გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენელთან  შეხვედრაზე  საუბარი შეეხო არჩევნების მეორე ტურს, რაც „ძალადობის გარეშე უნდა ჩატარდეს“

შეხვედრაზე საუბარი იყო არჩევნების მეორე ტურზე, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და ნორმალურ გარემოში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა, სადაც ამერიკის სენატისა და საელჩოს წარმომადგენლებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვდნენ.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენელთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. მისივე განმარტებით, საუბარი შეეხო თვითმმართველობის არჩევნებს, როგორ ჩატარდა და როგორ ჩატარდება მეორე ტური. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული მხარისთვის ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილური ვითარება და რაც იქნება მეორე ტურის არჩევნების შედეგები ყველამ მიიღოს.

„ჩვენ ვუთხარით, რომ მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში, ძალადობის გარეშე. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგთან დაკავშირებით არ გაჩნდეს კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნები, ვიდრე დღეს არის. გარდა ამისა, პირადად ვუთხარი, რომ „სტრატეგია აღმაშენებელის“ კომისიის წევრები ყველაფერს გააკეთებენ, იმისთვის რომ ყველა მოქალაქის ხმა იყოს დაცული. ზოგადად, მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არის პოლარიზება, უპერსპექტივობა, ეკონომიკური განუვითარებლობა, 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობა და ყველა ამ საკითხზე ვილაპარაკეთ, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე, სასამართლო რეფორმაზე, რომელიც აუცილებელია, რომ მძიმე პოლარიზებული გარემო დასრულდეს ამ ქვეყანაში“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

„იყო საუბარი, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გეტყვით, რომ ამ საკითხზე დეტალური საუბარი იყო. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ამ ქვეყანაში პოლარიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მე პირადად დავსვი ეს საკითხი. როცა ქვეყანაში არ გაქვს სასამართლო, რომელსაც აქვს ნდობა, მისი გამოტანილი განაჩენი, რა თქმა უნდა, ვერანაირ ნდობას ვერ იმსახურებს. ამიტომ, იმ ხალხსაც ვინც დღეს რუსთავში შეიკრიბა, თუ ვინც სხვაგან იკრიბება და სხვადასხვა აქციებში მონაწილეობს, აქეთ თუ იქეთ მხარეს, ჩვენ ვეუბნებით, რომ გვჭირდება შეთანხმება, შერიგება, ქვეყნის აღმშენებლობა და არა ერთმანეთის თავპირის მტვრევა, წარსულში მუდმივად ჩაციკვლა. ეს დიდი ნაბიჯი ყველამ ერთად უნდა გადავდგათ და ამაზე ჩვენ ამერიკელ კოლეგებთანაც გვქონდა საუბარი. გუწრფელად გეტყვით, რომ დეტალურად ნადვილად არ უსაუბრიათ (ამერიკულ მხარეს) სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ამ თემაზე მოისმინეს ჩვენი პოზიციები, უფრო მეტად საუბარი იყო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობიან და ნორმალურ გარემოში ჩატარდეს. ის, რომ არასამართლიანია საქართველში საარჩევნო გარემო ამაზე ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც თანხმდებიან“, - აცახდებს ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა