ქაბულის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად „თალიბანის“ სულ მცირე 28 მებრძოლი დაიღუპა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბების“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
„აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად ამერიკელებზე მეტი ადამიანი დავკარგეთ,“- განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა.
მისივე თქმით, „თალიბანი“ არ არის პასუხისმგებელი უცხო ქვეყნების მიერ შემუშავებულ „ქაოტურ საევაკუაციო გეგმაზე“.
მანამდე „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმა ამერიკელების მიერ კონტროლირებულ ზონაში მოხდა. „ჩვენი სახელმწიფო მკაცრად გმობს ქაბულის აეროპორტში სამოქალაქო პირებისკენ მიმართულ აფეთქებას. ეს მოხდა იმ ზონაში, რომლის უსაფრთხოებაზეც ამერიკული სამხედრო ძალები არიან პასუხისმგებელნი“, - განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.