სახელმწიფო მინისტრმა  სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ინგრიდ ბროცკოვასთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სლოვაკეთის დელეგაციას მადლობა გადაუხადა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული, უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა, თავისუფალი გადაადგილების და მშბოლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესი და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას, განთავისუფლების საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორის რაიონში ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და მის მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა სლოვაკეთის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო ხედვების თაობაზე, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობასა და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და განიხილეს გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში საჭიროებებზე დაფუძნებული სამომავლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

თავის მხრივ, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი