თამარ გაბუნია - აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია, სამედიცინო ინტერვენცია სავალდებულო ვერანაირი პირობით ვერ იქნება

აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია. სამედიცინო ინტერვენცია სავალდებულო ვერანაირი პირობით ვერ იქნება, თუმცა მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს ბიზნესგარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ განმარტა, საზოგადოებისთვის არჩევანის საშუალება კვლავ იქნება - გაიკეთებს აცრას, წარმოადგენს PCR ტესტის უარყოფით პასუხს გარკვეული პერიოდულობით, თუ კორონავირუსის გადატანის შესახებ დოკუმენტს.

„მინდა კარგად და გასაგებად ავხსნა, რას შეიძლება ნიშნავდეს გარკვეული მოთხოვნების დაყენება აცრის სავალდებულოდ ჩატარებასთან დაკავშირებით. ბიზნესგარემოში შეიძლება მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული, ასევე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ პირს ნამდვილად გადატანილი აქვს კორონავირუსი. ეს სამი პირობაა და აქედან რომელიმეს არჩევა არის მნიშვნელოვანი. ის, რომ ჩვენ ბიზნესგარემოში ეს მოთხოვნები შეიძლება დავაწესოთ, რაც თავის თავში მოიცავს არჩევანის უფლებას. ის, რომ ადამიანს თავად აქვს არჩევანის საშუალება სამედიცინო ინტერვენციის შესახებ, ეს არის ცალსახა და ფუნდამენტური უფლება, ამაზე ვერც ვიდავებთ. მეორე მხარეა, რა მოთხოვნებს დავაყენებთ ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე. კერძო სექტორი იქნება თუ სახელმწიფო უწყებებში გარკვეულ ეტაპზე დავაყენებთ იმ მოთხოვნას, რაც დღესაც კეთდება. დღეს მაგალითად, ჩვენს დაწესებულებაში არის თანამშრომლების ნაწილი ვაქცინირებული, ისინი იკეთებენ პერიოდულ სისტემურ ტესტირებას იმიტომ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და მაღალ რისკებს შეიცავს. ასევე, პენიტენციურ სისტემაში დაწესდა ძალიან კარგი და სამართლიანი მოთხოვნები, რაც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას, იქნება ეს PCR ტესტირება თუ ვაქცინაცია. ეს საკითხები ჯერ კიდევ არის განხილვის ფაზაში და აქ ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა