ნიკა ობოლაძე - საზოგადოების დაცინვაა, როცა ადამიანს ვეუბნებით - პასუხები კი არ მიიღოთ თქვენს კითხვებზე, მიიღეთ ლატარიის ბილეთები, მაგრამ რა გვიკვირს? მთელი ერი ამ სიკვდილ-სიცოცხლის ლატარიაში ვართ ჩართული

საზოგადოების დაცინვაა, რომ ადამიანს, რომელიც თავის სიცოცხლეზე წუხს, ვეუბნებით - პასუხები კი არ მიიღოთ თქვენს კითხვებზე, მიიღეთ ლატარიის ბილეთები. მაგრამ რა გვიკვირს? მთელი ერი ამ სიკვდილ-სიცოცხლის ლატარიაში ვართ ჩართული,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა ობოლაძის თქმით, ქვეყანაში შერჩევითი რეგულაციებია, რაც უსამართლობის განცდას იწვევს.

„ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს და დავიცვათ სპეციალისტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, რადგან საჭიროა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ჩვენ ვართ მარტო და ჩვენ არ გვყავს მთავრობა.

ამ ეპიდსიტუაციის დროს, როდესაც ბოლო 10 დღის მონაცემებით 1 მლნ მოსახლეზე საქართველო სიკვდილიანობით არის პირველ ადგილზე, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც აწუხებს პოლიტიკური ოპონენტი და არა პანდემიის დამარცხება. ამიტომ, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე უნდა დავასრულოთ დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა, რაც ასობით ადამიანს იწირავს. პანდემია ბევრ ქვეყანაშია, თუმცა რაც საქართველოში ხდება არის განსაკუთრებული ტრაგედია ხელისუფლების დამსახურებით, რადგან მათ ვაქცინაციის, ჯანდაცვის სისტემის მართვის პროცესი და რეგულაციების საკითხი ჩააგდეს დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობით. მხოლოდ აგვისტოში კოვიდ-საქართველოს ომში გარდაიცვალა დაახლოებით 1300 ადამიანი და ამ ომის მხედართმთავარი გამოდის და ამბობს, რომ ქეიფი დანაშაული არ არის. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და 2 ოქტომბერს ეს ხელისუფლება უნდა დავამთავროთ.

ჩვენ გვაქვს გეგმა, რა არის გასაკეთებელი სამივე მიმართულებით, რაც ეხება რეგულაციებს, ჯანდაცვის სისტემას და ვაქცინაციის პროცესს.

პირველ რიგში, უსამართლობა იწვევს უნდობლობას - მაშინ, როდესაც ადამიანს არ აქვს უფლება წესების სრული დაცვით 10 და 20 ლარის საშოვნელად გადაადგილდეს ტრანსპორტით, ადამიანების მცირე ჯგუფს აქვს უფლება იქეიფოს. ადამიანი, რომელიც მრავალ კილომეტრს გადის ყოველ დღე ფეხით, რადგან ტაქსის გასამმაგებული ფული არ აქვს, უყურებს რესტორანში როგორ ქეიფობენ, მიდის სახლში და პრემიერ-მინისტრი ეუბნება, რომ ქეიფი დანაშაული არ არის. ეს არის უპასუხისმგებლობა, შერჩევითი რეგულაციები, რაც იწვევს უსამართლობის განცდას. ამიტომ, სამართლიანი რეგულაციები უნდა იყოს და თუ პირბადის გარეშე ქეიფი შეიძლება, მაშინ პირბადით გადაადგილებაც შეიძლება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების განხორციელება იყო უმარტივესი.

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, ჩვენ გვყავს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, რომელიც არ მუშაობს ექიმად, მაგრამ ან უკვე აქვს განათლება ჯანდაცვის კუთხით, ან ახლა არის დამამთავრებელ კურსზე. შეგვეძლო ეს ადამიანები გადაგვემზადებინა და გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ მეტი ექიმი იყოს ახლა და არ ემუშავათ რესურსის ზღვარზე. ექიმები არიან გადაღლილები, რადგან აკეთებენ საკუთარ შესაძლებლობებზე მეტს.

ვაქცინაციის პროცესს რაც შეეხება, გასაგებია, რომ ხელისუფლებამ ჩააგდო ვაქცინაციის პროცესი, რამაც მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ ახლა უნდა წავახალისოთ ვაქცინაცია. რას ვხედავთ ჩვენ? ვხედავთ, რომ ადამიანებს აქვთ წუხილი აცრასთან დაკავშირებით არაინფორმირებულობის გამო. მთავრობის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს რომ მეცნიერულად დასაბუთებული, სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ხალხს და აუხსნას ვაქცინის სიკეთის შესახებ. მაგრამ რას ვხედავთ? - მოსახლეობა იღებს პასუხს, რომ თქვენ ამ კითხვებზე პასუხი კი არ უნდა მიიღოთ, მიიღეთ ლატარიის ბილეთი. ეს არის საზოგადოების დაცინვა. საზოგადოების დაცინვაა, რომ ადამიანს, რომელიც თავის სიცოცხლეზე წუხს, ვეუბნებით, რომ პასუხები კი არ მიიღოთ თქვენს კითხვებზე, მიიღეთ ლატარიის ბილეთები. მაგრამ რა გვიკვირს? მთელი ერი ამ სიკვდილ-სიცოცხლის ლატარიაში ვართ ჩართული“,- განაცხადა ობოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებული ადამიანები ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან. როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო ლატარიის კომპანიასთან აქტიურად მუშაობს და სექტემბრის დასაწყისში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა