სულხან სალაძე - თუ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი ისევ შეიცვლება, ეს ცუდი, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება - კობახიძემ ველი მოსინჯა, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას

ირაკლი კობახიძის განცხადება განაცხადია, რომ მზად არიან კანონში არსებული ჩანაწერი შეცვალონ და იმ ნორმას დაუბრუნდნენ, რომელიც მხოლოდ მათთვისაა საშუალება, სხვა პოლიტიკური პარტიების გარეშე ცესკოს თავმჯდომარე იყოს არჩეული. თუ ეს პრაქტიკაში განხორციელდება, ცუდი, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, - ასე გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე სულხან სალაძე ირაკლი კობახიძის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახლახან მიღებული წესი შეიძლება შეიცვალოს.

როგორც სალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, კობახიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე ველი მოსინჯა, თუ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, ასევე საქართველოს პარტნიორებს.

„პირველ ეტაპზე ესაა ველის მოსინჯვა, თუ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, ასევე საქართველოს პარტნიორებს, ვინც ამ პროცესში მთელი ამ ხნის განმავლობაში მონაწილეობდა. მეორე მხარე, ზოგადი განაცხადია, რომ ნაკლებად საინტერესოა და მმართველი პარტიისთვის მაინცდამაინც სასურველი არ არის, ისეთი კანდიდატის ცესკოს თავმჯდომარედ არჩევა, რომელიც არჩეული იქნება კონსენსუსზე და არა ერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე. სინამდვილეში ჩვენ არსებული მოდელის მიხედვით მაღალი კვორუმი ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად იმიტომ კი არ გვჭირდება, რომ ცალკე აღებული 90, 100, ან 110 ხმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე 76 ხმით არჩეული. აქ საქმე იმაზეა, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვინ იქნება და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ კონსენსუსი, ისეთ კანდიდატზე, რომელიც ცალკე აღებული არ აფილირდება, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

ყველა რაღაცას თმობს იმისთვის, რომ არა ერთი რომელიმე პარტიისთვის მისაღები კანდიდატი იყოს ცესკოს თავმჯდომარე, არამედ ზოგადად მისაღები კანდიდატი იყოს. ეს განცხადება, რაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობდა პრინციპში ამ პროცესიდან გასვლას ნიშნავს და პირველი, ერთგვარი მოსინჯვაა ველის, რა რეაქცია იქნება, ხოლო მეორე მხრივ, განაცხადია, რომ ისინი მზად არიან კანონში არსებული ჩანაწერი შეცვალონ და იმ ნორმას დაუბრუნდნენ, რომელიც მხოლოდ მათთვისაა საშუალება სხვა პოლიტიკური პარტიების გარეშე ცესკოს თავმჯდომარე იყოს არჩეული. ვფიქრობ, ეს ცუდი, უკან გადადგმული ნაბიჯია, თუ ეს პრაქტიკაში განხორციელდება, მაგრამ იმისაც ძალიან კარგად ვხედავ, რომ ეს ის რეალობაა, რომელზეც სამწუხაროდ, მრავალი წელია წრეზე სიარული გვიწევს“, - განაცხადა სალაძემ.

შეგახსენებთ: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის ახლახან მიღებული წესი ისევ გადაიხედოს.

აღნიშნულ საკითხზე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა და უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებული, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი კვლავ შეიცვალოს იმის გათვალისწინებით, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებენ.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულმა წესმა პრაქტიკაში არ იმუშავა და იქვე აღნიშნა, რომ „როცა რაღაც ირაციონალურია, შესაბამის ნორმას გადახედვა სჭირდება“.

„ზოგადად, წესი ირაციონალურია და ეს ამ პროცესმაც აჩვენა. ასევე, ამ პროცესმა აჩვენა ისიც, რომ კონსენსუსის მიღწევის რესურსი ამ რადიკალურ ოპოზიციასთან რეალურად არ არსებობს.

რამდენად შეიძლება ოპოზიციასთან კონსენსუსის ვერ მიღწევა გახდეს საბაბი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალოს, მმართველი გუნდი საბაბებით არ მოქმედებს, მაგრამ მიზეზებით შეიძლება იმოქმედოს.

არ ვიცი, ყველაფერზე შეიძლება იმსჯელოს პარლამენტმა. თუ რაღაც ირაციონალურია, ბუნებრივია, შესაბამის ნორმას გადახედვა სჭირდება. ვნახოთ, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. დრო საკმაოდ ბევრია. ბუნებრივია საპარლამენტო ფორმატში შესაძლებელია ყველა ნორმასთან დაკავშირებით მსჯელობა“,- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა