ირაკლი ქადაგიშვილი - თქვენ გგონიათ პარტიების უმრავლესობას პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები უნდა?! მათ დესტაბილიზაცია და ისეთი არჩევნები უნდათ, როცა მთავრობას მიწოლით გააგდებენ

თქვენ გგონიათ პარტიების უმრავლესობას პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები უნდა?! სულ არ უნდათ! - მათ დესტაბილიზაცია და ისეთი არჩევნები უნდათ, როცა მთავრობას მიწოლით გააგდებენ და შემდეგ არჩევნებს იმ წესითა და სტილით ჩაატარებენ, როგორც მათ სურთ - ამის გამოცდილება დიდი აქვთ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს" “ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება საჭირო იყო, რათა მომავალი არჩევნების დემონიზაცია აღარ მოხდეს, საითკენაც "ნაციონალურ მოძრაობას" და მის სატელიტ ორგანიზაციებს გეგმაზომიერად მიჰყავთ საქმე.

„რა იყო შარლ მიშელის დოკუმენტის მიზანი? მიზანი იყო ის, რომ მმართველ პარტიას და მთავარ ოპოზიციურ პარტიას შორის კონსენსუსი მოძებნილიყო. ჩვენ 100 დღის განმავლობაში დავინახეთ, რომ "ქართული ოცნება" ხელშეკრულების ყველა პირობას ცალმხრივად ასრულებდა, მაგრამ პოლიტიკური ოპოზიცია ან საერთოდ ხელს არ აწერდა, ხოლო ვისაც ხელი მოწერილი ჰქონდა, პარლამენტში გადაწყვეტილებებს მხარს არ უჭერდა. ხელშეკრულება თავისი შინაარსით იმას ნიშნავს, რომ მხარეები თანხმდება. "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ ერთი პარტია არ არის. ის არის პოლიტიკური ოპოზიციის მთავარი დრაივერი და დესტაბილიზაციის მთავარი წყარო საქართველოში. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერდა და კატეგორიული წინააღმდეგი იყო "ევროპული საქართველო", “ლეიბორისტული პარტია". პარტიებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ჯამში 10% ჰქონდათ, ხოლო ის ვინც დესტაბილიზაციის მთავარი წყაროა, ხელს არ აწერს, არ აღიარებს, არ მოგყვება. დღესაც "ნაციონალურ მოძრაობას" ოფიციალურად ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, პარლამენტის დარბაზში სულ ორჯერ შემოვიდა და ორივეჯერ დესტაბიზაცია მოაწყო. ხელშეკრულებით 99.9% დასათმობი თუ შესასრულებელი "ქართულ ოცნებას" ჰქონდა, ოპოზიციის საქმე იყო მხოლოდ ხელმოწერა გაეკეთებინა, პარლამენტში შესულიყო და ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულიყო, რაც არ გააკეთეს. გამოცხადებული ქრონიკა იმისა: "შენ ყველაფერი გააკეთე, ყველა დათმობაზე წადი, ხოლო მე დესტაბილიზაციის პოლიტიკას ჩვეულებრივ გავაგრძელებ, არავის აზრი და ზეწოლა არ მაინტერესებს, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბართლომეს ღამეს მოვაწყობ", ასე სტაბილურობა არ მიიღწევა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს