ანსამბლი „რუსთავი“ უკრაინაში საგასტროლოდ მიემგზავრება

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 2-31 ოქტომბერს უკრაინის ყველა დიდ ქალაქში კონცერტებს გამართავს. ქორეოგრაფიული დადგმა განახლებულია, რომლის პრემიერა უკრაინაში შედგება.

თავდაპირველად თბილისიდან უკრაინაში ანსამბლის მოცეკვავეები წავლენ, რომლებიც უკრაინის ანსამბლ „ვირსკისთან“ ერთად წარდგებიან მაყურებლის წინაშე.

ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ნატროშვილის ინფორმაციით, „რუსთავის“ და „ვირსკის“ ერთობლივ კონცერტებს უკრაინის მაყურებელი კარგად იცნობს.

„ერთობლივი კონცერტები ადრეც გაგვიმართავს. პირველ განყოფილებაში უკრაინელები ასრულებენ ცეკვებს. მეორე განყოფილება კი, ანსამბლ „რუსთავს“ ეკუთვნის. საფინალო ცეკვა, კი ერთობლივია და ერთგვარი „შეჯიბრია“, რაც ძალიან მოსწონს მაყურებელს“,- აცხადებს გიორგი ნატროშვილი.

მისივე თქმით, 25 ოქტომბრიდან ქართველ მოცეკვავეებსა და მუსიკოსებს მომღერლებიც შეუერთდებიან, რომლებიც მაყურებლის წინაშე ახალ პროექტს „ბალადა სიყვარულზე“ წარუდგენენ. უკრაინის გასტროლის ბოლო 5 დღე სწორედ ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტებს დაეთმობა.

საგულისხმოა ისიც, რომ უკრაინაში გაიმართება ცეკვა „აფხაზურის“ პრემიერა, სადაც ნომერს მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები ერთად ასრულებენ.

„ამ მუსიკალურ ნომერში მოცეკვავეები ფაქტიურად ჰაერში ტრიალებენ და ულამაზესი სანახავია. „ცეცხლს ანთებენ“ მომღერლებთან და მუსიკოსებთან ერთად. ამ ნომერში რამდენიმე სოლო პარტიაა, რომლებსაც სხვებთან ერთად ეთნიკურად აფხაზი მოცეკვავე ქალ-ვაჟი ასრულებს. ისინი ჩვენი ანსამბლის ღირსეული და ნიჭიერი პროფესიონალები არიან“ , - აცხადებენ ანსამბლ „რუსთავის“ წარმომადგენლები.

პირველი კონცერტი უკრაინის ქალაქ ხარკოვში 3 ოქტომბერს გაიმართება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს