საია - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები „კლანისა“ და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები „კლანისა“ და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, 2021 წლის 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარუდგინა, მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა, როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდებები და სასამართლოს მიმართ ნდობის კრიზისის პირობებში დაიწყო საკასაციო ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები.

„კანდიდატების მოსმენის პროცესში გამოქვეყნდა OSCE/ODIHR-ის შეფასება სადაც მიმდინარე პროცესის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსმენების ეტაპია განხილული და სადაც წერია, რომ კანდიდატები პარლამენტს წარედგინა სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში. დასკვნის მიხედვით, ამავე ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა პროცესების სამართლიანობა და თანასწორობა. პროცედურული წესები, რომლებიც უშუალოდ მოსმენების დაწყებამდე შეუშავდა არაადეკვატური იყო და ვერ უზრუნველყო თანმიმდევრულობა და სამართლიანი პირობები.

6 ივლისს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანდიდატების მოსმენები დაიწყო. საკომიტეტო მოსმენებზე, კანდიდატებისთვის დასმული კითხვები ეხებოდა, როგორც სამართლებრივ, ისე ღირებულებით საკითხებს, სამუშაო გამოცდილებასა და მოსამართლე კანდიდატთა მიერ წარსულში განხილულ საქმეებს. კანდიდატთა ნაწილი, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ პასუხობდა მარტივ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი. ერთ-ერთმა კანდიდატმა უარი განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. ეს დამოკიდებულება, არა მხოლოდ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, არამედ ზოგადად, პროცესის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია და უარყოფით შეფასებას იმსახურებს.

ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რომელიც მოსამართლედ დანიშნული პერსონების მსჯელობას აერთიანებდა, სასამართლო სისტემაში არსებული ფუნდამენტური პრობლემების მიმართ კრიტიკის არ არსებობა და მეტიც, მისი ინსტიქტური უარყოფა იყო. მათი უდიდესი ნაწილის აზრით მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა ის კრიტიკაა რომელიც სამოქალაქო სექტორიდან მოდის. კანდიდატთა ნაწილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო მასშტაბით კლანური მმართველობის აღიარება, ცალმხრივი ინფორმაციის ან სასამართლოსთან ნაკლები კომუნიკაციის შედეგია.

მიუხედავად კანდიდატების კომპეტენციასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კითხვებისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონკურსის მონაწილეთა ნაწილს რეკომენდაცია გაუწია. თავის მხრივ პლენარულმა სესიამ სრულად გაიზიარა რეკომენდაციები და თანამდებობაზე 6 მოსამართლე დანიშნა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისიც რომ თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის -კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები. გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე