ანასტასია შატალოვას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ლატარიას ადვოკატის განცხადებით, დაკავებისას მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ლატარიას ადვოკატის გიორგი ლაღიძის განცხადებით, დაკავებისას მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადვოკატის თქმით, მკვლელობის დღეს ბექა ლატარია საბურთალოზე არ ყოფილა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საბურთალოზე არ იმყოფებოდა. როცა სამართალდამცავებმა ბექა ლატარიას სახლში გვიან ღამით მიაკითხეს, ფაქტობრივად კარი შეუმტვრიეს, 40-მდე პოლიციელი შევარდა, ბექა თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, მის მეუღლეს და ლატარიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს. მას ჩხრეკისა და დაკავების ოქმი არ გადასცემია, რაც კანონმდებლლობის უხეში დარღვევაა. ამის შემდეგ ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, რამდენიმე საათის განმავლობაში დაცვის უფლება შეზღუდული ჰქონდა, გვიმალავდნენ. ბექა ლატარიამ დამიდასტურა ფაქტი, რომ ის იყო ნაცემი, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აიძულებდნენ ეღიარებინა მკვლელობა, რომელიც მისი თქმით, საერთოდ არ ჩაუდენია. დღევანდელ სხდომაზე ლატარიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოვითხოვ",- განაცხადა ლაღიძემ.

კიდევ ერთი დაკავებულის ლევან რაჯავის ადვოკატის გელა ჩივაძის განცხადებით, დაკავებისას მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

ადვოკატის თქმით, რაჯავი სცემეს, ნეკნები დაუმტვრიეს, დასიებული აქვს ქვედა კიდურები და კისრის არეში ნაკაწრი ჭრილობა აქვს.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს. ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი. ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს