GDI ფარულ ჩანაწერებზე - გავრცელებული ინფორმაცია მეტყველებს, რომ სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არც ერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების პირადი კომუნიკაციის, პირადი ცხოვრების უკანონო მიყურადების შესახებ სხვადასხვა არხის ეთერში გასული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლის და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე, - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს დემოკრატიული ინიციტივა“ (GDI) ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებული შიდა თუ საგარეო საფრთხეების მიუხედავად, სუს-ის ძირითადი რესურსი კვლავ კონკრეტული ჯგუფების პირადი ცხოვრების უკანონოდ მიყურადებასა და ტოტალური კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე იხარჯება.

როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციტივის“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობენ.

„დღეს, სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულმა ინფორმაციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების, ჟურნალისტების, მასწავლებლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სავარაუდო უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ, კიდევ უფრო გაამყარა საზოგადოებაში არსებული ეჭვები ქვეყანაში ადამიანის კერძო სფეროში უკანონოდ ჩარევის მძიმე პრაქტიკის არსებობის თაობაზე. გავრცელებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არც ერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული.

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი ადასტურებს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე დაადასტურა ასევე "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემაც, მისი თქმით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწერდა მის საუბრებს საუბრებს მამა ანდრია სარიასთან, მეუფე ნიკოლოზთან და მეუფე იაკობთან. სასულიერო პირთან კომუნიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორამციის სისწორე დაადასტურა პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც.

გავრცელებული ჩანაწერების შესახებ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმაც, მისი თქმით, "ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ასევე უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება." ფარული მიყურადების შესაძლო შემთხვევების დროული შესწავლისაკენ მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. თუმცა, სუსტი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების არ არსებობის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა რეალური დამნაშავეების იდენტიფიცირება და მათი ქმედების კანონის შესაბამისად დასჯა. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ჭარბი უფლებამოსილებით და მძლავრი ბერკეტებით, მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა ქვეყნაში. რასაც დამატებით ხელს უწყობს პარლამენტის მიერ სუს-ის ოპერატიულ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება.

არსებული შიდა თუ საგარეო საფრთხეების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი კვლავ კონკრეტული ჯგუფების პირადი ცხოვრების უკანონოდ მიყურადებასა და ტოტალური კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე იხარჯება, რაც მას მკაცრად პოლიტიზირებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად აქცევს, რომელიც კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანის უფლებების დარღვევის ინსტრუმენტად ჩამოყალიბებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თანმიმდევრული ნაბიჯებით ხელი შეუწყო ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებას და გაძლიერებას, რომელთათვისაც უცხოა ადამიანის უფლებების ცნება და შინაარსი. სისტემის გაჯანსაღების ერთადერთი გზა შესაბამისი პოლიტიკური ნებაა, რომლის არ არსებობის პირობებში ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის ფაქტები ხელისუფლების პირდაპირ განზრახვად უნდა განიხილებოდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა