ლევან იოსელიანი - ოპოზიციაში ვერ ვხედავ ისეთ კანდიდატს, რომ კახა კალაძის მერობა სათუო იყოს

დღეს, რომ ბატონი კალაძე ასე ყოჩაღად და რეიტინგულად გამოიყურება, ამას თავისი მიზეზი აქვს. ის ძალიან კარგად მუშაობს თავისი იმიჯის შექმნაზე, გაზრდასა და შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ პარტია „ალეკო ელისაშვილი- მოქალაეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძემ საკუთარი იმიჯის შექმნას ძალიან დიდი რესურსი დაუთმო.

„შევხედოთ, ამ დროს რა მოხდა ოპოზიციაში და რა გააკეთა ოპოზიციამ იმისათვის, რომ შესაბამისი წონადი კანდიდატი ჰყოლოდა თბილისის მერობის არჩევნებზე, რომ რეალურად იყოს შესაძლებელი ისეთი წინააღმდეგობის გაწევა, სადაც კალაძის მერობა სათუო ნამდვილად იყოს. დღეს მე ასეთ კანდიდატს ვერ ვხედავ. არ ვიცი, თუ ვინმე თვლის, რომ ოპოზიციას ასეთი კანდიდატი ჰყავს, მაშინ მითხრან და ვიტყვი, რომ ასეთი კანდიდატი არის. ამას ასე იმიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციამ - ერთმა პარტიამ, ერთმა ან ორმა ტელევიზიამ თავის დროზე, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს გადაწყვიტა, დანარჩენები, ისინი, ვინც მათი აზრს რაღაც საკითხებში, თუნდაც პარლამენტში შესვლაზე არ ემხრობოდნენ, თავიანთი გადმოსახედიდან ბოლომდე გაენადგურებინა, ყველასთვის მიეყენებინა იმ დოზის შეურაცხყოფა და ეწარმოებინა კამპანია, დღეს კი მათთან საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია. ძალიან რთულია, შეუძლებელია დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ დაჯდეს ჩვენთან, მე მგონი, სხვა პარტიებთანაც იმისთვის, რომ საერთო კანდიდატზე დაიწყოს საუბარი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხარეს არის გაურკვევლობა, ოპოზიცია ფრაგმენტირებულია და არ ჰყავს ძლიერი კანდიდატი. იოსელიანის მოსაზრებით, თუ იქნება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ის თავის გარშემო ვერ შეკრებს იმ ოპოზიციურ ფონს, რომელიც საკმარისი იქნება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. რაც შეეხება პარტია „ალეკო ელისაშვილი-მოქლაქეების“ გეგმებს თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, ლევან იოსელიანის განმარტებით, ამის თაობაზე თვითონ ალეკო ელისაშვილი ხვალ ან ზეგ გააკეთებს განცხადებას.

„რაც ნამდვილად ვიცი და შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ამ არჩევნებზე გვინდა, განსაკუთრებით თბილისში, გამოვჩნდეთ ღისრეული კანდიდატებით და ვაჩვენოთ იმ შედეგის ზრდა, რაც დაგვიფიქსირდა წინა არჩვნებზე. საზოგადოებას გავაცნოთ ახალი ლიდერები. ასევე შევძლოთ შევთანხმდეთ რამდენიმე სხვა პარტიასთან, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოქლებში ერთმანეთს არ დავუყენოთ კანდიდატები“, - განაცხადა იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო: ლევან იოსელიანი - ოპოზიციაში ვერ ვხედავ ისეთ კანდიდატს, რომ კახა კალაძის მერობა სათუო იყოს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი