ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რან გიდორი, „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებზე ესაუბრა. ასევე, ის შეეხო ისრაელისა და საქართველოს ბრძოლას კორონავირუსთან და სხვა ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობას.

- ბატონო ელჩო, უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ პოლიტიკური ნაწილით - „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირება გადაწყვიტა. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური კრიზისის, შემდეგ კი მიღწეული შეთანხმების შემდეგ?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას თუ რომელიმე პოლიტიკოსის კრიტიკას ჩემს საქმედ არ ვთვლი. საქართველომ გასული წლის ოქტომბრიდან, არჩევნების შემდეგ, ძალიან მშფოთვარე პერიოდი გაიარა. ბუნებრივია, რომ ადამიანებს შფოთვის განცდა აქვთ და ქვეყნის მომავალზე წუხან. თუმცა, საქართველოში, როგორც ელჩის მოადგილე, პირველად 1990 -იან წლებში გამომაგზავნეს, და ის უზარმაზარი პოლიტიკური გამოწვევები მახსოვს, რომელსაც ქვეყანა მაშინ აწყდებოდა. ქართველი ხალხი გამოირჩევა სიმტკიცითა და გამძლეობით, მთელი ისტორიის განმავლობაში მათ ყოველთვის უწევთ სხვადასხვა სახის კრიზისთან გამკლავება, ამას თავს ყოველ ჯერზე კარგად ართმევდნენ და ეჭვი არ მეპარება, რომ ამჯერადაც, საქართველო რეპუტაციას შეინარჩუნებს და ამ კრიზისს გადალახავს.

ამის ფონზე, ისრაელს, ისევე, როგორც საქართველოს ყველა სხვა მეგობარს, აქ სტაბილურობის დანახვა სურს, ისეთი სტაბილურობის, რომელიც დაეხმარება საქართველოს, დაძლიოს პანდემიით გამოწვეული კრიზისი და მიაღწიოს იმ კეთილდღეობას, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ბოლოდროინდელი მოვლენები, რა თქმა უნდა, სტაბილურობას ხელს არ უწყობს და უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ბოლო თვეებში დავინახეთ ისრაელის ინვესტორებისა და ბიზნეს საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების მოცულობის მკვეთრი ზრდა, რაც საქართველოში ბიზნესის წარმოებას უფრო და უფრო აძნელებს. მოუთმენლად ველი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მუშაობას, რადგან მსურს, ისრაელიდან მეტი ბიზნესი და ინვესტიცია მოვიზიდო. არ ვისურვებდი ისეთი მდგომარეობა დადგეს, სადაც სხვა არჩევანი არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ ისრაელელი ინვესტორები გავაფრთხილო ამ ქვეყანაში ფულის დაბანდების რისკის შესახებ.

- ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებული აგრესიაა ჟურნალისტების მიმართ. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას და თუ შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ ისრაელის გამოცდილება - როგორია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა და სახელმწიფოს ურთიერთობა მედიასთან?

- პრესის, ჟურნალისტიკის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ, ხელს უშლიდნენ ან აფერხებდნენ თავიანთი სამუშაოს შესრულებაში, ეს უბრალოდ, წარმოუდგენელია. საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო. ამის ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ძალიან აქტიური მედია და პრესის გარემო აქვს, გაცილებით აქტიური, ვიდრე ბევრ სხვა, უფრო ძველ დემოკრატიას.

სხვათა შორის, თავისუფლების ისეთი დონე, რომლითაც მედია საქართველოში სარგებლობს, მსოფლიოს ამ მონაკვეთში ბევრი სხვა ქვეყნისთვის შესაშურია. ამიტომაც, ეს ის აქტივია, რომელიც საქართველომ უნდა შეინარჩუნოს, რათა იმ თავისუფლებების სიმბოლო და საყრდენი გახდეს, რომლისკენაც სხვა ქვეყნებიც უნდა ისწრაფოდნენ. ისრაელის შესახებ მკითხეთ - ისრაელშიც ძალიან მძიმე, მშფოთვარე პოლიტიკური კრიზისი გავიარეთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორი არჩევნები ჩავატარეთ, რამაც საზოგადოებაში ბევრი უთანხმოება და მათ შორის, მისი პოლარიზებაც გამოიწვია. ისრაელში, ისევე, როგორც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, საზოგადოებაში არიან ის ძალები, განსაკუთრებით უკიდურესი მემარჯვენეები, რომლებიც პრესას აკრიტიკებენ და ზოგჯერ ცდილობენ, მათ სამუშაოს შესრულებაში ხელი შეუშალონ.

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ისრაელში, ისევე, როგორც საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა ის, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტების დაცვა, მისცეს საშუალება, მათ თავიანთი საქმე აკეთონ, და მეორე, ხელისუფლებაზეა ასევე დამოკიდებული, აწარმოოს გამოძიება და დასაჯოს არა მხოლოდ ის აგრესორები, რომლებიც ჟურნალისტებს ფიზიკურად ესხმიან თავს, არამედ ადამიანები, რომლებიც ძალადობას ახალისებენ. ეს ჩვენი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების პასუხისმგებლობაა.

- როგორც ვიცით, ისრაელი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ლგბტქ თემის უფლებები ყველაზე მეტად არის დაცული. როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს, რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის ასეთ თანასწორობასა და ტოლერანტობას და რა მიდგომას ურჩევდით საქართველოს მთავრობას პრობლემასთან დაკავშირებით?

- მინდა ყველას შევახსენო, რომ თანასწორობის უფლება, ყველა სახის თანასწორობა და მრავალფეროვნება საქართველოს კონსტიტუციითაა განმტკიცებული. საქართველოსთვის არავის დაუძალებია, კონსტიტუცია შეეცვალა და დაცვის ეს გარანტია დაენერგა - ეს ქართველი ხალხის არჩევანი იყო და ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველო განათლებული ერების ოჯახის ნაწილია.

ისრაელშიც ეს ცვლილება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ანუ ის ფაქტი, რომ ლგბტქ ფართოდ არის მიღებული, ერთ ღამეში არ მომხდარა - ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. დღესაც, ისრაელის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, სეგმენტებში არიან მოსახლეობის ის წარმომადგენლები, რომელთაც ძალიან უჭირთ ლგბტ პირების ამგვარი თანასწორობის მიღება. ასე რომ, მშვენივრად მესმის, თუ მაინც რატომაა ეს რთული საქართველოსთვის, ახალგაზრდა ქვეყნისთვის, რომელმაც მხოლოდ 30 წლის წინ მოიპოვა დამოუკიდებლობა და რომელიც ასეთი რელიგიური და ტრადიციულია, რის გამოც ამ თანასწორობის მიღება ბევრს უჭირს.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია და არ არის დაკავშირებული ადგილმდებარეობასთან თუ გეოგრაფიასთან - არ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ხალხი თანასწორია, ხოლო მსოფლიოს სხვა ნაწილებში ისინი თანასწორები არ არიან, რადგან ტრადიციები განსხვავებულია. საყოველთაო უფლებები და ადამიანის უფლებები ერთმანეთს უტოლდება. ისევე, როგორც ისრაელში ამ ცვლილებამდე მისვლას გარკვეული დრო დასჭირდა, მჯერა, რომ საქართველოშიც გარკვეული დრო დასჭირდება.

მკითხეთ, როგორ მივაღწიეთ ამას - ნაწილობრივ ამას საზოგადოებრივი ინფორმირებისა და საჯარო განათლების საშუალებით მივაღწიეთ - ამიტომაცაა "პრაიდი" ასე მნიშვნელოვანი; იმიტომ, რომ თუ ლგბტქ ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთი პრეფერენციები და ორიენტაცია მხოლოდ პირადად და ფარულად გამოხატონ, მაშინ ეს სრული თანასწორობა არ გამოდის. "პრაიდის" მთელი აზრი გარეთ გასვლა, სიამაყისა და თანასწორობის დემონსტრირება, საზოგადოებრივი აზრის განათლებაა - ასე მოხდა ისრაელში და გარკვეული პერიოდის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრი ამას შეეგუა. ახლა ჩვენ გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ღიად გეია, გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ღიად გეია, გვყავს ასეთი არმიის გენერლები და ელჩებიც კი. ისტორიის ეს მსვლელობა შეუქცევადია და დარწმუნებული ვარ, აქამდე ქართველი საზოგადოებაც ადრე თუ გვიან მივა.

- ისრაელში რამდენიმე თვის წინ მომხდარი მოვლენები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ისრაელის თავდაცვის სისტემამ ქართველებშიც უდიდესი აღტაცება გამოიწვია. როგორ შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ ისრაელის მიდგომის შესახებ თავდაცვისადმი? თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა საქართველოს აიღოს ისრაელისგან რაიმე მაგალითი ამ მიმართულებით, ისეთი, რისი გაკეთებაც ჩვენი ქვეყნისთვის რეალისტური იქნებოდა?

- ისრაელი არსებობის პირველივე დღიდან მტრებით იყო გარშემორტყმული. როდესაც ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მეორე დილით ჩვენ თავს 8 არაბული ქვეყანა დაგვესხა. სამწუხაროდ, 1948 წლიდან, 73 წელია, საგანგებო სიტუაციაში ვარსებობთ. ამჟამად ისრაელის მიდგომა თავდაცვისადმი რამდენიმე საყრდენს ეფუძნება. პირველი დასაყრდენი ისაა, რომ ეს არის ეროვნული მოვალეობა - თითოეული მოქალაქის ვალია, დაიცვას თავისი ქვეყანა, რის გამოც ისრაელში თითქმის ყველა მიდის ჯარში - კაცებიც და ქალებიც; მეორე, ჩვენ არავინ გვყავს, ვისი იმედიც გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უახლოესი და უდიდესი მეგობრის, აშშ-ის მხარდაჭერით ვსარგებლობდით - სინამდვილეში, ყველაფერი საკუთარი თავის იმედად ყოფნაზეა. ჩვენ ეს გაკვეთილი ჰოლოკოსტისგან ვისწავლეთ, რომ თუ საკუთარ თავს არ გამოწრთობ, რათა საკმარისად ძლიერი იყო, მაშინ საბოლოო ჯამში, არავინ დაიკავებს შენს ადგილს და არავინ დაგიცავს. ამის გამო, ისრაელი თავადვე ავითარებს თავის ყველაზე დახვეწილ იარაღის სისტემას.

ახსენეთ ჩვენი ცნობილი რკინის გუმბათის სისტემა, რომელიც მსოფლიოში პირველი და საუკეთესო სარაკეტო თავდაცვის სისტემაა. ის მთლიანად ისრაელში, ისრაელის სამეცნიერო საზოგადოების მიერ შეიქმნა. ასე რომ, ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება განათლებასა და ტექნოლოგიას ემყარება. ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, არ გვყავს დიდი არმია, თუმცა, ჩვენი არმია ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავეა ახლო აღმოსავლეთში, მსოფლიოში კი, ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე.

ასევე, მკითხეთ გაკვეთილებზე საქართველოსთვის. როგორც ვთქვი, ორჯერ ვიყავი საქართველოში, 1990-იან წლებში და ახლა; მყავს ბევრი ქართველი მეგობარი, რომელთაც ყოველთვის უყვართ პარალელის გავლება ისრაელსა და საქართველოს შორის. მაგრამ ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელელებსა და ქართველებს ბევრი საერთო აქვთ, რაც თავდაცვასა და უსაფრთხოებას შეეხება, ანალოგია არასწორია, რადგან ჩვენ ყოველთვის გვყავდა ზესახელმწიფო, რომელიც გვეხმარებოდა, მაშინ, როდესაც საქართველოს ზესახელმწიფო უპირისპირდება, ასე რომ, ეს ერთი და იგივე სიტუაცია არაა; ამასთან, ჩვენ ყოველთვის გარშემორტყმული ვიყავით მტრებით, საქართველოს კი ძალიან მეგობრული ურთიერთობი აქვს ოთხი უშუალო მეზობლიდან სამთან. შესაბამისად, არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა რაიმე ისრაელის გამოცდილების შესახებ, რომელსაც შეუძლია, გარკვეული სახის მაგალითი მისცეს საქართველოს, ერთი გამონაკლისის გარდა - ესაა განათლების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, განათლება მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მიმართულებით, რაც საქართველოს არა მხოლოდ დაცულ, არამედ აყვავებულ ქვეყანად აქცევს.

- რა მდგომარეობაა ისრაელში კოვიდთან ბრძოლის თვალსაზრისით - როგორ მიდის ახლა ვაქცინაცია და რას გვეტყვით ინფიცირების შემთხვევებზე? გვახსოვს, რომ იყო ინფორმაცია, რომ ისრაელში შექმნილმა მედიკამენტმა კარგი შედეგები აჩვენა Covid19-ის წინააღმდეგ. ამჟამად, რა შეგვიძლია ვთქვათ ამ მედიკამენტის შესახებ?

- ისრაელიც "დელტა" ვარიანტს ებრძვის, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის ახლა მთავარ საფრთხედ ითვლება. ამასთან, საბედნიეროდ, ვაქცინაციის დახვეწილი კამპანიის წყალობით, ისრაელი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა ქვეყნების უმრავლესობა. ისრაელმა ვაქცინაცია დასავლეთის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით ადრე დაიწყო და ფენომენალურ მაჩვენებელს მიაღწია. როდესაც ეროვნულ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ, მოსახლეობის 57%-ს უკვე ვაქცინის 2 დოზა აქვს გაკეთებული, 62%-ს კი - ერთი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ამ სტატისტიკის მიღმა დახედვა და გაცნობიერება, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ჯერ აცრილი არაა, ძირითადად 16 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. თუ ასაკობრივ ჯგუფებს გადავხედავთ, 30 წლის ასაკის მოსახლეობის 80% ვაქცინირებულია, 50 წლის ზემოთ კი - მოსახლეობის 90% -ზე მეტი. ბოლო დღეებში, "დელტა" ვარიანტის გამო, ყოველდღიურად დაახლოებით 2 300 ინფექცია გვაქვს, მაგრამ დადებითი ტესტების წილი მხოლოდ 2.3% -ია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამჟამად საავადმყოფოებში 275 ადამიანი გვყავს, აქედან 160 - მძიმე მდგომარეობაშია. თითქმის 10 მილიონიანი ერისათვის, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 160 ადამიანის ყოლა მართვადია. რა თქმა უნდა, ამის ნულამდე დაყვანა გვსურს, მაგრამ ახლა შეუძლებელი ჩანს.

დიახ, ისრაელმა პრეპარატი განავითარა, ის ძალიან დამაიმედებელია, ახლა მისი ტესტირების მოწინავე ფაზაზე გადავედით და ვტესტავთ მას მოხალისეებზე, როგორც ისრაელში, ისე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებრივი გამოყენებისთვის ის უახლოეს მომავალში მზად იქნება.

- ჩვენ გვახსოვს ძალიან შთამბეჭდავი ისტორიები ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და ზოგადად მთავრობაზე, იმ თვალსაზრისით, თუ როგორ მოახერხა სახელმწიფომ უმოკლეს ვადებში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აცრა. საქართველოს კოვიდთან ბრძოლა ჯერ კიდევ უჭირს - ვაქცინაციის ტემპი შთამბეჭდავი არ არის, ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. რასაკვირველია, ამაში მოსახლეობის პასუხისმგებლობას თავისი წილი აქვს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია, რომ მთავრობა ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს და საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ ბრძოლას კოვიდთან? თუ რაიმე ხარვეზი იყო, თუნდაც ვაქცინაციის საკითხზე, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ან შეიძლება გაკეთდეს უკეთესად ახლა?

- უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ საქართველო მსოფლიოში ყველაზე მწვანე ქვეყნად ითვლებოდა და ბრწყინვალე მაგალითი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის - ევროპის ზოგიერთი ჯანდაცვის ექსპერტი მიმართავდა კიდეც ქვეყანას პანდემიასთან გამკლავების შესახებ მითითებების მისაღებად. ეს 10 წლის წინ არ ყოფილა, მხოლოდ ერთი წლის წინ იყო. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დიახ, შეიძლებოდა, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი უფრო დამაკმაყოფილებელი და სწრაფი ყოფილიყო, მაგრამ შეხედეთ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, სადაც სიტუაცია მეტ -ნაკლებად ანალოგიურია, მიუხედავად ყველა რესურსისა, რაც მათ განკარგულებაშია ევროპული ეკონომიკისა და ევროკავშირის მეშვეობით.

ასე რომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ასეთ ცუდ მდგომარეობაშია - ყოველთვის შეიძლება, უკეთესი იყოს, მაგრამ ქვეყანა ისეთ ცუდ მდგომარეობაში არაა, როგორც ზოგი მიუთითებს. კიდევ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ საკითხზე დებატების მიმდინარეობა აჩვენებს ქართული დემოკრატიის სიძლიერეს, რადგან ზოგიერთ სხვა ქვეყანაში შეუძლებელია კრიტიკა თუ ალტერნატივის შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რასაც ამ მხრივ მთავრობა აკეთებს. ეს ქართული საზოგადოებრივი დისკურსისა და დემოკრატიის ჯანსაღი მდგომარეობისთვის კარგი ნიშანია.

თუმცა, ვფიქრობ, რომ თუკი შემიძლია, საქართველოს მთავრობას, რჩევა მივცე, ეს შემდეგი იქნება - ჩემი საქართველოში ყოფნის დღიდან, როგორც ახლა, ასევე 90-იან წლებში, ვხვდები, რომ ქართველი ხალხი მიდრეკილია, სანდო წყაროებიდან ინფორმაციის მიღების ნაცვლად, ძალიან სწრაფად მიიღოს ყველა სახის შეთქმულების თეორია, ხშირად თუნდაც სუპერ განათლებული, ძალიან ინტელექტუალი ადამიანების შემთხვევაში. მათ სჯერათ იმის, რასაც ტაქსიში ან მეტროში ისმენენ, რასაც მეზობლები ეუბნებიან, რასაც ქუჩაში მოკრეს ყური.

ასე რომ, არაა ზღვარი ხარისხიან ინფორმაციასა და ჭორებს შორის; უფრო სახიფათო დონეზე კი, არ არსებობს განსხვავება მეცნიერულ ფაქტებსა და ცრურწმენებს შორის. ვფიქრობ, რისი გაკეთებაც ხელისუფლებას შეეძლო, არის ის, რომ უფრო მეტად გაესვა ხაზი ამ განსხვავებისთვის, რომ ყველა სახის ინფორმაცია ერთნაირი არაა- ზოგიერთი ინფორმაცია სანდო, მეცნიერებაზე დაფუძნებული, ემპირიულად დადასტურებულია, სხვა სახის ინფორმაცია კი ჭორები ან ცრურწმენებია. ვფიქრობ, აქ არის ყველა სანდო მთავრობების პასუხისმგებლობა, გამოაჩინონ ეს განსხვავება, რათა დაარწმუნონ ხალხი, რომ წავიდნენ და აიცრიან.

- დაახლოებით ერთი წლის წინ ვისაუბრეთ საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის შესახებ ბიზნესისა და განათლების სფეროებში. მაშინ თქვენ საქართველოში ახალი ელჩი იყავით და საკმაოდ ბევრი პროექტი განვიხილეთ. როგორ შეაჯამებთ იმ პროექტებს, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ სფეროებში განახორციელეთ და როგორია საელჩოს ახლანდელი გეგმები?

- პანდემიამ ჩვენს ყველა გეგმას შეუშალა ხელი და კოვიდის გამო ბევრი პროექტი ან შენელდა, ან გადაიდო, ან გაუქმდა. გარდა ამისა, პოლიტიკური კრიზისი იყო როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთავრობებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სრულად შეუფერხებლად და ეფექტიანად ეფუნქციონირათ. თუმცა, შევეცადეთ, განგვეხორციელებინა ზოგიერთი ინოვაციური პროექტი და მომავლის მიმართაც ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მომავალ წელს ისრაელსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და დიდი გეგმები გვაქვს.

მინდა აღვნიშნო მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ იმის შესახებ, რასაც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაკეთებდით. უპირველეს ყოვლისა, ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო, MASHAV, რომელიც USAID-ის მსგავსი ორგანიზაციაა ისრაელში, მთელი წლის განმავლობაში ამზადებდა ქართველ ექსპერტებს, განსაკუთრებით ქალებს მაღალტექნოლოგიურ სფეროში, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, წყლის დამუშავებაში და სხვა მრავალ სფეროში. მხოლოდ გასულ კვირას 18 ქართველი სოფლის მეურნეობის ექსპერტის ჯგუფი ისრაელიდან, კოვიდის მიუხედავად დაბრუნდა - ეს 30 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც MASHAV–მა კურსი მხოლოდ ქართველი ხალხისთვის შეიმუშავა, რაც ბოსტნეულის გაშენებას და ირიგაციის მოწინავე ტექნოლოგიას ეხება. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ საქართველოს Covid-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისრაელმა და MASHAV–მა დახმარება გაუწია ჯანდაცვის სამინისტროს, WHO–ს საქართველოს ოფისს, NCDC–ს და საქართველოს წითელ ჯვარს.

ასევე ჩამოვიტანეთ ისრაელის მოწინავე აღჭურვილობა წყლის გასუფთავებისთვის, რადგან საქართველოში, განსაკუთრებით სოფლად, სასმელი წყალი ხშირად დაბინძურებულია. ჩვენ დავამონტაჟეთ ისრაელის მოწინავე ტექნიკა გურიის რეგიონის სკოლებში, ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ისარგებლონ სუფთა, გაწმენდილი სასმელი წყლით.

ასევე, ხელი შევუწყეთ უამრავ კულტურულ გაცვლას, მაგალითად, ისრაელის საელჩო იყო ერთადერთი საელჩო, რომელმაც წამოიწყო პროექტი UNESCO-ს თბილისის წიგნების მსოფლიო დედაქალაქის გარშემო. გამოვაცხადეთ კონკურსი მოთხრობებისათვის, რომლებიც ანთოლოგიის სახით, გამომცემლობა "ინტელექტის" მიერ გამოქვეყნდება. ასევე, ვთარგმნეთ ხუთი ისრაელელი ახალგაზრდა მწერალი ქალის პიესები, რომელთაც გამომცემლობა "სულაკაური" ანთოლოგიის სახით გამოსცემს. როგორც ხედავთ, აქტიურები ვართ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, სოფლის მეურნეობაში, ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ასევე, კულტურულ სფეროში.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში, ამ ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი დაბრკოლება გვხვდება ბიზნესისა და ინვესტიციების ჩადების მიმართულებით. იმედი მაქვს, ამას ხელისუფლების დახმარებით მოვაგვარებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ისრაელის ბიზნეს საზოგადოებისა და პერსპექტიული ბიზნეს ინვესტორების დარწმუნება, რომ აქ ფინანსური რისკი გასწიონ.

- რას იტყვით ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე - იგეგმება თუ არა კვოტის გაზრდა? რა ინფორმაცია უნდა მოიძიონ სამუშაოს მაძიებლებმა და როგორ უნდა მოემზადონ ისინი თქვენს ქვეყანაში დასაქმებისთვის?

- იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ისრაელში დამხმარე მუშაკების დროებით დასაქმებაზე რამდენიმე თვის წინ ხელი მოვაწერეთ, საწყის კვოტად 1 000 ადამიანი გადაწყდა. სამწუხაროდ, ბევრი კანდიდატი არ ყოფილა, რაც გაგვიკვირდა, - ათასობით კანდიდატს ველოდით. ძალიან ცოტამ მიმართა, რადგან კრიტერიუმები, პროფესიული კვალიფიკაცია ძალიან სპეციფიკური იყო. უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რამდენად პატივს ვცემ საქართველოს ხელისუფლებას ამ კრიტერიუმების დაცვისთვის, მათ არ გაუწევიათ კომპრომისები და განხორციელდა ის, რაც ორ მთავრობას შორის იყო შეთანხმებული.

თუმცა, ახლა კრიტერიუმების ოდნავ შეცვლას განვიხილავთ, რათა ქართველ დამხმარე მუშაკებს ისრაელში ამ თანამდებობაზე განაცხადის შეტანა გაუადვილდეთ. ძალიან გვჭირდება, ეს ხალხი რაც შეიძლება მალე დასაქმდეს ისრაელში. ასე რომ, ვიმედოვნებთ, რომ 1 000 ადამიანის კვოტას შევავსებთ, შემდეგ კი მის გაზრდაზე ვიმსჯელებთ.

ეკა აბაშიძე

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით