გიგი წერეთელი - ხელისუფლებას უნდა მოხვდეს მუშტი ცხვირში - ეს იქნება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ისევ ბოიკოტის გამოცხადება

პარლამენტში ძალიან მწირი ინსტრუმენტებია, თეორიულად 76 ხმა უნდა მოიპოვონ იმისთვის, რომ მთავრობა გადააყენონ, მაგრამ თუ ამას ვერ აკეთებენ, უნდა შეუერთდნენ დიდ პროტესტს არამხოლოდ ქუჩაში, არამედ ხელისუფლებას უნდა მოხვდეს მუშტი ცხვირში - ეს იქნება ისევ ბოიკოტის გამოცხადება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა.

გიგი წერეთლის შეფასებით, ოპოზიციის ინიციატივა, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, ისევე უშედეგოდ დასრულდება, როგორც ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა, ან ცესკოს რეფორმირება.

“დღეს ვხედავთ, რომ პარლამენტში ყოფნა არაფრის მომტანი არ არის. გავიგე, რომ შეიძლება უნდობლობის გამოცხადების მექანიზმიც იყოს გამოყენებული, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ისევე უშედეგოდ დასრულდება, როგორც ამნისტიის კანონი, მოსამართლეების დანიშვნა, ან ცესკოს რეფორმირება. მთავრობას არ უნდა შეცვლა, მათ უნდათ ძალით გაიტანონ - „ჭკუა არ გინდა, როდესაც ძალა გაქვსო“, ჩვენი მთავრობაც ასე მოქმედებს. მეც რომ ვიყო საპარლამენტო ოპოზიციის ადგილზე, ვეცდებოდი გამემართლებინა ჩემი პარლამენტში ყოფნა, ამ ვითარებაში, როდესაც არაფერი არ გამოდის. დავუშვათ უნდობლობა დააყენეს და მთავრობამ პარლამენტს გამოუცხადა ისევ ნდობა, მათაც ეს უნდათ, რომ დემოკრატიული პროცესის ფასადი შეიქმნას, შემდეგ ჩავარდეს უნდობლობა და გამოაცხადონ მთელს მსოფლიოში, რომ ყველა გვენდობა, ვინ არიან ესენი, რაზე გველაპარაკებიან, რას გვერჩიანო.

ყველა მიმართულებაზე, რაც იყო შეთანხმებაში და რაზეც დაფი და ნაღარა იყო შემოკრული და არ ვიყავით მომხრე შეთანხმების, ახლა მართლები აღმოვჩნდით, არცერთი პუნქტი არ შესრულდა, რომელი რეფორმა გატარდა? მოსამართლეებზე მთელი მსოფლიო გვიკიჟინებს და მაინც ნიშნავენ მოსამართლეებს ყველაფრის ფასად. ცესკო-ში ორი ადამიანი დააყენეს თავმჯდომარედ, ყველაზე მეტი უნდობლობა რომელ გუნდსაც ჰქონდა, იქიდან დააყენეს ეს ხალხი.

პარლამენტში ძალიან მწირი ინსტრუმენტებია, თეორიულად 76 ხმა უნდა მოიპოვონ იმისთვის, რომ მთავრობა გადააყენონ, მაგრამ თუ ამას ვერ აკეთებენ, უნდა შეუერთდნენ დიდ პროტესტს არამხოლოდ ქუჩაში, არამედ ხელისუფლებას უნდა მოხვდეს მუშტი ცხვირში, ეს იქნება ისევ ბოიკოტის გამოცხადება. მაშინ სხვა პროტესტი რა არის? კარტოფილი ან კვერცხები ესროლონ, ეს ხომ არასერიოზული იქნება, ბოიკოტი არის პროტესტის პოლიტიკური ნაბიჯი, თუ ამას არ აკეთებ, მაშინ სხვა რა უნდა გააკეთო? ერთიანმა ბოიკოტმა, რაც იყო ამ ხელისუფლების მიმართ, შედეგები მოიტანა და გარკვეული დათმობა მოხდა, ახლაც უნდა იყოს ძალიან პრინციპული და თანმიმდევრული პოზიცია. თუ ვერ ახერხებ, რომ შენი მანდატით ან საპარლამენტო მოღვაწეობით დაათმობინო, უნდა გადახვიდე უფრო მძაფრ მოქმედებაზე“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა