ნიკოლოზ სამხარაძე - თუკი ადამიანი სახლიდან მოტანილი დროშის შებღალვას მოინდომებს, ამისთვის მას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ადმინისტრაციული სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტს დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო, რომლის თქმით, სისხლის სამართლის კანონმდებლობა პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფაზე ითვალისწინებს, თუმცა არ არსებობს ჩანაწერი უცხო ქვყენებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შებღალვასთან დაკავშირებით.

სამხარაძის განმარტებით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები სწორედ ამ საკანონმდებლო ხარვეზით არის გამოწვეული.

“ეს არანაირად გამოხატვის თავისუფლებას არ შეეხება, რადგან თუკი ადამიანი სახლიდან მოტანილი დროშის შებღალვას მოინდომებს, მას ამისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. კანონში დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ სახელმწიფო შენობებზე განთავსებულ დროშებს შეეხება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კანონპროექტით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ასევე იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა. ასევე, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის დაეკისრება, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის წევრები: ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა