სახელმწიფო მინისტრმა და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გახსნეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა სევერინ შაპაზმა თბილისში, თამარაშვილის ხეივანში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გახსნეს, რომელიც 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებას დაკარგულთა ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში ჩართული უწყებები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და პირველ რიგში ოჯახებისთვის, რომლებიც ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. თეა ახვლედიანის განცხადებით, თითოეული ოჯახისათვის მნიშვნელოვანია სიმბოლური/მემორიალური ადგილის ქონა, ასევე მათ პრობლემაზე ფართო საზოგადოების ინფორმირება და თანადგომა.

მემორიალის პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაფინანსებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი პატივისცემის გამოხატვასთან ერთად, საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა თბილისის მემორიალის გახსნას ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა აქვს; პირველ რიგში მათი ოჯახებისთვის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ზოგადად ამ პრობლემის თემასთან დაკავშირებით, ისევე როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით სახელმწიფოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის განხორციელების შედეგებზე. მინდა მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ასოციაცია „ნდობას“ ჩვენი უგზო-უკვლოდ დაკარგულ თანამოქალაქეთა ოჯახების ინიციატივის და სურვილის თანადგომისთვის და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა უკვდავყოფა ამ მემორიალით“ , - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა