თენგიზ ცერცვაძე - მალე იგეგმება შემოტანა ყველაზე ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მონოკლონური ანტისხეულების, რომელიც ჯერ აშშ-ში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენება

ახლა ჩვენთან მალე იგეგმება ყველაზე ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მომავლის თერაპიის, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა, რომელიც ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოში მკურნალობის პროტოკოლის ცვლილება არ იგეგმება, რადგან გარდაცვლილთა რაოდენობის მატება არ უკავშირდება პროტოკოლში არსებულ ხარვეზებს ან ვირუსის მართვის ხარისხს. ცერცვაძის თქმით, გარდაცვალების რიცხვის მატება დაავადებულთა რიცხვის მატებას უკავშირდება.

„პროტოკოლის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, იმიტომ, რომ რამდენადაც ეს ვიღაცისთვის ნაკლებად დამაჯერებელი არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული გარდაცვალების რიცხვის გაზრდა მკურნალობისა და მართვის ხარისხთან და პროტოკოლში რაიმე ხარვეზის არსებობასთან. მე მსაყვედურობენ, რომ არ შეიძლება გარდაცვალებაზე სტატისტიკის ენით ლაპარაკიო, მაგრამ ამის გარეშეც არ შეიძლება. ჩვენ დღესაც კი, ასეთი მაღალი გარდაცვალების პირობებში, ძირითადი მაჩვენებლებით დადასტურებულ შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა გვაქვს 1,34%, ევროპის 32 ქვეყანაზე დაბალი და ამერიკის შეერთებულ შტატებზე დაბალი, ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 დაავადებულიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა ვერ ხერხდება. როცა საქართველოს რეგულაციების დაუცველობის პირობებში, ასეთი მაღალი ავადობის პირობებში, მაინც ნაკლები გარდაცვლილი გვყავს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს, მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანას უძლიერესი მედიცინით, იქ რატომ უნდა ვილაპარაკოთ პროტოკოლის შეცვლაზე? რაც შეეხება ოპტიმიზაციასა და ეტაპობრივ განახლებას, ამას ჩვენი პროტოკოლი მუდმივად განიცდის. ანალიტიკური გუნდი მუშაობს და თვალყურს ვადევნებთ ყველა სიახლეს, რაც ჩნდება მკურნალობაში მსოფლიოში, ზღვა მასალაა და იოლი არ არის გარკვევა ამ სიახლეებიდან რომელი არის მისაღები როგორც სამკურნალო შედეგით, ისე სამართლებრივად და ეთიკურად. ჩვენ არ დაგვიგვიანია რაიმე სიახლის დანერგვა და რაიმეს ოპტიმიზაცია, პირიქით რიგ შემთხვევაში მივდივართ წინსწრებით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთანავე, თენგიზ ცერცვაძემ კოვიდის მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში მაინც არ იქმნება განცდა, რომ მოსახლეობას კოვიდის ეშინია და იმ რისკების ეშინია, რასაც შეიცავს ხალხმრავალი შეკრებები და პირბადის ტარებაზე უარის თქმა.

„მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც სტუმრად მიდის და მონაწილეობს ღონისძიებებში, მათ მაინც ხომ უნდა გაიაზრონ, რამხელა რისკები იქმნება ქვეყნისთვის და პირადად მათთვის. 2 თვით, მაქსიმუმ სამი თვით თავი შევიკავოთ ამ ხალხმრავალი შეკრებებისგან. ვიმეორებ, რომ მოსახლეობის მეტ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ „ფეისბუქზე“ ქვეყნდება მოწოდებები, შეწუხებული ადამიანების გულშიჩამწვდომი განცხადებები, მთელს საზოგადოებაში მაინც არ იქმნება განცდა, რომ მოსახლეობას კოვიდის ეშინია და იმ რისკების ეშინია, რასაც შეიცავს ეს ხალხმრავალი შეკრებები და პირბადის ტარებაზე უარის თქმა“, -განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს