ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2021

“კალაძე და გახარია თუ გაერთიანდებიან, ორპოლუსიან პოლიტიკურ ველს დაასრულებენ” - ზაქარეიშვილი

ზელენსკის ვაშინგტონიდან სოლიდური სამხედრო და პოლიტიკური დახმარება მიაქვს

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” სექტემბრის ნომრის N5 (279) მიმოხილვა

* * *

“კალაძე და გახარია თუ გაერთიანდებიან, ორპოლუსიან პოლიტიკურ ველს დაასრულებენ” - ზაქარეიშვილი

“რატომ შეხვდა კალაძე გახარიას? ამ შეხვედრის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება - კალაძე ადასტურებს გახარიასთან შეხვედრას, გახარია კი - არა. კობახიძეც ადასტურებს, მაგრამ სრულიად სხვა ვერსიას ჰყვება. “შეხვედრა იყო, რამდენიმეჯერ იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან”, - თქვა კახა კალაძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, გახარიას მხრიდან იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან ეს ინფორმაციაც უარყო და თქვა, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “კალაძე და გახარია თუ გაერთიანდებიან, ორპოლუსიან პოლიტიკურ ველს დაასრულებენ” - ზაქარეიშვილი.

“იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მე მგონი კეზერაშვილში ვეშლებით”, - აღნიშნა კობახიძემ. “ტყუილებს ყვება. მატყუარა ხალხზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ? ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების. ამ ხალხს, ორგანიზაცია ქართული ოცნების დღევანდელ ბოსებს, იმის ნახევარი მაინც რომ გაეკეთებინათ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ რვა წლის განმავლობაში, მათთან ბრძოლაში, რასაც დღეს აკეთებენ ჩვენს წინააღმდეგ, დღეს ჩვენი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი არ იქნებოდა და სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში”, - თქვა გახარიამ. “გიორგი გახარია კონკურენტებს - კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. ამის შესახებ გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია “ქართული ოცნება” სულ უფრო ემსგავსება “ნაციონალურ მოძრაობას” და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!” - წერს გახარია. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა კონსპირაციული შეხვედრები იქნება და რა თემებს განიხილავენ, ფულის თემა იქნება მათთვის მნიშვნელოვანი თუ სხვა თემები. მთავარია ის, რომ მათთვის ქვეყნის და ამომრჩევლის ინტერესები არ არის მნიშვნელოვანი”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, შეხვედრით მისთვის კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გიორგი გახარია და კალაძე ერთი გუნდის წევრები არიან. ხოლო “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ნორმალური პროცესია, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთს ხვდებიან”, - განაგრძობს გამოცემა.

“რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ გახარია შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფდა, თუმცა მის თანაპარტიელებს ამის დადასტურება მოუწიათ. “როგორც მას უყვარს თქმა - ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - ხშირად იყენებს ამ სიტყვებს და მართლაც, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე, ტყუილი არის დამაზიანებელი. პოლიტიკაში არ “მოსულა” ტყუილები და არ უნდა იკადრო ისეთი რამ, რისი დადასტურებაც შემდეგ შენი პარტიის წევრებს მოუწევთ. მოუწიათ იმის დადასტურება, რომ დიახ, ასეთი შეხვედრა იყო”, - განაცხადა ღუდუშაურმა. ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიას მერობის კანდიდატად დასახელებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა: “მე გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, ვინ სად დააყენებს თავის კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება”. მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ გაკეთდა განმარტებები, შეხვედრის თაობაზე ისაუბრეს კახა კალაძემ და პარტიის ხელმძღვანელებმა. “შანსები არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, კახი კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად. მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს, ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ გიორგი გახარია წააგებს, მაგრამ მას მეორე ტურში გადასვლის შანსი აქვს. ეს კი კარგია მისთვის, პარტიისთვის და ქვეყნისთვის, რადგანაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკის დასრულების შანსი იზრდება”, - დასძენს გამოცემა.

“არ ვიცი რატომ შეხვდნენ გახარია და კალაძე ერთმანეთს. უბრალოდ ერთი რეალობა ისაა, რომ ორივე კარგად ხვდება სამომავლოდ ერთმანეთი სჭირდებათ. გიორგი გახარიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ეს სჭირდება, როგორც მას, ასევე ქვეყანას და მის პარტიას. მართალია მეორე ტური იქნება და გახარია გამარჯვებას ვერ შეძლებს, რადგანაც კალაძე და გახარია თუ დარჩნენ, მაინც კალაძის შანსები უფრო დიდია. მიუხედავად ამისა, გახარიას პარტია და გუნდის წვერები წელში გამართულები იქნებიან და ეცოდინებათ 2024 წლის არჩევნებისთვის რა შანსები ექნებათ. მეორეც - ეს პოლიტიკოსისთვის საკუთარი რეიტინგის და შესაძლებლობების გასაზომად კარგი ინდიკატორი იქნება. საბოლოო ჯამში რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მგონია, რომ კალაძეს და გახარიას ერთმანეთი სჭირდებათ. ცალცალკე თუ ერთად, ორივეს ძალიან კარგი პლიტიკური კაპიტალი აქვს. ქვეყანაში ახლა ისინი არიან ყველაზე რეიტინგული ფიგურები. ამიტომ თუ ისინი გაერთიანდებიან 2024 წლისთვის ამ ორ პოლუსიან პოლიტიკურ ველს საერთოდ დაასრულებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

ზელენსკის ვაშინგტონიდან სოლიდური სამხედრო და პოლიტიკური დახმარება მიაქვს

“აშშ უკრაინაზე სერიოზულ ფსონს დადებს, ისევე, როგორც ევროკავშირი - უკრაინას ამერიკისგან გაეხსნა ტრანში 460 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებაზე, შეიარაღებული ძალების მოდენრიზაციის, საბრძოლო პოტენციალის ამაღლებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის” - ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა რეალურად შედეგიანი აღმოჩნდა. თეთრ სახლში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აშშ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მზადაა დავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის და “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-თან დაკავშირებული პრობლემაზე სამუშაოდ. შეხვედრა 1-ელ სექტემბერს გაიმართა, რის შემდეგაც მათ ბრიფინგი არ გაუმართავთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზელენსკის ვაშინგტონიდან სოლიდური სამხედრო და პოლიტიკური დახმარება მიაქვს - რას დაპირდა ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს.

“რუსეთის აგრესიამ, მათ შორის ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის დაპყრობამ, 14 000-ზე მეტი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა გლობალურ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს. შეერთებული შტატები არც ახლა და არც არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო ძალისხმევისთვის, მათ შორის ნორმანდიის ფორმატში, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის, საფუძველზე. 21-ე საუკუნეში ქვეყნებს საზღვრების ძალით შეცვლის უფლება არ უნდა ეძლეოდეთ. რუსეთმა დაარღვია ეს ძირითადი წესი უკრაინაში. სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები და აირჩიონ საკუთარი ალიანსები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი აგრესიისთვის პასუხი აგოს. ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდაათი წლის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის კავშირი იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენი საერთო ღირებულებები და ერთგულება ევროპისადმი, რომელიც არის სრული, თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი, წარმოადგენს საფუძველს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთო გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის, კლიმატის ცვლილებისა და კოვიდ-19-ის პანდემიის საკითხებზე”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეხვედრის შემდეგ რუსეთის მხრიდან უკრაინის მისამართით განცხადებები ტრადიციული რიტორიუკით გაჟღერდა, როგორც ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, „რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო მიახლოება რუსეთს აიძულებს, მიიღოს საპასუხო ზომები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”. პესკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ნატო-ში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს და უკრაინის ევროატლანტიკურ განწყობებზე ვაშინგტონში საკმარისად კარგად რეაგირებენ. ამბობს, რომ ზელენსკის ანტირუსული რიტორიკა ამტკიცებს, რომ უკრაინა-აშშ-ის მეგობრობის მთავარი ამოცანა არის, იყვნენ მეგობრები რუსეთის წინააღმდეგ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს ჩვენთვის პოტენციურად ძალიან სახიფათოა, რადგან ნატო ამგვარად გააგრძელებს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის შემოყვანას ჩვენს საზღვრებთან. ეს არის საკითხი, რომელიც გამოიწვევს გარკვეული სახის კონტრზომების გატარებას, რათა მოხდეს სიტუაციის ბალანსირება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების 100 პროცენტით უზრუნველყოფა”, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ზელენსკის ბაიდენთან პირდაპირი კომუნიკაცია ნაყოფიერი აღმოჩნდა, თავდაცვის სფეროს გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. თუმცა, გარკვეული სერიოზული შენიშვნაც მიიღო, რაც შეეხება რუსეთის განცხადებებს, მაიასიას თქმით, ეს “ყბადაღებული რიტორიკაა”, - დასძენს გამოცემა.

“ამერიკა უკრაინას 468 მილიონ დოლას გამოუყოფს, ეს თავდაცვის მიმართულების გაძლიერების მიზნით საკმაოდ სერიოზული თანხებია, თუმცა უკრაინამ ქვეყანაში კორუფციის ალაგვმასთან დაკავშირებით სერიოზული თითის დაქნევაც მიიღო. ასევე, დაფიქსირებული იყო, რომ ჯერჯერობით უკრაინა ნატოს სტანდარტებს ვერ ქაჩავს. თუმცაღა, ამერიკა შეპირდა, რომ მას სტრატეგიულ პაერტნიორად მიიჩნევს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის საქმეში დაეხმარება, მაგრამ დაფიქსირდა ის, რომ უკრაინამ საკმაოდ შრომატევადი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ღირსი ქვეყანაა. ბაიდენი-ზელენსკის შეხვედრისას ამერიკამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ უკრაინა სტრატეგიული პარტნიორია. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ იგივე დონეზე საქართველოც ყოფილიყო და პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონოდა, მუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ზელენსკისადმი არცთუ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, რომელიც პირადი შუღლის გამო იყო - ამის ფონზე ჩვენ გაცილებით მაღალი სასტარტო პოზიცია გვქონდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დღეს უკვე ამერიკა უკრაინაზე სერიოზულ ფსონს დადებს, ისევე, როგორც ევროკავშირი. უკრაინას ამერიკისგან გაეხსნა ტრანში 460 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებაზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, მისი საბრძოლო პოტენციალის ამაღლებას და ტექნიკურ უზრუნველყოფას მოხმარდება. მეორე მომენტი ისაა, რომ სავალუტო ფიონდის მიმართულებით გაეხსნება ტრანში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ამერიკელები უკრაინას დაეხმარებიან, რომ ამერიკელი მაღალი დონის კონსულტანტების ინსტიტუციური საკონსულტაციო პირდაპირი ჩართვა მოხდეს, რომ კორუფციას ებრძოლონ, რაც ქვეყნის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მესამე ისაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, ამერიკელების პირდაპირი ლობირება მოხდეს, რომ მათი დახმარებების გაწევა გაგრძელდეს, ასევე ევროკავშირთან ერთად საერთო პოზიციის დაფიქსირება უკრაინის ტერიორიული მთლიანობის კუთხით, რაც უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მეტი დახმარება რა უნდა იყოს. აშშ-სთან უკრაინის პირდაპირი კომუნიკაცია უკვე დამყარდა და არცთუ უშედეგოდ, შედეგიანი შეხვედრა იყო” - დაასკვნის მაისაია.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” სექტემბრის ნომრის N5 (279) მიმოხილვა

ავღანეთიდან ევაკუაცია ამერიკის დიდ გამოცდად იქცა / “მტკიცე სული 2021” / “მობილური იუსტიციის სახლი “დელტასგან” / სანაპირო დაცვა საზღვაო სწავლებებში / “გია ყარყარაშვილის წიგნი “ცეკვა სიკვდილთან” (ექსკლუზივი) / თამარ მეფის ორდენი / “ჰარვარდის პროექტის” ქართველი რესპონდენტები / “პირადად მე დავურეკე ჯარისკაცებს და დათხოვნიდან გამოვიძახე” / რას იგონებენ ქართველი სამხედროები დანაღმული მიწის მისიიდან / “მარად ჭაბუკი “ღიმილის ბიჭის” დაბრუნება” 29 წლის შემდეგ... / “სმიტ-ვესონი” სახლის დამცველებს დგუშიან თოფ-მონსტრს სთავაზობს

“არსენალის” ამ ნომრის გამოსვლისთვის, 1-ლი სექტემბრისთვის, უკვე ცნობილი იქნება, მოასწრეს თუ არა აშშ-მა და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა თავიანთი მოქალაქეებისა და იმ ავღანელთა ოჯახების ევაკუაცია, ვინც განვლილ ოც წელიწადს დასავლურ ძალებთან თანამშრომლობდნენ. ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის პერიოდში თალიბებთან დაწყებული მოლაპარაკებით ამერიკულ სამხედრო ძალებს ავღანეთი 2021 წლის 11 სექტემბრამდე, ანუ ტრაგიკულად ცნობილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მეოცე წლისთავამდე უნდა დაეტოვებინათ. ახალმა პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს თარიღი წინ გადმოსწია და დააჩქარა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა, მაგრამ სიჩქარეში ვერ გათვალეს, რომ ავღანეთიდან ასევე გამოსაყვანი იყო რამდენიმე ათასი აშშ-ის მოქალაქე სამოქალაქო პირი და 22 ათასამდე ის ავღანელი ოჯახებიანად, რომლებიც თარჯიმნებად ან სხვა სფეროში თანამშრომლობდნენ ამერიკელებთან და თალიბების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N5, სექტემბერი, 2021) სტატიაში, სათაურით ავღანეთიდან ევაკუაცია ამერიკის დიდ გამოცდად იქცა / გაუწევს თუ არა ღირსეულ წინააღმდეგობას გამარჯვებულ თალიბებს "ფანჯირის ლომის" შვილი?

“მცდარი ანალიზისა და დაგეგმვის გამო ქაბულის აეროპორტში ორკვირიანი საშინელი ქაოსი შეიქმნა, ავღანეთიდან გაქცევის მსურველნი არც აფრენილ თვითმფრინავებზე ჩამოკიდებაზე ამბობდნენ უარს და ციდან ცვიოდნენ... ეს იქცა ბაიდენის ხელისუფლების მკაცრ გამოცდად, რითაც მაშინვე ისარგებლა მისმა მთავარმა პოლიტიკურმა ოპონენტმა, ექსპრეზიდენტმა ტრამპმა, რომლის მომხრეები დღემდე თვლიან, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში სინამდვილეში ტრამპმა გაიმარჯვა და მას ამომრჩეველთა ხმები მოჰპარეს. ავღანეთიდან ევაკუაცია, ადრე თუ გვიან, დასრულდება, მაგრამ ნუთუ ამ 38 მლნ-იან ქვეყანაში არ აღმოჩნდება ძალა, რომელიც დაუპირისპირდება თალიბების ტრიუმფალურ დაბრუნებას. ასეთი ძალა შეიძლება ჩამოყალიბდეს ფანჯირის პროვინციაში, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. თალიბების დიდი სიხარული ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის უბრძოლველად აღების შემდეგ შეიძლება ნაადრევი აღმოჩნდეს, რადგან ლეგენდარული “ფანჯირის ლომის” სულმა “გაიღვიძა” და თალიბებს წინ სასტიკი ბრძოლები ელოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფანჯირის ლომი" აჰმად შაჰ მასუდს ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ომის დროს შეარქვეს, როდესაც ფანჯირის ხეობაში საბჭოთა არმიის ცხრა ფართომასშტაბიანი შეტევა მოიგერია. 1996 წელს, ავღანეთის თალიბების მიერ დაპყრობის შემდგომ, მასუდმა “ჩრდილოეთის ალიანსი” შექმნა და აქტიურად ებრძოდა თალიბების რეჟიმს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე ორი დღით ადრე თალიბებმა და, სავარაუდოდ, თავად უსამა ბინ ლადენმა, აჰმად შაჰ მასუდს ინტერვიუსთვის ჟურნალისტად და ოპერატორად გადაცმული ორი თვითმკვლელი ტერორისტი შეუგზავნეს, რომელთაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ვიდეოკამერაში ჰქონდათ ჩამონტაჟებული... ის, რომ მასუდის მკვლელობა თითქმის დაემთხვა 11 სექტემბრის ტერაქტებს, შემთხვევითი არ იყო, რადგან მაშინ თალიბების რეჟიმის რეალურ მოწინააღმდეგესა და საშიშროებას სწორედ მასუდი წარმოადგენდა... და, აი, ოცი წლის შემდეგ, როდესაც თალიბები ისევ იპყრობენ ავღანეთს, მათ წინააღმდეგ კვლავ აჰმად შაჰ მასუდი გამოდის, ოღონდ ლეგენდარული `ფანჯირის ლომის~ შვილი, რომელმაც ფანჯირის პროვინციაში უკვე დაიწყო თალიბებთან ომი და სამი დასახლებული პუნქტი თალიბებისგან გაათავისუფლა. საგულისხმოა, რომ მასუდი-შვილის გვერდით იმყოფება ავღანეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი, რომელიც პრეზიდენტ აშრაფ ღანის მსგავსად სამარცხვინოდ არ გაქცეულა ქვეყნიდან თალიბების ქაბულში შესვლის წინ...” - განაგრძობს გამოცემა.

“მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით საქართველომ მორიგ ყოველწლიურ საერთაშორისო სამხედრო სწავლება Aგილე შპირიტ 2021-ს (“მტკიცე სული 2021”) მეათედ უმასპინძლა. გასულ წელს სწავლება კორონავირუსის პანდემიის გამო არ შედგა. სიმბოლურია, რომ ღონისძიების დახურვის დღე, ფაქტობრივად, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მე-13 წელს დაემთხვა. Agile Spirit 2021-ში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 12 წევრი (აშშ, თურქეთი, ესპანეთი, რუმინეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, იტალია, გერმანია, კანადა) და 3 პარტნიორი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი) 2 500-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სწავლება ერთდროულად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ხუთ ლოკაციაზე (სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა, სორტა/ეკის საწვრთნელი ბანაკი, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონები, ვაზიანის სამხედრო აეროდრომები) მიმდინარეობდა. სწავლება კომპლექსური ტიპისა იყო და გაწერილი სცენარი, როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო მოქმედებებს ითვალისწინებდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “მტკიცე სული 2021”.

“მტკიცე სულის” მიზანი იყო საქართველოს, აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ თუ კონტრიბუტორ ქვეყნებს შორის სამხედრო საკითხებში თავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულობის გათვალისწინებით თავდაცვით-შემტევ ოპერაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა უზრუნველყოფა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. სწავლების დაწყებამდე სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადმოსროლაც Agile Spirit 2021-ის ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდა. მონაწილე სახელმწიფოებმა მცირე დროში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის, ამუნიციისა და საბრძოლო მასალების ტრანსპორტირება შეძლეს. რეალური საბრძოლო მოქმედებების დროს ჯარების სწრაფ გადაადგილებას შორ მანძილებზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, უკრაინელ საზღვაო ქვეითთა 88-ე ცალკეული ბატალიონის ერთ-ერთი დანაყოფი ფოთში სადესანტო ხომალდმა “იური ოლეფირენკომ” ჩამოიყვანა” - აღნიშნავს გამოცემა.

“სანამ სენაკის ბაზაში შერეული კონტინგენტი საშტაბო სწავლებას ატარებდა, ორფოლოს პოლიგონზე კი ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების ეკიპაჟები ცოდნას იღრმავებდნენ და მოწინააღმდეგის პირობით მიზნებს ანადგურებდნენ, 28 ივლისს ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სცენარის მიხედვით, საგუშაგოზე თავდასხმისას ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. საველე ჰოსპიტალში ის Didgori MedEvac-ით გადაიყვანეს. Agile Spirit 2021 პირველი სამხედრო სწავლებაა, სადაც საქართველოში წარმოებული და უკვე ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული “დიდგორის” ტიპის ჯავშანმანქანები მონაწილეობდნენ. სამედიცინო მოდიფიკაციასთან ერთად სწავლების სხვადასხვა ეტაპზე “დიდგორი-1” და “დიდგორი-2” იყვნენ ჩართული. 6 აგვისტოს Agile Spirit 2021-ის დახურვისადმი მიძღვნილ საჩვენებელ სწავლებაზე კოალიციურმა შენაერთმა მასირებულ იერიშზე გადმოსული მოწინააღმდეგის შეკავება-განადგურების დავალება შეასრულა...”, - განაგრძობს გამოცემა.

“დიდგორის” ოჯახის ჯავშანმანქანები, ნაღმსატყორცნები, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები - ეს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ “დელტას” სერიული პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, მაგრამ სამხედრო ნაკეთობების გარდა, რომლებითაც ქართული შეიარაღებული ძალებიც მარაგდებიან, “დელტა” სამოქალაქო მიმართულებითაც ნაყოფიერად მუშაობს. ყველაზე ცნობილი პროექტი სეტყვასაწინააღმდეგო სისტემაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში “დელტამ” სამოქალაქო სექტორზე გათვლილი ნაწარმის ჩამონათვალს არაერთი ახალი ნაწარმი შემატა, მათ შორის ავსტრიულ კომპანიასთან ერთობლივად შემუშავებული სახანძრო მანქანები და სხვადასხვა კერძო საფინანსო ორგანიზაციის დაკვეთით დამზადებული შეჯავშნული საინკასაციო ავტომობილები. ცენტრის შექმნილი ერთ-ერთი ბოლო სიახლე მობილური იუსტიციის სახლია”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “მობილური იუსტიციის სახლი “დელტასგან” / ახალი სერვისი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

“მრავალი წელია, რაც საქართველოს სხვადასხვა მსხვილ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში იუსტიციის სახლები ფუნქციონირებს, მაგრამ გასაგებ მიზეზთა გამო ყველა სოფელსა თუ დასახლებულ პუნქტში (განსაკუთრებით კი მთიან რაიონებში) ასეთი სერვისული ცენტრების მოწყობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც “დელტამ” განახორციელა. თანამედროვე Ford Transit-ის ტიპის მიკროავტობუსის ბაზაზე შექმნილი იუსტიციის სახლის მობილური ვარიანტი მოსახლეობას მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით “სტაციონარული ვარიანტის” ანალოგიურად გაუწევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შესაბამისად, ადმინისტრაციული ცენტრებიდან დაშორებულ რაიონებში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა საჭირო საბუთების ან ცნობების მიღებას, ფაქტობრივად სახლიდან გაუსვლელად შეძლებს. ავტომობილი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო კომპიუტერული და საოფისე ტექნიკით არის აღჭურვილი. თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების შესაქმნელად მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსს გაგრილება-კონდიცირების სისტემაც აქვს. მოცემული პროექტის ფარგლებში “დელტასთვის” დაკვეთილი მობილური იუსტიციის სახლის პირველი პარტია ხუთი ერთეულის ოდენობით სამინისტროს მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში გადაეცა”, - დასძენს გამოცემა.

“საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში აქტიურად თანამშრომლობს ნატოს წევრ ქვეყნებსა და უკრაინასთან. მრავალეროვნულ სწავლებაზე Sea Breeze 2021, რომელსაც ტრადიციულად უკრაინა მასპინძლობს, საქართველო მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი: შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები P-23 “ოჩამჩირე” და P-25 “დიოსკურია” სააბორდაჟო ჯგუფებით; ხერსონის რეგიონში საველე წვრთნებში ჩართული იყო საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ოცეულის დონის დანაყოფით, ხოლო სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი ოდესის პორტში მყვინთავების წვრთნებში მონაწილეობდა; ოდესაში Sea Breeze 2021-ის მრავალეროვნულ საზღვაო შტაბში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვად 3 და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის 2 ოფიცერი წარმოადგენდა. სწავლება დაიწყო 28 ივნისს და 10 ივლისს დასრულდა. მასში 32 ქვეყნის 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, 32 ხომალდი და გემი, 40 საფრენი აპარატი, სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული იყო ნატოს მუდმივმოქმედი მე-2 საზღვაო შენაერთი (SNMG2)”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით სანაპირო დაცვა საზღვაო სწავლებებში.

“სწავლებაზე დავამუშავეთ სხვადასხვა ამოცანა: ტაქტიკური მანევრები, ხომალდის სიცოცხლისუნარიანობისთვის ბრძოლა, ხომალდზე ასიმეტრიული თავდასხმის მოგერიება, ბორტს მიღმა გადავარდნილი ადამიანის გადარჩენა, სადესანტო ხომალდის ესკორტირება-დაცვა. ხომალდის საშტატო სტაციონარული შეიარაღებით საჰაერო და წყალზედა მიზნებზე სასწავლო სროლები შესრულდა. სწავლებაზე Island-ის სერიის ჩვენი და უკრაინული ხომალდები სწრაფმავალი ხომალდების ერთ ტაქტიკურ ჯგუფში შედიოდნენ, რაც საშუალებას გვაძლევდა ამ სერიის ხომალდების ოპერატიულ შესაძლებლობებსა და სპეციფიკაზე ცოდნა-გამოცდილება ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა. Sea Breeze 2021-ის დასრულების შემდგომ “ოჩამჩირემ” ბულგარეთში, ვარნასთან, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით ჩატარებულ სწავლებაში საქართველო წარადგინა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სადარაჯო ხომალდ “ოჩამჩირის” მეთაური, სასაზღვრო პოლიციის III რანგის კაპიტანი გიორგი სიორდია.

“აბორდაჟის ოპერაციები რთული შესასრულებელია, ამიტომ საჭიროა სწორი დაგეგმარება. განსაკუთრებით რთულია ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში ეჭვმიტანილ გემზე გადასვლა. მრავალეროვნულ ჯგუფში სააბორდაჟო ოპერაციის საერთო სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება მარტივი არ იყო. შესაბამისი პროცედურა რეალურ ვითარებასთან მიახლოებულ პირობებში ჩავატარეთ. საეჭვო გემზე ტაქტიკური კიბით ავედით, რა დროსაც უცხო პირებმა “შეიარაღებული” წინააღმდეგობა გაგვიწიეს. მთავარი სირთულე ბორტზე მყოფი მშვიდობიანი ადამიანების უსაფრთხოება იყო. მაღალი რისკის მიუხედავად, შევძელით მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შეიარაღებულ პირთა განეიტრალება. საქართველოს სანაპირო დაცვის ტაქტიკურმა ჯგუფმა სწავლებაში მონაწილეობით გაიუმჯობესა მრავალეროვნულ დანაყოფში მუშაობის უნარები, აითვისა ნატოს პროცედურები, ტერმინოლოგია და მართვის მოდელი...”, - ამბობს კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვეგანყოფილების უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის III რანგის კაპიტანი ირაკლი ცქიფურიშვილი.

“გია ყარყარაშვილის გაცნობა “არსენალის” ერთგულ მკითხველს, იმედია, არ სჭირდება. ის არის ადამიანი, რომელმაც ძალზე ახალგაზრდამ თავის თავზე გადაიტანა და აიღო პასუხისმგებლობა იმ ურთულესი სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, რაც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მომენტებში ხდებოდა, იქნებოდა ეს ცხინვალთან ბრძოლები თუ აფხაზეთის ომში გაგრის დაკარგვიდან სოხუმის დაცემამდე... “არსენალის” რედაქცია დიდ მადლობას უხდის ბატონ გიას, რომ ახალი წიგნის გამოქვეყნებამდე მისი წაკითხვისა და რეცენზირების საშუალება მოგვცა. დაუმალავად ვიტყვი, წიგნის “ცეკვა სიკვდილთან” პირველი ნაწილი სამ საათში წავიკითხე, რადგან თვალის მოცილება და ემოციების დამალვა შეუძლებელი გახლდათ - გენერალი ყარყარაშვილი პირველად ქართულ რეალობაში ღიად არქმევს თავის სახელს იმ ტრაგედიას, რაც ჩვენმა ქვეყანამ სამოქალაქო, ცხინვალისა და აფხაზეთის ომებში გამოიარა და ამასთან, არ ერიდება საკუთარი განცდებისა და შეცდომებისთვისაც ხაზის გასმას... თუკი სხვა სამხედრო-პოლიტიკური, ყოფილი და მოქმედი პირებიც ასე აღიარებენ თავიანთ შეცდომებს 1998 წლის გალის მოვლენებში, ცხინვალის 2004 და 2008 წლების ომებში, საქართველოს მომავლისთვის უკეთესი იქნება, რათა იგივე შეცდომები აღარ გაგვემეორებინა...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “გია ყარყარაშვილის “ცეკვა სიკვდილთან” - წიგნი, რომელშიც ქართველი გენერალი ჩვენი ომების საიდუმლოებებს ფარდას ახდის... (ექსკლუზივი).

“ეპიზოდი 13. 24 დეკემბრის საღამოს პირი იყო. სასტუმროს შესასვლელში, კართან, კიტოვანთან დაახლოებული პირები იყვნენ შეკრებილები და ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, თითქოს რაღაც საიდუმლოს ინახავდნენ და თვალები უზენაესის შენობისკენ ჰქონდათ მიპყრობილი. ცნობისმოყვარეობით ვიკითხე კიდეც, რას უყურებთ-მეთქი, თუმცა კითხვა უპასუხოდ დატოვეს. სულ მალე ჩიტაძის ქუჩით ამოსაცნობი ნიშნების გარეშე ორი ჯავშანტრანსპორტიორი დაეშვა და უზენაესი საბჭოს ჭიშკარი ელვისებურად შეანგრია. მსხვილკალიბრიანი ტყვიებით დასერეს შენობის ფანჯრები. გვერდიგვერდ მდგომნი ერთმანეთს განცვიფრებულნი ვეკითხებოდით, ვინ იყვნენ, საიდან მოვიდნენ? ქვის გული უნდა გქონოდა, რომ გაგხარებოდა, როცა გაიგებდი, რომ თავდამსხმელები რუსული “ლეტუჩიე მიშის” ბატალიონის ეკიპაჟი იყო. მართალი აღმოჩნდა პრეზიდენტი. იმ დღეს საკუთარი თვალით პირველად ვიხილე, რასაც გამსახურდია წინასწარმეტყველებდა, მაგრამ მისი არ გვჯეროდა. ჩვენ თვალწინ ამბოხებულ ქართველთა დასახმარებლად უზენაესი საბჭოს შენობას და შიგნით გამაგრებულ ქართველებს რუსულმა ბეტეერებმა დაუშინეს ტყვია. სიხარულის ნაცვლად მრცხვენოდა. უკვე მერამდენედ, მწარედ ვიკვნეტდი ტუჩებს იმედგაცრუებული, რადგან უკვე ცხადი გახდა, ვის თამაშს ვთამაშობდით”, - წერს ნაწყვეტს წიგნიდან სტატიის ავტორი.

“ეპიზოდი 15. დასავლეთიდან ლესელიძეში დესანტის გადასხმითა და გაგრის დაკავებით და აღმოსავლეთიდან ოჩამჩირისა და სოხუმის დაკავებით, ყოველი მხრიდან ალყაში და ერთმანეთისგან სრულიად მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ აფხაზური ქალაქები - გუდაუთა და ტყვარჩელი. რადიკალ სეპარატისტებსა და გამორჩეულ ქართველთმოძულეებს გასაქცევიც არ დარჩათ. დასაწყისიდანვე გაიყო ქართველებისა და აფხაზების გზები. აფხაზური ტელევიზია ოკუპანტი ქართველების წინააღმდეგ საშველად ჩრდილოკავკასიელებს იხმობდა და პარტიზანულ ომს აცხადებდა. იმ წუთიდან ქართველებისთვის ერთი შეხედვით სარკინიგზო მაგისტრალის დაცვის სამშვიდობო ოპერაცია აფხაზებისთვის სამამულო ომად იქცა, ხოლო ქართველებისთვის უმიზნო ომად, რომლის ბოლოც, როგორი შედეგით უნდა დასრულებულიყო, საერთოდ არ ჩანდა, რადგან უსაშველოდ რთულია ისეთ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, რომელსაც უკან დასახევი გზა, თუნდაც გასაქცევი, მოჭრილი აქვს და სხვა გზას არ უტოვებ, თუ არა სიკვდილთან მისასვლელს. ან სიკვდილი, ან გადარჩენა. ასეთი იყო ქართველთა უგუნური ნაბიჯების საპასუხოდ მათი მოწოდება...” , - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“1914 წელს ქალაქ ჟენევაში ჩამოყალიბდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (შემდგომში დამკომი), რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ბერლინში გადავიდა და კონტაქტი დაამყარა გერმანიისა და მისი მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის, ოსმალეთის ხელისუფლებასთან. ოსმალეთში ისტორიული ჭანეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქართული სამხედრო შენაერთი - ლეგიონი. 1916 წელს ქართული ლეგიონი ორი ათას კაცს ითვლიდა. სხვადასხვა დროს მისი ადგილსამყოფელი იყო: ტრაპიზონი, სამსუნი, გირესუნი... ლეგიონს ჰქონდა სამხედრო ლაზარეთი, სარეკრუტო პუნქტი და რეზიდენცია. მას სხვადასხვა დროს მეთაურობდნენ: ლეო კერესელიძე, ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი, ლეიტენანტი შედე, მურად-ბეი მაღალაშვილი, ინგურიძე და უფროსი ლეიტენანტი, გრაფი გალენი. ლეგიონი ექვემდებარებოდა ისტანბულში გერმანიის მთავარსარდლობის სამმართველოსთან მოქმედ “კავკასიის ოფიცერთა კავშირს”, რომელსაც შულენბურგი ხელმძღვანელობდა. ლეგიონს წვრთნიდა ლეიტენანტი ჰორსტ გუსტავ შლიფაკი. ლეგიონმა საბრძოლო ნათლობა 1914 წლის დეკემბერში არტაანისთვის ბრძოლაში მიიღო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით თამარ მეფის ორდენი / (პირველი ქართული ორდენის ისტორიიდან).

“1917 წლის აპრილში ოსმალეთის ხელისუფალთა დაჟინებული მოთხოვნით გერმანიის უმაღლესი სამხედრო პირები იძულებულნი გახდნენ დაეშალათ ქართული ლეგიონი. დამკომმა შეძლო ლეგიონის ერთი რაზმის შენარჩუნება, რომელიც 1917 წლის მაისში ოსმალეთიდან რუმინეთში გადაიყვანეს. ლეგიონერთა ამ ჯგუფს ბუქარესტთან მდებარე კოტროცენის ტყვეთა ბანაკის დაცვა დაევალა. დამკომს შემდეგშიც არ შეუწყვეტია ქართული ჯარის ჩამოყალიბების ცდა. საბოლოოდ ქართველ ლეგიონერთა ეს ნაწილი, ლეო კერესელიძის მეთაურობით, საქართველოში 1918 წლის ივლისში დაბრუნდა და ქართულ არმიას ცალკე შენაერთის სახით შეუერთდა. ლეგიონს სამხედრო ფორმასა და დროშასთან ერთად, ჰქონდა ჯილდოც, რომელიც 1916 წლის იანვარში დაწესდა გერმანიის გენშტაბისა და საქართველოს დამკომის შეთანხმებით. საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია დოკუმენტი ამ ჯილდოს მინიჭების წესის შესახებ. ორდენი ნახსენებია როგორც “ქართული ლეგიონის სამახსოვრო ნიშანი”. ეს იმით აიხსნება, რომ ორდენის თავდაპირველი სახელი იყო “ქართული ლეგიონის სამახსოვრო ნიშანი”, თუმცა არაოფიციალურად დაწესების დღიდანვე “თამარ მეფის ორდენად” მოიხსენიებდნენ. ცნობილია თამარის I, II და III ხარისხის ორდენები. სამივეზე რვაქიმიანი ვერცხლის ვარსკვლავის ცენტრში მოთავსებულია მედალიონი, რომლის ცისფერი ან ლურჯი მინანქრის ფონზეც გამოსახულია თამარ მეფის მოოქრული ვერცხლის რელიეფური პორტრეტი, რომელიც გადმოღებულია ბეთანიის მონასტერში გამოსახული თამარის ფრესკიდან. მედალიონის ირგვლივ ოქროთი მოვარაყებული ზედწერილია: “ქართული ლეგიონი 1915”, - აღნიშნავს გამოცემა.

“I ხარისხის ორდენის დიამეტრია 95 მმ, ცენტრის მედალიონის ზომა – 27 მმ. მედალიონს გარს აკრავს წვრილი ბრილიანტების ორი წყება. II ხარისხის ორდენის დიამეტრია 78 მმ. მის მედალიონს, რომელიც ჰგავს I ხარისხის ორდენისას, გარს აკრავს წვრილი ბრილიანტების მხოლოდ ერთი წყება. III ხარისხის ორდენის დიამეტრია 71-64 მმ. ის I და II ხარისხის ორდენებზე მომცროა, მისი მედალიონიც არაფრით განსხვავდება I და II ხარისხის ორდენთა მედალიონებისაგან, თუმცა არ აკრავს ბრილიანტების წყება და ვარსკვლავის სხივები გლუვი ვერცხლით აქვს დათრთვილული. III ხარისხის ორდენი მეტწილად მზადდებოდა ბრინჯაოსგან, ზოგჯერ ვერცხლისგანაც. ორდენს ჰქონდა შინდისფერი საორდენო ბაფთაც, თეთრი და შავი ვერტიკალური ზოლებით. ეს ჯილდო მსოფლიოს არაერთ სახელმწიფო თუ კერძო კოლექციას ამშვენებს. თამარის სამივე ხარისხის ორდენი დაცულია აშშ-ის ნუმიზმატიკური საზოგადოების კოლექციაში. მათგან I და II ხარისხის ორდენები დამზადებულია გერმანიაში, რასაც ადასტურებს მათ ზურგზე ამოტვიფრული წარწერა Bერლინ. თამარის ორდენების პირველი პარტია დაამზადეს ბერლინში მდებარე ფირმებმა: "პაულ კუსტმა" და "იოგენ გოდემ", მოგვიანებით კი "პაულ მეიბაუერმა" და სხვებმა. ჯილდოები შემდგომ პარიზსა და ბრიუსელშიც კეთდებოდა”... - განაგრძობს გამოცემა.

"ჰარვარდის პროექტის" ქართველი რესპონდენტებიდან განსაკუთრებულ ინტერესს ცნობილი ქართველი ემიგრანტის, მიხეილ ალშიბაიას 1951 წლის ინტერვიუ იმსახურებს, რომელიც 1941 წლიდან ზონდერფიურერის წოდებით მე-18 სატანკო დივიზიის თარჯიმნად მსახურობდა. უცნობი ინტერვიუერის წინასიტყვაობა მიხეილ ალშიბაიას პასუხებზე: "ამჟამად რესპონდენტი ქართული პოლიტიკური ჯგუფების მიერ არ მიიჩნევა სანდო წყაროდ. მას აქვს რეპუტაცია ადამიანის, რომელსაც ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგაც კავშირი ჰქონდა სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურთან". ცნობილი ქართველი ემიგრანტი, პროფესორი ვახტანგ ჯობაძე იხსენებს, რომ მას დაავალეს ბერლინში ქართველ-კავკასიელთა შტაბში მისვლა დაჭრილი ქართველი ტყვეების დასახმარებლად (სტილი დაცულია): "შტაბში მყოფ ქართველებს ავუხსენი ჩემი მისვლის მიზეზი. მითხრეს მიხეილ ალშიბაიას მოვახსენო. მის კაბინეტთან შევედი და მითხრეს გარეთ დამეცადა, რადგან ჰყავდა სამი სამხედრო და ერთი ქალბატონი. გარეთ გავედი მოსაცდელად. მის კაბინეტში ხალხი შედიოდა და გამოდიოდა, მაგრამ მე არავინ მეძახდა. საათნახევარი ცდის შემდეგ ისევ შევედი კაბინეტში - მიხეილ ალშიბაია იყო დაბალი, ღიპიანი, ამაყი, მელოდრამატული, ხელოვნური ჟესტიკულაციით, ხმარობდა მონოკლს...” - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით "ჰარვარდის პროექტის" ქართველი რესპონდენტები.

“მან მომმართა: რა გნებავთ? მე მოვუყევი ჩემი ბერლინში ჩასვლის მიზეზი და გადავეცი საბუთები დაჭრილ-დაავადებული ტყვეებისა, თანაც ენერგიულად დავძინე, რომ საჭიროა მათი სასწრაფო დახმარება. ეს უკმეხობა არ მოეწონა ალშიბაიას და დამიყვირა: ვინ მოგცათ უფლება აქ მოხვიდეთ და შეგვაწუხოთ საქმით, რაც ჩვენ არ გვეხება. მეც ხმამაღლა მივუგე, რომ სწორედ ეს არის თქვენი საქმე და უნდა გააკეთოთ. ალშიბაია ამას არ მოელოდა და დამიყვირა: გაეთრიეთ! წინ წამოვიდა, ხელი კარისკენ გაიშვირა და გაიმეორა: გაეთრიეთ! მე პასუხის მაგიერ ხელის ზურგით გავუქანე და სახეში გავარტყი. მას მონოკლი ჩამოუვარდა და უსიტყვოდ ხელები სახეზე მიიფარა... ფიზიკური ძალის ხმარებას ყოველთვის ვერიდებოდი, მაგრამ ცხვირაწეულ ავტოკრატს და წვრილფეხა ფეოდალს, ჟინის მიმდევარს, ქედმაღალს, რომელსაც, საუბრიდან შევატყვე, თავისი სამშობლო და მისი შვილების დახმარება მაინც და მაინც არ აინტერესებდა, გავუსწორდი. ჩემგან, როგორც ჩანს, უფრო ფეხქვეშ გაგებას ელოდა, ვიდრე ენერგიულ საუბარს. ჩემი უწესო, მაგრამ მართებული საქციელის შემდეგ, ის აღარ მინახავს. მაგრამ ალშიბაიას შესახებ ბევრი დაწერილა და ბევრი თქმულა სხვების მიერ"... ვერმახტის გენერალი შალვა მაღლაკელიძე ამგვარად იხსენებს მიხეილ ალშიბაიას: "როგორც ვარშავაში ჩვენმა ქართველებმა ამბავი დაგვახვედრეს, ფერაძის დაჭერაში თავი “უსახელებია” მიშა ალშიბაიას, რომელიც გესტაპოს რწმუნებული იყო ვარშავაში..." ვიქტორ ნოზაძე 1950-იანი წლების დასაწყისში წერს: "დაბეზღების შედეგად და გესტაპოს ულმობელობით ეს ჩვენთვის დიდი კაცი (იგულისხმება გრიგოლ ფერაძე – რედ.) დაიღუპა და მასთან ერთად მთელი ქონება უსამართლოდ დაღუპული ქართველი მეცნიერისა უკვალოდ გაქრა". ნოზაძე ასევე წერს, რომ გრიგოლ ფერაძის პირად ნივთებთან ერთად გესტაპოს აგენტებს წაუღიათ მისი ქართულ ენაზე დაწერილი დღიურიც, რომელსაც ექიმი გრიგოლ ალშიბაია (მიხეილ ალშობაიას მამა - რედ.) გესტაპოს დავალებით გადასათარგმნად "დაატარებდა", მაგრამ არ თარგმნიდა", - აღნიშნავს გამოცემა.

“ვარშავის ქართველების დაღუპვაში საინტერესოა ემიგრანტ შალვა ბერიშვილის მოგონებები: "ვარშავისთვის გაზის მიმწოდებელი ქარხნის ხელმძღვანელებიდან მარტო ჩემი ძმა ტიტე დარჩენილიყო და როცა გესტაპოს გაუგია, რომ ის არ იყო პოლონელი და ქართველი აღმოჩნდა, უკითხავთ მის შესახებ ფაშისტი და მათი დიდი ხნის აგენტის და უკვე მათი გესტაპოს თანამშრომლისთვის, ყოვლად დაკარგული ქართველისთვის. მას კი უთქვამს, რომ ტიტე ბერიშვილი თქვენი მოწინააღმდეგეა და საბჭოების თანამგრძნობი და ვერ ვიკისრებ მის შესახებ რაიმე შუამდგომლობასო... ასე მუხანათურად გაიმეტა იმ შეჩვენებულმა ის უბედური ჩემი ძმა, როცა კარგად იცოდა, თუ რა ბედი ელოდა მას. ეს საშინელი საქმე კი მან ჩაიდინა იმის გამო, რომ ჩემმა ძმამ არ შეირთო მისი ქალიშვილი. ან როგორ შეირთავდა, როცა იცოდა, თუ ვინ იყო მისი მამა და მთელი ოჯახი. ისე, რომ შეერთო, გადარჩებოდა... ჩემი ძმა გესტაპომ დააპატიმრა; იმას გარდა იმ ოხერ გესტაპოს აგენტს 11 ქართველის სია ჰქონია მიცემული გესტაპოსათვის, ვინც მას არ მოწონდა და ყველა ისინი დაუხვრეტიათ ჩემს ძმასთან ერთად. იმათში იყვნენ: ძველი სოცდემოკრატი ვასო ათარბეგაშვილი, სოცფედერალისტი, ფარმაცევტი ესე კეჭაყმაძე (ისინიც მან გამოაცხადა საბჭოების მომხრეებად და მათ მოწინააღმდეგედ), მღვდელი ფერაძე - ის კი პირდაპირ საბჭოთა ორგანოების აგენტად გაუსაღებია და სხვები ვინ იცის, რად...", - განაგრძობს გამოცემა.

“ჯიმი ინატაშვილი პატარა იყო, როცა მშობლიური აფხაზეთი დაატოვებინეს. 15 წლის შემდეგ თავადაც მოუხდა ომში წასვლა, ამჯერად, ცხინვალის რეგიონში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს 21 წლის ჯარისკაცი მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ქვეით ბატალიონში მსახურობდა... "გაგრაში ვცხოვრობდით. ექვსი წლის ვხდებოდი, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, მამაჩემი რუსეთში მუშაობდა. ქაოსმა მოიცვა ყველაფერი, ხან აფხაზური ოჯახები გვიცავდნენ, ხან ჩვენ ვიცავდით მათ. იმდენად ახლო ურთიერთობა გვქონდა, გაგრის დაკარგვისას ყველაფერი გააკეთა ჩვენმა მეზობელმა აფხაზმა და სამშვიდობოს ადლერის მხარეს გაგვიყვანა. გაგრის გამოსასვლელში სრულიად შემთხვევით შევხვდით მამაჩემს. დღემდე ვერ ვხვდები, რა სასწაული მოხდა, რომ ჩამოგვისწრო. ამ დროს ბიძაჩემი ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. ჩვენმა მეზობელმა აფხაზმა გვითხრა, იმას ისე არ გამოუშვებენ, ვინმეში თუ არ გადაცვალეთო და რომ გადმოვედით, თვითონაც გადმოგვყვა თითქოს “ტყვეობაში გვყავდა, ბიძაჩემზე გადავცვალეთ...” , - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით "პირადად მე დავურეკე ჯარისკაცებს და დათხოვნიდან გამოვიძახე".

“მახსოვს, მისი უფროსი გოგონები როგორ ზრუნავდნენ ჩემზე. როგორც პატარა ძმას, ისე მეპყრობოდნენ. ომის დაწყების შემდეგ ხშირად მტოვებდნენ მათთან სახლში - ქართველს რომ დაეკაკუნებინა, მე ქართულად უნდა მეპასუხა. თვალდახუჭული გვენდობოდნენ. ჩვენ შორის იმდენად დიდი სიყვარული იყო, არ არსებობდა დღესასწაული, ერთად არ აღგვენიშნა. სახლის გასაღებს ვუტოვებდით ხოლმე ერთმანეთს. ომის შემდეგ ერთმანეთი სოციალური ქსელით მოვძებნეთ და ახლა ურთიერთობა მიმოწერით გვაქვს. ყველანაირად ეცადნენ, ჩვენი სახლი დაეცვათ და სამოროდიოროდ არავინ შეეშვათ. დღემდე კბილებით იცავენ და თუ ვინმე შესვლას დააპირებს, ჩემიაო, ეუბნებიან. ჩვენს დაბრუნებას ელოდებიან, სახლი რომ ხელუხლებელი დაგვახვედრონ... 2007 წელს საკონტრაქტო სამსახურში ჩავირიცხე. გავიარეთ მომზადება ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. როდესაც ომი დაიწყო, ჯარისკაცები დათხოვნაში იყვნენ გაშვებული. 41-ე ბატალიონში ათეულის უფროსი ვიყავი. პირადად მე დავურეკე ჯარისკაცებს და დათხოვნიდან გამოვიძახე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სასწავლო განგაში იყო, რადგანაც ომის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. 8 აგვისტოს დილით პირადი შემადგენლობა სრული აღჭურვილობით "კრაზებზე" განვთავსდით. კიდევ არ გვჯეროდა, რომ კონფლიქტის ზონაში მივდიოდით. როდესაც იგოეთს გავცდით და შავებში ჩაცმული მოხუცები პირჯვარს გვსახავდნენ მივხვდით, სერიოზული რაღაც ხდებოდა. ტელეფონებიც კი არ გვქონდა თან, სამხედრო ნაწილში ჩავაბარეთ. გავიარეთ ავნევი, ზემო და ქვემო ნიქოზი და ცხინვალისკენ დავიწყეთ გადაადგილება. სამარისებური სიჩუმე იდგა. სოფლები დაცლილი იყო...” , - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯიმი ინატაშვილი.

“ჩვენი ასეულიდან ერთი ოცეული შეარჩიეს და ბატალიონის უფროსთან, შალვა დოლიძესა და მის მოადგილესთან, კობა სერგიასთან ერთად ცხინვალის შესასვლელში სკოლისკენ წავიდნენ. ამ დროს მათკენ რუსი სამშვიდობოები მოემართებოდნენ. იყო გაფრთხილება, მათთვის არ ესროლათ. მშვიდობიანად გაატარეს, ჩაიარეს თუ არა, შემობრუნდნენ და ჩვენს ოცეულს მასშტაბური ცეცხლი გაუხსნეს. ეს იყო სრული მოულოდნელობა, რის გამოც ბატალიონი სრულიად უმართავი გახდა, მით უფრო, რომ მეთაური და მისი მოადგილე დაიღუპნენ. ამას თან დაერთო დიდი საავიაციო იერიში. არ იყო მმართველობა, მხოლოდ ბატალიონის სერჟანტი ასეულის მეთაურებთან კოორდინაციას ცდილობდა. ყველანი ერთად ყველაფერს აკეთებდნენ, რომ პირადი შემადგენლობა შეენარჩუნებინათ. საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ამ დროს უფროსი ლეიტენანტი მაისაშვილი, რომელიც ახალი დანიშნული იყო ასეულის მეთაურად, მოგვმართავს: "მესმის, ბიჭებო, ყველანი ნერვიულობთ, დიდ შოკში ხართ, რადგანაც ბატალიონიდან უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. ეს წარმოუდგენელი სტრესია, თუმცა ვისაც წასვლა უნდა, გაიხადოს ფორმა და ისე წავიდეს. მე ფორმას არავის შევარცხვენინებ". ამ დროს არც ერთი ჯარისკაცი უკან ნაბიჯს არ დგამს და ყველანი ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ავღანეთში რამდენიმე მისიაგამოვლილი ქართველი სამხედროები ჟურნალ "არსენალთან" მსოფლიოს ერთ-ერთ სახიფათო ქვეყანაში გატარებულ დღეებს იხსენებენ. “ჰელმანდის პროვინციაში თალიბები პირდაპირ სამხედრო აგრესიაზეც მოდიოდნენ და კამიკაძეებსაც გზავნიდნენ. არის პერიოდი, როდესაც ძალზე აქტიურები არიან, და პირიქით, როცა შედარებით სიმშვიდეა. ყაყაჩოს მოსავლის აღების პერიოდში სროლას ერიდებიან, ამის დრო არა აქვთ, ცდილობენ მოწინააღმდეგემაც დააცადოს მუშაობა. მოსავლის აღებაში ქალი, ბავშვი, დიდიან-პატარიანად, ყველა მონაწილეობს. ვისაც დიდი ოჯახი არა ჰყავს, მუშახელს ქირაობს... მრავალჯერ აღმოვჩენილვართ სახიფათო ვითარებაში. ერთხელ ერთ აუღებელ სოფელში მოგვიწია შესვლამ, შამანი ერქვა, ქართველები იქ ჯერ ნამყოფი არ ვიყავით. ორი დანაყოფი ერთმანეთის მიყოლებით შევედით. გზა, რომლითაც მივდიოდით, მოწინააღმდეგემ შეისწავლა, თუმცა მათი ტაქტიკა გათვლილი გვქონდა და საპირისპირო მოქმედებაზე გადავედით - თალიბები ვიპოვეთ, ალყაში მოვაქციეთ და მათთვის მოულოდნელად შეტევაზე გადავედით. უეცარი შეტევის ეფექტმა გაჭრა და დამარცხდნენ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრის სერჟანტ-ინსპექტორი არჩილ სონიშვილი”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით რას იგონებენ ქართველი სამხედროები დანაღმული მიწის მისიიდან.

“პირველი მისიის დროს თითქმის ყოველდღე ბაზის გარეთ მიწევდა ყოფნა. ოთხი თვის შემდეგ ბაზის მეთაურად დავინიშნე და ისე ხშირად ვერ გავდიოდი გარეთ. ერთხელ ნაღმს ფეხი დავაბიჯე და მაშინ კი ნამდვილად გადავრჩი. 2013 წლის იანვარში შუკვანის სახელობის ბაზის ახლომდებარე სოფელ დუაბთან თალიბების თავდასხმა გახშირდა. საიდან ისროდნენ, ვერ ვპოულობდით, არადა, ზედიზედ სამ დღეს რუსულ ყუმბარსატყორცნს ინტენსიურად გვესროდნენ. მსროლელი სად იყო, ვერ მივაგენით, რადგან ძალიან დაბალი ხმა ჰქონდა, თან დასახლებაში უფრო რთულია. ამიტომ ასეთი ტაქტიკა შევიმუშავეთ - ჩემს ჯგუფთან ერთად სიმაღლეები დავიკავე, იმავდროულად, სოფელში პატრული მორიგეობდა და თუ ცეცხლს გაუხსნიდნენ, მათი პოვნა არ გაგვიჭირდებოდა. საბჭოთა კავშირის დროინდელ ტანკის სანგარში ჩემს 8-კაციან ჯგუფთან ერთად ვიყავი ჩასაფრებული. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ სანგრიდან გამოვედი და ბილიკს დავადექი, რომ მეორე მხარეს გადამეხედა, და სწორედ ამ დროს ავფეთქდი. წნევამ დაახლოებით 1,5 მეტრზე გადამაგდო. სისხლი არ მომდიოდა, მაგრამ ორივე ფეხი დაბუჟებული მქონდა და ვერ ვდგებოდი. მარჯვენა ფეხზე ბათინკის ძირი გამოგლეჯილი იყო. მალე მოვიდა დამხმარე ჯგუფი, ტერიტორია დაათვალიერეს და 8 კგ-მდე ასაფეთქებელი იპოვეს. საბედნიეროდ, მხოლოდ კაფსულა-ამყოლი აფეთქდა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბატალიონის მეთაური ნიკოლოზ ნადირაძე.

“დაახლოებით ორი თვის შემდეგ სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ჩვენს მხარეს იყო. ბავშვები გვხვდებოდნენ და გვაჩვენებდნენ, აქ ნაღმი დევს და არ გაიაროთო. ასეთ შემთხვევებში ამერიკულ მხარესთან ერთად ხშირად ვარიგებდით ჰუმანიტარულ დახმარებას, ვუწევდით სამედიცინო დახმარებასაც. თუმცა ასეთი დასახლებები ტერორისტების სამიზნეები ხდებოდნენ. `თალიბანი~ არავის ინდობს. შემდეგ ჯერზე ერთი წლის შემდეგ ჩავედი. მახსოვს ერთი შემთხვევა: ბაზაში ტერორისტი მოტოციკლზე ჩაბმულ მისაბმელზე დაწყობილი 150 კგ ტროტილით შემოგვივარდა, მაგრამ დაასწრეს და გაანეიტრალეს, თავის აფეთქებაც ვერ მოასწრო... მეორე მისიის დროს კამიკაძეები უფრო გახშირდნენ. ჩემს მისიაში გზის გაკონტროლება შედიოდა - ტერორისტები პიკაპებით დადიოდნენ და მანქანებით მიმავალ სამშვიდობოებს 10-12-კაციანი ჯგუფი გვესხმოდა თავს. ერთხელ პატრულის ორ მანქანას ორ მანქანაში გადანაწილებული 11 ტერორისტი დაგვესხა. საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ჰელმანდის პროვინცია, ასე თუ ისე, კონტროლდებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. არადა, მისიების დაწყებამდე იქ თალიბები დათარეშობდნენ, ნარკოტიკების ქარხნები, ყაყაჩოების მინდვრები ჰქონდათ. არ მიკვირს, რომ ახლა ასე მიყოლებით იღებენ თალიბები პროვინციებსა და ქალაქებს, რადგან ქვეყანას სუსტი არმია ჰყავს. ამხელა გამოცდილების მქონე ტერორისტულ ორგანიზაციას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს - თალიბებს სხვა გამოცდილება აქვთ, სისტემატურად ბრძოლაში არიან ჩაბმული, თან დაუნდობელი მეომრები არიან, არ უშინდებიან შიმშილს, უძილობას, სიკვდილს... მათი დამორჩილება ადვილი არაა”, - განაგრძობს ნიკოლოზ ნადირაძე.

“1992 წლის 2 ოქტომბერს სოხუმის აეროპორტიდან ბატალიონი "თეთრი არწივი" და "ორბი" გია ყარყარაშვილის მეთაურობით გაგრის დასახმარებლად გაფრინდნენ. ეს იყო რისკი, რომელიც შვეულმფრენში ასულ თითოეულ მებრძოლს გააზრებული ჰქონდა. მათ შორის იყო 21 წლის კოტე ანდრიაძე, რომელიც აფხაზეთში მეგობრების დასახმარებლად ჩავიდა. რუსების მუქარის მიუხედავად, შვეულმფრენი განთიადში ჩაფრინდა, მის მგზავრებს კი განსხვავებული ბედი ეწია - კოტე ანდრიაძე მხოლოდ ახლა, 29 წლის შემდეგ “დაბრუნდა”. თითქმის 30-წლიანი მცდელობის შემდეგ “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევით 1992 წლის 5 ოქტომბერს გაგრაში ბრძოლების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული ბატალიონ "ორბის" მებრძოლ კონსტანტინე ანდრიაძის ნეშტი ოჯახს დაუბრუნდა. ის 14 აგვისტოს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის ნეშტი გადმოასვენა. მათგან 2 სამხედრო, 3 კი მშვიდობიანი მოქალაქე იყო", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში, სათაურით მარად ჭაბუკი "ღიმილის ბიჭის" დაბრუნება 29 წლის შემდეგ.

“1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების, აგრეთვე 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმებით ამ დრომდე ნაპოვნია 589 ნეშტი, მათგან 211 იდენტიფიცირებულია. წლების წინ, სანამ სამხედრო ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სპეციალური კომისია შეიქმნებოდა, აქტიურად მუშაობდა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი “მოლოდინი”, რომელსაც კოტე ანდრიაძის დედა, ნინელი ანდრიაძე ხელმძღვანელობდა. ფონდის თანამშრომლები დაკარგული მეომრების მოსაძიებლად აფხაზეთშიც გადადიოდნენ და არაერთი ქართველი მეომრის ცხედარი ოჯახებს დაუბრუნეს... ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ თბილისში არსებობს პატარა მუზეუმი, იქ ნახავთ როგორც ქართველ, ისე აფხაზ უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების ფოტოებს, რომელთაც შვილმკვდარი დედა “შეცდენილ შვილებად” მიიჩნევს... “კოტე ბავშვობიდან მტკიცე და პრინციპული იყო. სიტყვას ყოველთვის ასრულებდა. არავის მოატყუებდა და მატყუარებიც სძულდა. სამშობლო, ყველაფერი ქართული ძალიან უყვარდა. ტრადიციების მიმდევარი იყო, ამიტომაც შევიდა “ტრადიციონალისტთა კავშირში”, დეპუტატადაც უნდა ეყარა კენჭი, მაგრამ როცა მეგობრებმა საბუთების მისატანად დაურეკეს, უპასუხა, აფხაზეთში მივდივარო. რაც უნდა მეთქვა, მაინც წავიდოდა, ვერ გადავაფიქრებინებდი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლევან აბაშიძის დაღუპვის ამბავი შეიტყო. ძალიან განიცადა და საბოლოოდ გადაწყვიტა ომში წასვლა”, - იხსენებს ფონდ “მოლოდინის” დამფუძნებელი ნინელი ანდრიაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“22 სექტემბერს სახლში მეგობრებთან ერთად მოვიდა. სამხედრო ფორმა ჩაიცვა, აფხაზეთში მივდივარ, ბიჭებს იარაღი უნდა ჩავუტანოთ, მაგრამ პირობას გაძლევ, ოთხშაბათისთვის აქ ვიქნებიო... ბოლოს გაგრიდან დამირეკა მამამისის დაბადების დღეზე, 1992 წლის 2 ოქტომბერს, გია ყარყარაშვილთან ერთად საქმეზე მივდივართ, მამას მიულოცე ჩემ მაგივრად, ბოდიში მოუხადე, რომ ახლოდან ვერ ვულოცავო. მას მერე ჩემი შვილის ხმა არ გამიგონია და იმ ხმის მოგონებას ინახავს ჩემი გული. 5 ოქტომბრის მერე აღარავის უნახავს. კოტიკოს 14 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა. 54 წლის გახდა. 16 ივლისს მითხრეს, რომ გაგრაში ჩემი კოტეს საფლავი უპოვიათ და ნეშტი იდენტიფიცირებულია. გინახავთ როგორ ქვავდება ადამიანი?.. არ მახსოვს, რა მითხრეს ან რა ვუპასუხე. 29 წელიწადს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და არც ერთი წამით არ დამიშვია, რომ კოტე ცოცხალი არ იყო. როგორც ცოცხალს, ისე ვეძებდი, ლოცვებში როგორც ცოცხალს ვიხსენიებდი. 29 წელიწადს ველოდე. ეს იყო მოლოდინის, ენით აუწერელი ტკივილის წლები, რომელსაც მხოლოდ ჩემნაირი დედა თუ გაიგებს! მისი რამდენიმე მეგობარი მინიშნებით კი ამბობდა და შემთხვევით მოვკარი ყური, რომ კოტე დაიღუპა, მაგრამ მაინც ვერ ვუშვებდი, რომ სიმართლე იყო. 4 წელი ისე ვიარე აფხაზეთში მოლაპარაკებაზე, რომ ერთ-ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი გაოცებული იყო, ერთხელ როგორ არ თქვი, რომ შენი შვილიც უგზო-უკვლოდ დაკარგული იყოო. განადგურებული ვარ, მაგრამ ის მაინც ვიცი, ახლა, სად იქნება ჩემი შვილი - გმირების გვერდით...”, - განაგრძობს ნინელი ანდრიაძე.

უძველესი ამერიკული საიარაღო კომპანია Smith&Wesson-ი მსოფლიოში შეიძლება უფრო თავისი მაღალი ხარისხის რევოლვერებითა და პისტოლეტებით იყოს ცნობილი, მაგრამ ჯერ კიდევ 1852 წელს დაარსებულმა "სმიტ-ვესონმა" იარაღის მოყვარულებს წელს ორიგინალური კონსტრუქციის თოფიც შესთავაზა, რომლითაც ახლო მანძილზე ყველაზე აგრესიული მომხდურების მოგერიებაც კი შეიძლება. "სმიტ-ვესონის" ახალი დგუშიანი გლუვლულიანი თოფი M&P12 ბულ-პაპის კონსტრუქციისაა და ორი ცილინდრის ფორმის მჭიდი 12 კალიბრის ლულის ქვეშაა დამონტაჟებული”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “საფანტის თოფი "ბულ-პაპით" / "სმიტ-ვესონი" სახლის დამცველებს დგუშიან თოფ-მონსტრს სთავაზობს.

“თითოეულ მოგრძო მჭიდში 7 ცალი 12 კალიბრის ვაზნა ჩადის. ერთი ვაზნის განთავსება უშუალოდ სავაზნეშიც შეიძლება. ასე რომ, მსროლელის განკარგულებაში 15 ვაზნაა, რაც არცთუ მცირე არსენალია კარგი "საცეცხლე ფარდის" შესაქმნელად იმ მიმართულებით, საიდანაც საფრთხე გემუქრება. გადატენა დგუშიანი თოფების ტრადიციული მეთოდით შეიძლება - ლულისქვეშა მექანიზმის უკან-წინ მოძრაობით, რომლის დროსაც ხდება გასროლილი ვაზნის ჰილზის ექსტრაქცია და ახალი ვაზნა სავაზნეში გადადის. ბულ-პაპის სქემის გამოყენებამ იარაღის კონსტრუქტორებს საშუალება მისცა 70 სმ საერთო სიგრძის თოფში 48 სმ სიგრძის ლულა განეთავსებინათ, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბუნებრივია, ორი მჭიდისა და 14 ვაზნის განთავსების სურვილმა თოფის მასაც გაზარდა და ამ მონაცემმა 3,75 კგ შეადგინა, რაც საგრძნობი იქნება იმ მსროლელებისთვის, ვინც მანამდე მხოლოდ ორლულიან თოფებს იყვნენ მიჩვეული. 12 კალიბრის ვაზნის მონაცემებიდან გამომდინარე, ამ ახალი დგუშიანი თოფით მსროლელი სნაიპერობას ვერ შეძლებს, მაგრამ ნადირობა ახლო მანძილზე და განსაკუთრებით კი სახლისა და ეზოს დაცვა მომხდურისგან (თუნდაც რამდენიმე იყოს) სავსებით შესაძლებელია. საგულისხმოა, რომ აშშ-ის იარაღის მაღაზიებში გასაყიდად რეკომენდებული ფასი "სმიტ-ვესონის" ახალი დიზაინის დგუშიანი თოფისთვის 1 165 დოლარია, რაც შეიძლება ჩვენთვის ძვირია, ამერიკელი იარაღის მოყვარული კოლექციონერისთვის კი სავსებით “დასაძლევი” თანხაა”, - დასძენს გამოცემა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ