ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით დასკვნას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საკითხზე გადაწყვეტილება პირადად ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით ცესკო-ს დასკვნას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საკითხზე გადაწყვეტილება პირადად კომისიის თავმჯდომარემ მიიღო.

როგორც სიორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მსგავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია ცესკო-ს თავმჯდომარეს აქვს და ე.წ. სისხლიანი ბანერების საკითხის განხილვაშიც ცესკო-ს წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხები, ისეთი, როგორიც არის ე.წ. სისხლიანი ბანერების საქმე, რაზეც შემოვიდა რამდენიმე საჩივარი, „სამართლიანი არჩევნებიდან“, „დროადან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“, თითოეული საჩივარი არის თავმჯდომარის კომპეტენცია. თუმცა ისე გავრცელდა მედიაში ინფორმაცია და ცესკო-ს განცხადება, რომ თითქოს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს განცხადება ასეთი აღქმის შესაძლებლობას იძლეოდა. სამწუხაროდ, საზოგადოებას შეიძლება დარჩეს აღქმა, რომ ამ საკითხზე კომისიამ, რომელშიც მეც შევდივარ, როგორც ოპოზიციონერი წევრი, თითქოს ჩვენ ვიმსჯელეთ. მართალია ის, რომ იურიდიული დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მოკვლევა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება. პირადად მე, არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას და არც მაქვს სურვილი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს აღქმა, რომ თითქოს მე რაიმე მონაწილეობა მქონდეს მიღებული დასკვნაში. მიმაჩნია, რომ ეს სხვაგვარად უნდა გადაწყვეტილიყო იმიტომ, რომ ეს სიძულვილის ბანერები ნამდვილად არის პოლიტიკური შინაარსის და ნამდვილად აზიანებდა წინასაარჩევნო გარემოს. ძალიან სამწუხაროა, რომ არჩევნები კარს მომდგარია და არანაირი ბერკეტი არ არსებობდა იმისთვის, რომ ჩვენ აღგვეკვეთა ეს ე.წ. სისხლიანი ბანერები, სიძულვილის ენის შემცველი“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მიზანმიმართული იყო „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ, სიორიძე პასუხობს: „ალბათ შეიძლება ასე დავაკვალიფიციროთ“.

ამასთან, სიორიძე აპირებს, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერების საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დააყენოს.

„ვფიქრობ, რომ ასეთი შინაარსის ბანერები, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად იყო კერძო პირის მიერ დაკვეთილი, რომელიც, მოკვლევის თანახმად, არ იყო არც „ქართული ოცნების“ შემომწირველი, არც პირდაპირ აფილირებული მმართველ პარტიასთან. ეს საკითხი დაკვალიფიცირდა ისე, თითქოს ის იყო უბრალოდ კერძო პირი და მასზე არ ვრცელდებოდა რეგულაციები, რომელიც შეიძლება არსებობდეს წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური-სამართლებრივი რეგულაციების თვალსაზრისით. თუმცა, ცხადია, რამდენად არალოგიკური იქნებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს გაეკეთებინა თავისი პარტიის წევრის ან თავისი შემომწირველის, ან უშუალოდ მასთან აფილირებული პირის მეშვეობით. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ გვახსოვს ასეთი ტიპის ბანერები 2018 წელსაც. იქ პირდაპირაა გამოსახული ის ადამიანები, რომლებიც მმართველი პოლიტიკური ძალის მთავარი ოპონენტები არიან. შესაბამისად, ეს არის სწორედაც რომ ერთი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ინტერესების საარჩევნო მიზნებისთვის - მე ასე დავაკვალიფიცირებდი. 2018 წელს საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსგავსი შინაარსის ბანერებთან დაკავშირებით, მაშინაც კერძო პირი იყო დამკვეთი, დააკვალიფიცირა, როგორც შემოწირულობა.

სამწუხაროდ, ცესკო-ს თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილება იმდაგვარად იქნა გამოყენებული და ისე იქნა ამ მოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილება მიღებული, რომ დაცლილი იყო პოლიტიკური კონტექსტიდან და თითქოს ეს იყო მხოლოდ სამართლებრივი საკითხი. სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაც არსებობდა, ამაში დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ე.წ. „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით მოკვლევა დასრულდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბანერების დამკვეთი პირის მიერ თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ცესკო-ს სპიკერის განმარტებით, აღნიშნული არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს, ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა