდახევა), ჩვენ უკვე ადრეც ვისაუბრეთ.

- შეძლებისდაგვარად ვაკვირდებით, თუ როგორ ებრძვის მსოფლიო პანდემიას. თუ თუნდაც გასულ წელს ქვეყნები ცდილობდნენ ერთნაირი მიდგომები ჰქონოდათ, ახლა ვხედავთ, რომ ევროპის ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლის განსხვავებულ სტრატეგიებს ირჩევენ.

ერთნი ამკაცრებენ შეზღუდვებს, მეორენი, პირიქით ამსუბუქებენ. თქვენ რას დაუკავშირებდით სხვადასხვხა ქვეყნებში პანდემიასთან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიების არსებობას?

- ძირითადი ფაქტორები, რაც განსხვავებულ სტრატეგიებს განაპირობებს, რამდენიმეა ა) ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა

ბ) ვაქცინაციით მოსახლეობის მოცვა (ჯანმო თვლის სტაბილიზაციისთვის სასურველი დონედ - 30% მაინც, სტრატეგიული სამიზნედ - მინიმუმ 60%);

გ) ვირუსის უფრო გავრცელებადი და აგრესიული, ე.წ. შეშფოთების ვარიანტების (ძირითადად, - დელტა შტამის) გავრცელება, რაც უკვე ბევრგან რეალობაა, და კიდევ 100-მდე ქვეყანას ემუქრება;

დ) ტაქტიკა მოზარდების ვაქცინაციის მხრივ.

სადღეისოდ, რამდენიმე ტაქტიკის ნაზავი გამოიყენება

1)შეზღუდვების ნაწილობრივ აღდგენა. მაგალითად ნიდერლანდებმა კვლავ დახურეს ბარები ღამის 12 საათის შემდეგ და დისკოტეკები და კლუბები. იზრდება მოგზაურობის შეზღუდვები ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან, მაგალითად, ბრიტანეთიდან შესვლაზე - მინიმუმ - კარანტინის აღდგენით სხვათა შორის, ევროპის მრავალი ქვეყნისა და ამერიკისათვის ჩვენც უკვე წითელ ზონად ვითვლებით. ისევ წესდება შეკრებების ზომის ლიმიტები, ზოგიერთი ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია ფიქრობენ ღამით გადაადგილების შეზღუდვის აღდგენაზე.

საუბარია იმაზეც, რომ შეიძლება რიგ ქვეყნებში სასწავლო პროცესის განახლებამ გადაიწიოს, თუ ვერ მოხერხდა მანამდე დელტას გავრცელების შეჩერება. ამ ფონზე გამომაკლისად ჩანს ბრიტანეთი, რომელიც ჯერჯერობით მაინც, არ აპირებს შეზღუდვების მოხსნის დადგენილი ვადის - 19 ივლისის გადაწევას - ამის იმედს მათ აძლევთ ის, რომ მიუხედავად დელტა ვარიანტის გამო შემთხვევების მკვეთრი მატებისა, 60%-იანი ვაქცინაციის პირობებში, სიკვდილობის მაჩვენებლები უაღრესად დაბალი რჩება! ორმაგი ვაქცინაცია მძიმე შემთხვევებისაგან აქტიურად იცავს.

2)ვაქცინაციის გააქტიურების, გაფართოების და წახალისების კამპანია - სხვადასხვა აუცილებელი მოთხოვნების დაწესებით, მაგალითად, სამედიცინო პერსონალის და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულო აცრების დაწესებით, რაც იყო იტალიაში და დაწესდა საფრანგეთშიც, ასევე ამერიკის ზოგიერთ შტატში ანმ მრავალ ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებასა და უნივერსიტეტში.

გააქტიურებასთან ახლოსაა ვაქცინაციის პროგრამების გაფართოება, მაგალითად - მოზარდებში და ახალგაზრდებში, რადგან დელტა ვარიანტის მეტი გავრცელება ახალგაზრდებში იმასაც შეიძლება უკავშირდებოდეს, რომ ასაკოვანი პირების დიდი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია და დელტა ახლა რეზერვუარად ახალგაზრდებს იყენებს.

ამიტომ მოსალოდნელია და ზოგმა ქვეყანამ უკვე დაიწყო არამცთუ 16, არამედ უკვე 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია. ამაზე აქცენტს, სავარაუდოდ, გააკეთებენ ამერიკა, ბრიტანეთი, ისრაელი. იმ დროს, როცა მრავალი დასავლური ქვეყანა ხედავს, რომ მოსახლეობის 60-70% უკვე აცრილია, მაგრამ დარჩენილი 30-40%-ში ყოყმანი მაღალია, ზოგი იყენებს სხვადასხვა წამახალისებელი პრიზების და შეღავათების დაწესებას ვაქცინირებულთათვის - ბილეთები, ვაუჩერები, ფულადი პრიზები, ლატარეის გათამაშებები, საბანკო უცხოეთში მოგზაურობის შეღავათები (ამ მხრივ ამერიკა ლიდერობს)

3)დამატებითი ბუსტერ-დოზის შეთავაზება. თუმცა აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, FDA და ჯანმო აცხადებენ, რომ მთავარი ამოცანა არის მოსახლეობის ორჯერადი ვაქცინირება, რომელიც ძალიან ეფექტურად იცავს დელტა შტამის მძიმე და ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევებისაგან და ამცირებს სიკვდილის რისკს, ხოლო მესამე ბუსტერ-დოზა გამოყენებული უნდა იქნას განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში - პანდემიის ფრონტის წინა ხაზის სამედიცინო და დამხმარე პერსონალი იქნება ეს, მოხუცები თუ სხვადასხვა იმუნოდეფიციტის ან მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე დაუძლურებული პირები.

აღნიშნულ ტაქტიკას უკვე იყენებენ აზიის რამდენიმე ქვეყანაში (ემირატები, ბაჰრეინი, თურქეთი) ან იმავე ვაქცინით („სინოვაკი,“ „სინოფარმი“, ან „პფაიზერი“.

4)„დელტა“ ვარიანტის გავრცელების ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა გაზარდოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის სამიზნე 60%-დან - 70%-მდე. ევროკავშირმა დამატებითი დოზები მოიმარაგა და განაცხადა, რომ მოსახლეობის 70% იქნება ვაქცინირებული.

ყველა ეს ზომა გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები უკვე 30% და მეტია. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც მოცვის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, მთავარი ამოცანა არის უსწრაფესად მასობრივი ვაქცინაცია - ნებმისმიერი იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია. უფრო უკეთესი ვაქცინის მოლოდინი არის სახიფათო ტაქტიკა და ჯანმო და ექსპერტები ამაზე მუდმივად მიუთითებენ.

უფრო უკეთესი ვაქცინის მოლოდინი არის სახიფათო ტაქტიკა და ჯანმო და ექსპერტები ამაზე მუდმივად მიუთითებენ

დაბალი ვაქცინაციის პირობებში „დელტას“ საფრთხეზე მეტყველებს სამხრეთ აფრიკის და ნამიბიის მაგალითებიც, სადაც თავდაპირველად არსებული „ბეტა“ (სამხრეთაფრიკული) შტამის „დელტათი“ ჩანაცვლებას არა მარტო შემთხვევების გახშირება, არამედ სიკვდილობის მატების პიკი მოჰყვა! მიზეზი კი ისაა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი 3%-ზე დაბალია...

- გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ხელისუფლება არ ჩქარობს შეზღუდვების გამკაცრებას.

შარშან ზაფხულის ბოლოსა და სექტემბერში ეპიდომიოლოგიური ვითარება კონტროლს თითქმის აღარ ექვემდებარებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ მოახლოებული არჩევნების წინ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იხელმძღვანელა და შეზღუდვები არ გაუმკაცრებია.

დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შარშანდელი ვითარება შესაძლოა წელსაც განმეორდეს, რადგან ქვეყანაში წელსაც არჩევნებია. რადგან ასეა, ხომ არ იქნებოდა ახლა უპრიანი შეზღუდვების გამკაცრებაზე ახლა ეზრუნა მთავრობას, რომ არჩევნებს მეტ-ნაკლებად უკეთესი ეპიდვითარებით შევხვედროდით?

- შარშან მთავარი პრობლემა იყო ის, რომ აქტიურად არ ვიყენებდით ობიექტურ დინამიურ ინდიკატორებს, მაგალითად - დადებითი ტესტების პროცენტულ მაჩვენებელს, რომელმაც 20%-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ჩვენ გვეგონა, რომ მხოლოდ 300-400 ახალი შემთხვევა გვქონდა, შეიძლება ეს მაჩვენებელი 3-4-ჯერ უფრო მაღალი იყო და კონტაქტების მოძიება და ინფიცირებულთა იზოლირება გვიანდებოდა, რამაც სექტემბრის ბოლოდან შემთხვევების ექსპონენციალური ზრდის ხასიათი მიიღო.

ასევე ნაკლები იყო რეგიონებში ტესტირების შესაძლებლობები და რაც მთავარია, შარშან მკვეთრად იმატა სუფრების კლასტერებმა.

დაგეთანხმებით, საარჩევნო პროცესმა და მასთან დაკავშირებულმა მასობრივმა მობილობამ, დიდმა შეკრებებმა - ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე, და ორ ტურად ჩატარებულმა არჩევნებმაც და შემდეგ კი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა ცეცხლზე ნავთი დაასხა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩარევა არ დაბრალებოდა, ნოემბრის ბოლომდე არ მოხდა მკვეთრი შეზღუდვების დაწესება.

იმედია, რაღაც გაკვეთილები მივიღეთ. მაგალითად, წელს უფრო უკეთესი იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი, და მგონი, ისეთი ზღვარგადასული, კატასტროფული სუფრებიც ნაკლებად ტარდება, თუმცა დისტანცირების დაცვა და დახურულ სირვცეში პირბადის ტარება როგორც კი შეზღუდვების დიდი ნაწილი მოახსნა - უკვე მოიკოჭლებს.

მგონი, იმიტომ, რომ უცხოეთში წელს ვაქცინაციით გაუმჯობესებული მდგომარეობის საკუთარ თავზე „პროეცირებას“ ვახდენთ - არადა, კარგად უნდა გვესმოდეს - ვაქცინირების მასშტაბით ჩვენ ახლა იქ ვართ, სადაც ევროპის ქვეყნები მარტ-აპრილში იყვნენ და მაშინ მათ შეზღუდვების მოხსნა გეგმაშიც კი არ ჰქონდათ.

ჩვენ ახლა ამ „თავისუფლებით“ გარკვეულწილად ავანსად ვსარგებლობთ და ან უსწრაფესად უნდა მოვახდინოთ ვაქცინაციის ტემპებში ევროპასთან არსებული ამ ნაპრალის ამოვსება, ან ისევ უნდა დავაწესოთ შეზღუდვები, რადგან სკანდინავიურად - თვითშეგნების საფუძველზე - თვითშეზღუდვისა და რეკომენდაციების განუხრელად დაცვის იმედი მგონი ილუზიაა... გაცილებით მეტი დრო გვჭირდება საზოგადოებრივი და სამოქალაქო ნორმების ასეთი მიმღებლობის და თვითკონტროლის სისტემის ჩამოყალიბებამდე.

სხვათა შორის, 70 მილიონი ლარის ჯარიმების ამნისტია, რამდენადაც სულგრძელი გადაწყვეტილება იყო და ბევრი გაჭირვებული ადამიანისთვის მართლაც შვება აღმოჩნდა, ვერ ვიტყვი, რომ უპირებოდ უნაკლო გადაწყვეტილება, - ბევრ ისეთ შეძლებულ ადამიანსაც შეეხო, რომელთაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების დასაცავად მეტი პასუხისმგებლობა არ აწყენდათ, ნაცვლად იმისა, რომ სერიოზული საფრთხის დასაძლევად სამოქალაქო ერთობის და კანონმორჩილების გრძნობა განემტკიცებინა - მომავალში რთული იქნება იმის იმედად ყოფნა, რომ ჯარიმებს საზოგადოება კვლავაც სერიოზულად მოეკიდება.

არადა, კოვიდ-რეგულაციების დარღვევისას ჯარიმებს მთელი მსოფლიო იყენებს. სხვანაირად, რეკომენდაციების უპირობოდ შემსრულებელი ადამიანებმა შეიძლება ნაწილობრივ მაინც, თავი უთანაბრო პირობებში იგრძნონ - მათი სრული კანონმორჩილება გარკვეულწილად დაუფასებელი აღმოჩნდა...

მე მგონი, ხელისუფლებას და მოსახლეობასაც ჯერ კიდევ გვაქვს შანსი - ახლა მით უფრო, როცა ქვეყანაში 1 მილიონზე მეტი ვაქცინა გვაქვს და კიდევ ერთ ამდენს უახლოეს ხანებში ველოდებით - აქცენტი მასობრივ ვაქცინაციაზე გავაკეთოთ.

ამისთვის 1.5 თვეა დარჩენილი და დღეში 20-25,000 ვაქცინაცია იქნებოდა სასურველის რეალობად ქცევის შანსი. მაგრამ თუ ეს არ დაიწყება ერთ კვირაში, ხოლო შემთხვევების რაოდენობა 1500-2000 იქნება, მოგვიწევს ისევ შეზღუდვების დაწესება.

20-25,000 ვაქცინაცია იქნებოდა სასურველის რეალობად ქცევის შანსი. მაგრამ თუ ეს არ დაიწყება ერთ კვირაში, ხოლო შემთხვევების რაოდენობა 1500-2000 იქნება, მოგვიწევს ისევ შეზღუდვების დაწესება

უნდა ითქვას, რომ 1 მილიონ მოსახლეზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევების დღიური რაოდენობით უკვე მსოფლიოს პირველ ოცეულში, ხოლო ევროპაში - პირველ ხუთეულში ვართ, თუმცა ჩვენი ახლანდელი მაჩვენებელი შარშანდელი მეორე ტალღის პიკზე 4-5-ჯერ ნაკლები რჩება.

სახიფათო ზღვარს - 5%-ს აღწევს ტესტირების პოზიტიური მაჩვენებლის წილი... ასე რომ, ცოტა დრო დაგვრჩა, რომ წილი ვყაროთ - ვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას, თუ გვიწევს ისევ იმ წრეზე - თავიდან შეზღუდვებზე დაბრუნება...

- თითქოს ყველა თანხმდება, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიასთან გამკლავების, მაგრამ ვხედავთ იმასაც რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ დაბალია.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ თუ ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ვაქცინების პრობლემა იყო, მაგრამ ახლა ამ მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. მეტიც, ქვეყნის მასშტაბით შექმნილია ვაქცინაციის ცენტრები, მაგრამ ვითარება ბევრად არ იცვლება.

სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში რჩება, სადაც ვაქცინაციის დონე სასურველზე ბევრად დაბალია?

- პირველ რიგში ეს იყო მაინც ვაქცინების შემოტანის პრობლემები. „პფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ არსებული მოთხოვნა და მიწოდების პრობლემები საყოველთაოდ ცნობილია. შემდეგ ამას დაერთ „ასტრაზენეკას“ მსგავსი დეფიციტი და მრავალთვიანი ჩივილი კომაპნიასა და ევროკავშირს შორის.

დღემდე მწვავედ დგას „კოვაქსის“ დაფინანსების პრობლემები, საიდანაც 3-ჯერ გადაიდო ასტრაზენეკას მეორე პარტიის შემოტანა, ხოლო ინდოეთში დაწყებული კატასტროფული მეორე ტალღის გამო კიდევ უფრო გაძლიერდა ვაქცინების ხელმისაწვდომობის პრობლემა.

მდგომარეობა გაართულა ვაქცინების იშვიათ გვერდით ეფექტებზე გავრცელებულმა ინფორმაციებმაც - მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვრცელდებოდა განმცხადებები და კვლევის პრეს-რელიზები, რომ ვაქცინების სარგებელი, მაგალითად „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში მრავალჯერადად აჭარბებს მისგან შესაძლო პოტენციურ გვერდით ეფექტს.

მდგომარეობა გაართულა ვაქცინების იშვიათ გვერდით ეფექტებზე გავრცელებულმა ინფორმაციებმაც - მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვრცელდებოდა განმცხადებები და კვლევის პრეს-რელიზები, რომ ვაქცინების სარგებელი, მაგალითად „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში მრავალჯერადად აჭარბებს მისგან შესაძლო პოტენციურ გვერდით ეფექტს

ჯანმო, ევროპის წამლების სააგენტო და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები მუდამ მოგვიწოდებდნენ არ დაგვეყენებინა ეჭვქვეშ ვაქცინაციის აუცილებლობა. უბრალოდ, დაიხვეწა და დაზუსტდა ვაქცინაციის ჯგუფები, ჩვენებები და გვერდითი ეფექტების გათვალისწინების მომენტები. მაგრამ ადამიანების გარკვეულ ნაწილში ყოყმანი მაინც გაძლიერდა.

მეორე - არანაკლებ მნიშვნელოვანია ექთან მეგი ბაქრაძის ლამის პირდაპირ ეთერში გარდაცვალება ვაქცინაციის მესამე დღეს, ლამაც ფსიქოლოგიური შოკი მიაყენა მთელ საზოგადოებას და მათ შორის - განსაკუთრებით ძლიერად - ფრონტის წინა ხაზზე, უმძიმესი მეორე ტალღის დასაძლევად გმირულად მებრძოლ სამედიცინო სექტორს, ჩვენს თავდადებულ ექთნებს, რომელთა შორის განსაკუთრებით მაღალი მსხვერპლი დაფიქსირდა...

დაბოლოს, მძლავრი ანტივაქსერული მესიჯები, რომელთა რაოდენობით საქართველო ლამის მსოფლიო ლიდერია და რომელთა დიდი ნაწილი ქვეყნის გარედან, სავარაუდოდ, რუსეთიდან მოდის.

ეს ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი ნაწილია. არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ასეთ ჰიბრიდულ ომში დახარჯული სახსრები 100-ჯერ და ათასჯერ დიდ ზარალს აყენებს მოწინააღმდეგეს, ვიდრე ომის ტრადიციული საშუალებები.

თუ პანდემია საქართველოს დააჩოქებს და ადამიანების დაღუპვის გარდა, ხანგრძლივი კოვიდის მენტალური პრობლემებით საზოგადოების ფსიქოლოგიას და შრომისუნარიანობას დარტყამს მიაყენებს, ხოლო ეკონომიკას ჩამოშლის, ეს შეიძლება 2008 წლის ომზე დიდი კატასტროფა აღმოჩნდეს, ხოლო აგრესორს ბევრად იაფიც დაუჯდეს.

- როგორც გაირკვა, 45 ათასი ექიმებიდან ვაქცინაცია გაკეთებული აქვს მხოლოდ 11 ათასს. სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ სამედიცინო პერსონალში საკმაოდ დაბალია ვაქცინირებულთა რიცხვი?

- მე შევისწავლე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები ჯანდაცვის სექტორის მუშაკების ვაქცინაციის შესახებ. 17 ქვეყნის მონაცემები გამოქვეყნდა და ძირითადად 60%-დან 100%-მდე მერყეობდა.

ყველაზე დაბალი - 20% იყო ბულგარეთში. საინტერესო ის იყო, რომ თუ შევაფარდებთ ამ ქვეყნების მოსახლეობაში ვაქცინაციის ანალოგიურ მაჩვენებლებს, გამოდიოდა, რომ ჯანდაცვის მუშაკებში ვაქცინაცია 1.5-3.2-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე მთლიანად მოსახლეობაში (24-59%, ბულგარეთში - 14%). ერთადერთი ქვეყანა იყო მალტა, სადაც უდიდესი ნაწილი - მოსახლეობის 72%-მდეა სრულად აცრილი, ხოლო მედპერსონალში ეს რიცხვი გაცილებით დაბალი - 43% იყო.

ერთადერთი ქვეყანა იყო მალტა, სადაც უდიდესი ნაწილი - მოსახლეობის 72%-მდეა სრულად აცრილი, ხოლო მედპერსონალში ეს რიცხვი გაცილებით დაბალი - 43% იყო

საქართველო, ამ ფარდობითობის მიხედვით ძირითადად ევროკავშირის სურათში ჯდება - თქვენივე მონაცემებით ექიმების 25%-ია დაახლოებით აცრილი, ხოლო მოსახლეობის - მხოლოდ 6%. თუ მოზრდილ მოსახლეობას ავიღებთ, (რაც დაახლოებით 2.8 მილიონია), მაშინ მოზრდილი მოსახლეობის 11% გამოდის აცრილი. ანუ, ჩვენთანაც ექიმების ვაქცინაციის მაჩვენებელი 2.5-4-ჯერ მეტია.

თუმცა, უფრო დაბალია ექთნების მაჩვენებელი, რაც სავარაუდოდ, ნაწილობრივ, ზემოთდასახელებულ ექთნის ტრაგიკულ გარდაცვალებას უკავშირდება. გარდა ამისა, როცა მედპერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, პანდემიის ფრონტის წინა ხაზის მებრძოლებიდან ბევრმა გადაიტანა კოვიდი და როგორც ვიცით, ჩვენთან 120-დღიანი აუცილებელი ინტერვალია დაწესებული, ინფიცირების შემდეგ ვაქცინაციამდე, რაც შეიძლება კიდევ ერთი ფაქტორია იმის ასახსნელად, რატომ არაა უფრო მაღალი სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი.

თუმცა, გეთანხმებით, რომ თუ ქვეყანა ნამდვილად აპირებს ჯერ 30%-იანი, ხოლო შემდეგ 60% -იანი ვაქცინაციის მიღწევას, ეს პირველ რიგში სწორედ მედპერსონალმა უნდა ვიტვირთოთ - საკუთარი თავიც უნდა დავიცვათ, ჩვენი ოჯახის წევრებიც და პაციენტებიც. და სხვას მაგალითი მივცეთ, მით უფრო, რომ ახლა 4 ტიპის ვაქცინაზე გვაქვს უკვე ხელმისაწვდომობა.

ალბათ, ურიგო არ იქნება, თუ ცალკეული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის ვაქცინაციის ჯამური მაჩვენებლები პერიოდულად გამოქვეყნდება პერსონალური იდენტიფიცირების გარეშე - თუმცა ზოგიერთი ქვეყანა - ისრაელი, საბერძნეთი, იტალია - ამასაც არ ერიდება.

- გახშირდა საუბრები ჩვენში ინდური შტამის სწრაფად გავრცელებაზე. რადგან ინდური შტამპი სხვა შტამპებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულად მიიჩნევა, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ის ვაქცინები, რომელიც ჩვენთან ხალხს უკვე გაკეთებული აქვთ ინდურ შტამპთან ბრძოლის თვალსაზრისით?

- მართალია, ვაქცინები ისე ეფექტურად ვერ ამცირებს სიმპტომატურ - მსუბუქ შემთხვევებს და ინფიცირების გადაცემას დელტა ვარიანტის დროს (64%), როგორც წინა - „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისინი ძალიან ეფექტურია დელტათი გამოწვეული მძიმე ფორმების წინააღმდეგ, რაც არის კიდეც ვაქცინის მიერ განპირობებული მთავარი დაცვა.

სადღეისოდ გვაქვს მონაცემები, რომ ბრიტანულ კვლევაში „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ მაღალეფექტური იყო (93% და 90% შესაბამისად) „დელტა“ შტამით გამოწვეული მძიმე გართულებების და ჰოსპიტალიზაციის, ასევე სიკვდილობის რისკის შესამცირებლად.

მსგავსი მონაცემები გვაქვს ჩილედან - „სინოვაკთან“ მიმართებაშიც- 86%-89%, სადაც კვლევა 10 მილიონი ადამიანის ვაქცინაციის შედეგებს ემყარება, თუმცა იქ არ იყო გამოკვლეული, კონკრეტულად რამდენ %-ში ფიქსირდებოდა „დელტა“ ვარიანტი.

აუცილებლობის შემთხვევაში „დელტას“ წინააღმდეგ ეფექტურობის გასაზრდელად კიდევ ერთი შესაძლებლობა არის მესამე „ბუსტერ-ვაქცინა“ 6-12 თვის შემდეგ - ან იგივე ვაქცინა „სინოვაკი“ თუ „სინოფარმი“ ან „ფაიზერი“.

- შარშან ბევრი ითქვა იმაზე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ აკმაყოფილებდა ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.

მთავრობა აცხადებს, რომ წელს ამ თვალსაზრისით ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ვირუსის პრევენციისთვის ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულებებში ვითარება გამოსწორდება. გაქვთ მოლოდინი რომ წელს სკოლები სასწავლო წელს უფრო მომზადებული შეხვდებიან?

- ამ კითხვაზე პასუხი რთულია. არაა გამორიცხული, რომ პანდემიის განვითარების მიხედვით, თუ „დელტა“ შტამის დომინაცია სამწუხარო რეალობად ასეთი დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლის ფონზე იქცა, მოგვიწიოს მოზარდებშიც ვაქცინაციის დაწყება, ალბათ, 16 წლიდან მაინც.

ამის მიხედვით, სცენარები შეიძლება შეიცვალოს. მთავარია, რომ მასწავლებლების განსაკუთრებით - 45 და მეტი წლის პირების ვაქცინაცია სწავლის დაწყებამდე აუცილებელი უნდა გახდეს. ისევე როგორც მიზანშეწონილია და ალბათ აუცილებელიც - სტუდენტების - (მათ შორის - უცხოელი სტუდენტების) ვაქცინაციაც.

მთავარია, რომ მასწავლებლების განსაკუთრებით - 45 და მეტი წლის პირების ვაქცინაცია სწავლის დაწყებამდე აუცილებელი უნდა გახდეს. ისევე როგორც მიზანშეწონილია და ალბათ აუცილებელიც - სტუდენტების - მათ შორის - უცხოელი სტუდენტების ვაქცინაციაც

კარგად გვახსოვს, რომ სამედიცინო პერსონალის გარდა სამწუხაროდ, მსხვერპლი პედაგოგიურ პერსონალშიც იყო. თუმცა, ზოგადად, გავრცელების მიხედვით, სკოლების მაჩვენებლები არ იყო სხვა დაწესებულებებზე უარესი, პირიქით მასწავლებელთა მხოლოდ 0,3%-0.5%-ს და მოსწავლეთა 0,05%--0.1%-ს უდასტურდებოდა კოვიდ-19.

- ბევრჯერ ითქვა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში გარდატეხა, მაშინ მოხდება, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი აიცრება.

ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც ამ თემაზე ვისაუბრეთ რამდენად რეალისტურად გამოიყურება მთავრობის გეგმა რომ 2021 წელს მოსახლეობის 60% აიცრება? თუ არაა, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს გეგმა შესრულდეს?

- უკვე მოგახსენეთ ამ თემაზე - მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. იმის უზრუნველყოფა ჯანდაცვის სექტორის მხრიდან, რომ პროცესი კარგად იყოს მართული და საზოგადოება ინფორმირებული. აუცილებელია მასობრივი ვაქცინაციის ახალი ცენტრების და დამატებითი ბრიგადების მომზადება (ეს განსაკუთრებით ფაიზერს ეხება).

მაგრამ, არის მეორე პრობლემაც - საზოგადოების მზადყოფნაც. აქამდე ბევრი იყო ჩივილი და წუხილი, რომ იყოს ვაქცინა, ავიცრებოდითო. ახლა უნდა მოხდეს საზოგადოების მხრიდან იმის დადასტურება, რომ ვაქცინების მოლოდინი რეალიზებული იქნება და ისე არ მოხდება, რომ მიუწვდომელი იყო სანატრელი და ხელმისაწვდომობამ კი ხიბლი დაუკარგა ვაქცინებს რომ პოზიცია - „ფაიზერს ველოდები!“ ან - „მე სინოფარმს ველოდები!“, უბრალოდ, ყოყმანის გამართლება არ იყო...

რა თქმა უნდა. ჯობდა მასობრივი ვაქცინაციის ადრე დაწყება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულის გარდა არანაკლებ კრიტიკული იქნება სექტემბრის მეორე ნახევარი - როცა საგანმანათლებლო პროცესი განახლდება და შენობებში კონტაქტირება მრავალჯერადად გაიზრდება, ხოლო ოქტომბრიდან აგრილების გარდა, მძლავრ და მაღალი რისკის ფაქტორად მოგვევლინება საარჩევნო პროცესი და ამასთან დაკავშირებული მასობრივი შეკრებები.

ბოლო დღეების ტრაგიკულმა მოვლენებმა მაგალითმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პოლიტიკური სპექტრი ნაკლებად ხედავს ქვეყნის მთავარ საფრთხედ პანდემიას და იმასაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთ ვაიპოლიტიკოსს სწორედ პანდემია მიაჩნდეს პოლიტიკური მიზნების ასრულების "მექანიზმად".

რეალობა კი ისაა, რომ ვირუსი ყველაზე ზუსტად და მძლავრად იყენებს მისთვის მიცემულ ნებისმიერ შანსს. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო - წინა წელს ორი ქვეყანა იყო, სადაც პანდემიური კრიზისის და პოლიტიკური ციბე-ცხელების კომბინაციამ ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა ორივე მხრივ.

აი, ახალმა ზელანდიამ კი, ქვეყნის მთავარ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევით გადაიტანა არჩევნები და პანდემიის მართვაც იდეალურად შეძლო.

სხვათა შორის, შარშან ივნისში მმართველმა პარტიამ გამოთქვა წინადადება არჩევნების გადატანის შესახებ, მაგრამ მაშინ ამას ოპოზიცია არ დაეთანხმა. ამ დღეებში განვითარებული უმძიმესი დაპირისპირების ფონზე კი ძალიან მიჭირს ვიფიქრო, რომ ახლა მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა.

იმედია, ის მაინც მოხერხდება, რომ ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიაში ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას. ვფიქრობ, ამ საკითხში პოლიტიკური მერკანტილიზმის და პოპულიზმის გამოყენება - გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც - მსგავსი პოლიტიკური ძალის წაგებით დასრულდება.

იმედია, ის მაინც მოხერხდება, რომ ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიაში ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას. ვფიქრობ, ამ საკითხში პოლიტიკური მერკანტილიზმის და პოპულიზმის გამოყენება - გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც - მსგავსი პოლიტიკური ძალის წაგებით დასრულდება

რაც შეეხება ეროვნული გეგმის გადახედვას - რთული სათქმელია. მე მგონი, ჯერჯერობით მაინც, ჩვენი გეგმის შესრულების შანსი რჩება და ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები.

წლის ბოლომდე 4 მილიონი დოზის ასაცრელად თვეში 750,000, ანუ დღეში 25,000 აცრაა ჩასატარებელი. ოღონდ გადადების დრო აღარ რჩება. თანაც გარდა ლოჯისტიკური და ტრენინგის სამუშაოებისა, რაც დაწყებულია, უნდა გაძლიერდეს საინფორმაციო მუშაობა - განსაკუთრებით იმ რეგიონებში და მოსახლეობის იმ ნაწილში, სადაც ვაქცინაციის სარგებლის და აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არაა ეფექტურად მიწოდებული და სრულად გაცნობიერებული.

ეროვნული გეგმების გადახედვა კი უკვე ხდება რიგ, მათ შორის - გაცილებით დიდი რესურსის მქონე, და ორგანიზებულ ქვეყნებშიც, და რეალობისთვის თვალის გასწორება არაა შეცდომა.

რუსეთმა უკვე გადაწია სამიზნის მიღწევის ვადა შემოდგომიდან წლის ბოლომდე. თუმცა, საუბრობენ სამიზნის გაზრდაზეც - 70-80%-მდე, იგივე გამოაცხადა ჩინეთმაც. მსგავსი მიდგომები ისმის ამერიკის მხრიდანაც სადაც ვაქცინაციის ძალიან მძლავრი პერიოდის შემდეგ ახლა შედარებით იკლო ტემპებმა და ეძებენ ახალ გზებს მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის აქტივაციის მიზნით.

უნდა ითქვას, რომ ვაქცინაციის მიზნის მიღწევისა და „დელტა“ ვარიანტის საფრთხის გამკლავების შემთხვევაში დიდი შანსია გამართლდეს ოპტიმისტური პროგნოზები - პანდემიის მომავალი წლის ზაფხულში შესაძლო დასრულების შესახებ.

მთავარ პრობლემად რჩება აფრიკის რეგიონი, სადაც ბაქცინების ხელმისაწვდომობაც და ვაქცინაციით მოცვაც ყველაზე დაბალია. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებში მაღალი აცრების იმედად ჩვენ ვერ ვიქნებით.

საქართველოში მასობრივი და სწრაფი ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური გზა. ხოლო პანდემიის დასრულება არის ამჟამად ქვეყნის და მოსახლეობის გადარჩენის მთავარი ამოცანა.

საქართველოში მასობრივი და სწრაფი ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური გზა. ხოლო პანდემიის დასრულება არის ამჟამად ქვეყნის და მოსახლეობის გადარჩენის მთავარი ამოცანა

დროა, ეს გავითავისოთ ყველამ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და საკუთარი წილი პასუხისმგებლობა თავად ვზიდოთ. მათ შორის სპეციალისტებმა - საინფორმაციო კამპანიის სწორად წარმართვაში ჩაბმით, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, პოლიტიკოსებმა და მედიამაც - ნაცვლად სკანდალური ინფორმაციების გავრცელებისა, მეტი დრო დაუთმოს ჯანმოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, მტკიცებულებებზე დამყარებულ კვლევების შედეგების და სპეციალისტების მოსაზრებების მოსახლეობამდე მიტანას, მოსახლეობის სწორად ინფორმირებას.

გლობალური საფრთხის დაძლევა მხოლოდ მიზნის მისაღწევად სწორი ორიენტირების არჩევით, უცხოური გამოცდილების გაზიარებით, რესურსების მაქსიმალური მობილიზაციით, საზოგადოების სწორად ინფორმირებით, გაერთიანებით და კოორდინირებული ქმედებით მიიღწევა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა