დავით ბაქრაძე - "ქართულ ოცნებას" აწყობს, მეორე პოლუსად ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" სახით გამოსახოს - დაუჯერებელია, რომ გახარია "ნაციონალია"

მოსმენები პრობლემა იყო წინა ხელისუფლების დროს. პრეტენზია სამართლიანი იყო, რომ ადამიანებს უსმენდნენ. ნათქვამი მაქვს და მაშინ ბევრს ეწყინა ჩვენს ხელისუფლებაში, ეს არის შავი ლაქა ჩვენი ხელისუფლების, რომ ადამიანებს უკანონოდ უსმენდნენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" განაცხადა.

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას, რომელმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაწყებული "შავი ლაქა", დღეს "შავ უბედურებად" იქცა.

ბაქრაძის თქმითვე, მსგავსი მასშტაბის მოსმენა და მისი გავრცელება არასდროს მომხდარა:

"მოსმენები პრობლემა იყო წინა ხელისუფლების დროს. პრეტენზია სამართლიანი იყო, რომ ადამიანებს უსმენდნენ. ნათქვამი მაქვს და მაშინ ბევრს ეწყინა ჩვენს ხელისუფლებაში, ეს არის შავი ლაქა ჩვენი ხელისუფლების, რომ ადამიანებს უკანონოდ უსმენდნენ - მეთქი. ის, რაც შავი ლაქა იყო, დღეს შავი უბედურება გახდა. ასეთი მასშტაბის მოსმენა არასდროს ყოფილა”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვლის, რომ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ ორი ძალა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" არიან. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლარიზაცია და ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას "ნაციონალად" წარმოჩენა, რასაც, მისი თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, დაუჯერებელია.

"ორპოლუსიანობა და პოლარიზაცია ნამდვილად კავშირშია ერთმანეთთან. ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებას" აწყობს, რომ მეორე პოლუსად ყველაფერი გამოსახოს "ნაციონალური მოძრაობის" სახით და ურტყას მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას." იმავე სისხლიან ბანერზე მიახატეს გიორგი გახარია, ისიც "ნაციონალების" კონტექსტში. შეიძლება გახარია მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მე მაგალითად გახარია არ მომწონს, მაგრამ აბსოლუტურად წარმოუდგენელი და დაუჯერებელია ის, რომ გახარია "ნაციონალების" თამაშს თამაშობს და ის "ნაციონალია," ამის უბრალოდ არ მჯერა, რაც არ უნდა, არ მომწონდეს გახარია. "ქართული ოცნებისთვის" ეს შავ-თეთრი სურათი მომგებიანია, რომ ყველა იქით წაიყვანოს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას," ის არის ყველაზე ძლიერი პარტია, ასეთ პოლარიზაციაში ძლიერი პარტია იგებს იმით, რომ მის გარშემო ხდება მომხრეების კონცენტრაცია", - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე განცხადებით, იგი აპირებს პოლიტიკაში გააქტიურებას იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

"ახლა პაუზის პერიოდი მაქვს პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ ისევ გააქტიურებას და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რის გამოც ვფიქრობ პოლიტიკაში დარჩენას, მიმაჩნია ის, რომ ჩემი წილი შევიტანო სიტუაციის დეესკალაციაში და ეს პოლარიზაცია შემცირდეს, კატასტროფისკენ არ წავიდეთ, რადგან ეს კატასტროფა 90-იანებში ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. 90-იანებში ყველა ერთად დავიქეცით, მაშინდელი ხელისუფლებაც, მაშინდელი ოპოზიციაც და დანარჩენი საზოგადოებაც. ასე დავიქცევით ყველა ერთად დღესაც, თუ ეს არ შემცირდა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა